კუნძულებზე გამგზავრებამდე OK! დედაქალაქ ათენის ღირსშესანიშნაობებით ტკბება
საბერძნეთში ჩვენი საზაფხულო მოგზაურობა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება – ჯერ გარკვეულწილად ქალაქის კულტურას გავეცნოთ, შემდეგ კი ულამაზესი კუნძულის დასათვალიერებლად გავემართოთ. ჩვენი პირველი გაჩერება საბერძნეთის დედაქალაქი ათენი იყო. აქ სუფთა ჰაერზე ჩატარებული ისტორიის გაკვეთილები მოვისმინეთ, გარშემო კი მზისგან განათებული უძველესი ნანგრევები იყო, რომელიც კოსმოპოლიტური ქალაქის შედარებით მხატვრულ მხარეს საინტერესოდ ერწყმოდა, ჩვენ კი პარალელურად სხვადასხვა კოქტეილსაც ვაგემოვნებდით და ათენის ატმოსფეროთი ვიჟღინთებოდით. შემდეგ, ხმაურიანი და მტვრიანი ქალაქიდან გამოქცეული OK!-ის ჟურნალისტი ნენსი ბრაუნი მცირეხნიანი რეისით კრეტასკენ გაემართა, რომელიც საბერძნეთის კუნძულებს შორის ყველაზე დიდია. სწორედ ამ ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში გავჩერდით, სადაც ადგილობრივებმა საოცრად თბილად მიგვიღეს...
რისი გაკეთება შეიძლება ათენში?
ათენის დიდებული აკროპოლისის დათვალიერებას მთელი დილა დავუთმეთ. ეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც კლდოვანი ფერდობის წვერზე მდებარეობს და ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს. იმ შთამბეჭდავ ხედებს შორის, რომლებსაც ათენი გვთავაზობს, ეს უძველესი ციტადელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნით თარიღდება და რამდენიმე შენობის ნანგრევებს წარმოადგენს. მათ შორის ყველაზე ცნობილი პანთეონია – ყოფილი ტაძარი, რომელიც ქალღმერთ ათენას მიუძღვნეს. წლების განმავლობაში აქ უამრავი მნახველი ჩამოდის. მათ შორის ბევრ ცნობილ სახესაც შეხვდებით, მაგალითად – ამალ კლუნი, ჯენიფერ ლოპესი და კეტრინ ზეტა ჯონსი.
ამის შემდეგ Plaka-ს ქვაფენილიან ციცაბო ქუჩებზე გავისეირნეთ, სადაც სუვენირების მაღაზიები დავათვალიერეთ. მაცივრის მაგნიტი კი, რომელიც თეთრი მარმარილოსგან იყო დამზადებული და აკროპოლისი ჰქონდა გამოსახული, £1-ზე ნაკლებ ფასად ვიყიდეთ, შემდეგ კი Palea Agora-ს მოედანზე Karyatis ტავერნაში ტრადიციული ქათმის „გირო“ დავაგემოვნეთ.
ღირსშესანიშნაობებით დატკბობის შემდეგ, OK!-იმ ტაქსი დაიქირავა და Ekali-ს ფოთლოვან ჩრდილოეთ გარეუბნისკენ გავემართეთ, სადაც Life Gallery Athens-ში დავბინავდით. ეს 29-ნომრიანი ბუტიკ-სასტუმროა, სადაც თანამედროვე ატმოსფერო და ეკლექტიკური ნამუშევრების კოლექციაა. ჩვენს ლამაზ საძინებელ ოთახში იაპონური სტილის პატარა საწოლი და უზარმაზარი მინის დარაბებიანი აივანი გვქონდა, საიდანაც ულამაზესი სიმწვანე და მთები მოჩანდა. და მიუხედავად თავისი მცირე ზომისა, სასტუმრო შესანიშნავად იყო მოწყობილი – საკუთარი აუზი, სპა და ელეგანტური ბარ-რესტორანი Kool Life, რომელსაც საკუთარი ეზოც აქვს. იქ საუკეთესო ბერძნული სალათი მივირთვით, რაც კი ოდესმე გაგვისინჯავს.
გვიან ღამით, ალკოჰოლის მისაღებად, ქალაქში – The Clumsies-ში წავედით, რომელიც შეფასებულია როგორც მსოფლიოში მეცხრე ყველაზე საუკეთესო კოქტეილების ბარი, ხოლო როცა მათ ვრცელ მენიუს თვალი გადავავლეთ, მივხვდით, თუ რატომაც! ვისხედით მაგიდასთან, რომელიც დაკიდული სანათით იყო გაფორმებული და Symmetry-ს ვსვამდით – ეს ტკბილ-მჟავე ჯინის კოქტეილია ვანილის ნაღებითა და ვარდისფერი გრეიფრუტის წვენით.
სად შეიძლება დავბინავდე კრეტაზე?
50-წუთიანი ფრენისა და ერთსაათიანი თვალწარმტაცი სამანქანო მოგზაურობის შემდეგ, OK! ხუთვარსკვლავიან Minos Beach Art Hotel-ში დაბინავდა, რომელიც ულამაზეს სანავსადგურო ქალაქ Agios Nikolaos-სთან ახლოს მდებარეობს. კურორტის 129 ქათქათა ბუნგალო და ვილა, რომლებსაც მბრწყინავი Mirabello-ს ყურეს ხედი აშვენებს, სურნელოვანი ლანდშაფტური მიწებისა და სანაპირო ზოლის ირგვლივაა მიმოფანტული. საუზმობა სუფთა ჰაერზე, Bacchus-ში გვიყვარდა, სადაც ფერადი ბუგენვილიები და სურნელოვანი ვარდები რესტორნის ფანჯრების თეთრ თაღებზეა შემოხვეული, და საიდანაც აუზისა და ზღვის ხედები იშლება. La Bouillabaisse-ში ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ვივახშმეთ. ეს ადგილი ნამდვილი გურმანებისთვისაა, ხოლო ტრადიციული ბერძნული ღამე – მოცეკვავეებთან და გრილზე მომზადებულ უგემრიელეს კერძებთან ერთად – ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. ყოველივე ეს კი, სიმწვანეში ჩაფლულ რესტორან Terpsis Cretan-ში ხდება.
დღისით სტუმრებს სპასალონის აუზთან შეუძლიათ განტვირთვა, რომელიც სასტუმროს ორი საკუთარი პლაჟიდან ერთ-ერთზე მდებარეობს, ან პლატფორმებზე, რომლებიც ზღვის ნაპირზე არსებული ბუნგალოებიდან გამოდის და პირდაპირ ოკეანესთან მიჰყავხარ. აუცილებლად გამონახეთ დრო, რათა კურორტის ირგვლივ მიმოფანტული ნამუშევრები დაათვალიეროთ. აქ ზღვის ქვეშა ხმის ინსტალაციაც კი არის. ასევე წლის სპორტის ცენტრში წასვლაც შეგიძლიათ, სადაც ვინდსერფინგს, წყლის თხილამურებს, საიალქნო სპორტსა და დაივინგს გთავაზობენ.
„მსოფლიოს პატარა მდიდრული სასტუმროების“ (Small Luxury Hotels Of The World) წევრი Minos Beach, მის უდიდებულესობა პრინც ენდრიუს და უოლტ დისნეისაც კი მასპინძლობდა, რომლის შეტყობინებისა და ავტოგრაფის ნახვა ერთ-ერთ ადრეულ სტუმრების წიგნშია შესაძლებელი. წიგნი სასტუმროს მისაღებშია წარმოდგენილი.
რომელ ვარსკვლავებს შევხვდები?
ზაფხულის თვეებში საბერძნეთის კუნძულები ცნობილი სახეებითაა სავსე. მაშინ, როცა ზოგიერთი ვარსკვლავი, მაგალითად ბიონსე და ჯეი-ზი, სუპერიახტით ულამაზეს წყლებში დაცურავენ, სხვები უფრო ხანგრძლივ დასვენებას ამჯობინებენ. ლედი გაგა კრეტაზე კერძო ვერტმფრენით ჩამოფრინდა და ორკვირიანი დასვენება მოიწყო. მას ხშირად დაინახავთ სასტუმროს აუზთან მონებივრეს. ეს ულამაზესი კუნძული დიდი ხანია A-list-ის საყვარელი ადგილია. დასვენებისთვის და გაჯანსაღებისთვის აქაურობას ასევე ჯენიფერ ენისტონი, ირინა შეიკი, ლეონარდო დიკაპრიო და რიანაც სტუმრობენ.
რა უნდა გავაკეთო?
სასტუმროში Ananea Wellness Spa დაჯავშნეთ. OK! კრეტას მასაჟზე ჩაეწერა, რომელიც სპაცენტრის ერთ-ერთ იზოლირებულ და კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში ტარდებოდა, თუმცა სამკურნალო პროცედურებით დატკბობა ფანჩატურშიც შეგიძლიათ, რომელიც წყლის ნაპირზეა მოთავსებული. ჩვენი მასაჟისტი ადგილობრივ ზეითუნის ზეთს, ფორთოხლისა და „რაკის“ (ბერძნული ალკოჰოლი) ექსტრაქტს იყენებდა, შემდეგ კი ზუსტად ისეთი სუნი გვქონდა, როგორიც ხმელთაშუა ზღვის გარშემო ტრიალებს.
ნომერ მეორე მასაჟიც ასევე სამკურნალო პროცედურაა, თუმცა ყველაზე ინდივიდუალურადაა მორგებული. ჩვენ გვითხრეს, რომ ძირითადად ზურგისა და მხრების არეში გვჭირდებოდა განტვირთვა.
შემდეგ Agios Nikolaos-ისკენ (Ag Nik – ასე ეძახიან მოფერებით ბრიტანელები) გავემართეთ, რომელიც სასტუმროს სანაპიროდან ათი წუთის სავალზეა. OK! უმშვენიერს ნავსადგურში დასეირნობდა და მართლაც ქათქათა რელიგიურ სალოცავებზეც ავიდა, სუვენირების უამრავი მაღაზიაც დაათვალიერა და ცოტა ზეითუნის ზეთი და ფახლავაც იყიდა, შემდეგ კი სანაპიროზე მდებარე ტავერნაში სასადილოდ წავიდა. გარდა წყალზე მოტივტივე ტრადიციული ხის სათევზაო ნავების ხედებისა, Ntakos-ში სასადილოდ შესულებს კრეტის უამრავი ტრადიციული კერძიც დაგვხვდა. ისეთები, როგორებიცაა შემწვარი ყველი „საგანაკი“, შებოლილი ღორის ხორცი თაფლითა და სეზამის მარცვლებით, და ნელ ცეცხლზე მომზადებული ბატკნის ხორცი... ამ ყველაფერს კი კარგად ჩაციებული ბერძნული ლუდი Mythos-ი დავაყოლეთ.
Ag Nik-ის ნავსადგურიდან ნავით ექსკურსიაზე წასვლაც შეგიძლიათ, რომელიც Spinalonga-ზე ნახევარდღიან ტურს გულისხმობს. ახლა ეს უკაცრიელი კლდოვანი კუნძულია, რომელიც 1957 წლამდე კეთროვანთა კოლონიად მიიჩნეოდა. ეს ადგილი ასევე მოხსენიებულია ბრიტანელი ავტორის – ვიქტორია ჰისლოპის პოპულარულ წიგნში „კუნძული“. საშინელ და წყნარ ქალაქ-მოჩვენების შენობების ნანგრევებში დავიარებოდით, პატარა კუნძულის ეკლესიები და 400 წლის ციხესიმაგრეც დავათვალიერეთ; თან იმ კეთროვანთა ამბებს ვისმენდით, რომლებიც ოდესღაც კარანტინში იყვნენ მოთავსებულნი.
მოწოდებულია Nancy Brown-ის მიერ.
ფოტოები: Alamy, Backgrid UK, Shutterstock