იტალიის ეს მშვენიერი და მარადიული ქალაქი სწორედ ის ადგილია, სადაც ნებისმიერი სეზონის რომანტიკულად გატარება შეგიძლიათ
შევაბიჯოთ რომში – ეს იტალიის ვრცელი და კოსმოპოლიტური დედაქალაქია. ჩამოშლილ უძველეს ნანგრევებს შორის ხელიხელჩაკიდებულებმა ისეირნეთ, ტრადიციულ ტავერნებში ვახშმით ისიამოვნეთ და ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ინტიმურ ბუტიკ-სასტუმროებში ერთმანეთს ჩაეხუტეთ. OK!-ის ჟურნალისტ ნენსი ბრაუნს მარადიული ქალაქი უბრალოდ შეუყვარდა...
სად შეიძლება დავბინავდე?
მხოლოდ 17-ნომრიან უმშვენიერეს Palazzo Manfredi-ში იგრძნობთ თავს ისე, როგორც შინ – ეს მე-16 საუკუნის სასახლეა, რომელიც ზუსტად კოლიზეუმის გვერდით მდებარეობს. უძველესი რომაული ამფითეატრი ხუთვარსკვლავიან ბუტიკ-სასტუმროდან სულ რამდენიმე მეტრზე მდებარეობს, ხოლო ჩვენი, სრულიად თეთრი ლუქსი პირდაპირ ლუდუს მაგნუსის გლადიატორთა სკოლის ნანგრევებს გადაჰყურებს. სასტუმროში მარმარილოს ორიგინალური იატაკები, მდიდრული ფარდები და უზარმაზარი საშხაპეებია. აქ თანამედროვეობის ყველა ტენდენციაა გათვალისწინებული. გარდა იმისა, რომ იგი ზუსტად ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობის გვერდით მდებარეობს, ასევე მეტროს სადგურთანაც ახლოსაა. Palazzo Manfredi ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლადაც შესანიშნავი ადგილია, მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აქაურობა დასვენებისთვისაც მშვენიერი ყოფილა. სასტუმროს სახურავზე მდებარე ბარში შუშხუნა ბელინი გავსინჯეთ და თან ულამაზესი ხედებით დავტკბით, ხოლო შესანიშნავი მომსახურე პერსონალი ცდილობდა ჩვენთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა და სხვადასხვა ექსკურსიისა თუ რესტორნის შესახებ რეკომენდაციებსაც გვთავაზობდა.
რომელ ვარსკვლავებს შევხვდები?
რომის შარმით ცნობილი სახეების უამრავი წყვილი მოიხიბლა. ახლა უკვე ახალბედა მშობლებმა – რასელ ბრენდმა და ლაურა გალაჰერმა სწორედ აქ განაახლეს თავისი ურთიერთობა, ხოლო ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი, ჯულია რობერტსი და დენი მოდერი, მაიკლ ბუბლე და ლუსიანა ლოპილატო ქალაქის დათვალიერებით იყვნენ გართულნი. 2012 წელს ქეთ დილი და პატრიკ კილტი სწორედ რომში დაქორწინდნენ, ხოლო დერმოტ ო’ლირმა და დი კოპანგმა თაფლობისთვე მარადიულ ქალაქში გაატარეს.
რომელი ღირსშესანიშნაობები უნდა ვნახო?
რომს ნამდვილად მდიდარი ისტორია აქვს. მისი უძველესი საგანძურები ქალაქის თითქმის ნებისმიერ კუთხეშია მიმოფანტული. ქუსლიანი ფეხსაცმელები შინ დატოვეთ და მისი მოკირწყლული ქუჩები ფეხით შემოიარეთ. აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში პირველ ადგილს რა თქმა უნდა კოლიზეუმი იკავებს. ეს ყველაზე დიდი ამფითეატრია, რაც კი ოდესმე აშენებულა. მართალია მისი ისტორია საკმაოდ სისხლიანია, მაგრამ ამავდროულად საინტერესო და ამაღელვებელიცაა. როცა მის გარშემო დადიხარ, უფრო ადვილად წარმოიდგენ, რომ აქ 80 000 კაცი იკრიბებოდა და მათ სისხლიანი სანახაობა სწყუროდათ!
თუ ქალაქის ცენტრში მდებარე სიმშვიდის ოაზისების ნახვა გსურთ, Villa Borghese-ის ბაღების ირგვლივ გაისეირნეთ – ეს უმშვენიერესი და თვალწარმტაცი, 200 აკრი სიდიდის ტერიტორია მთელი ქალაქის ულამაზეს ხედებს გთავაზობთ. აქედან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე „ესპანური კიბეებია“, და ასე უფრო ქვემოთ ჩადიხართ, და არა ზემოთ! ეს 135 საფეხური დიდ ეკრანებზე უამრავჯერ ჩაუვლიათ – გააცოცხლეთ თქვენი ფანტაზია და წარმოიდგინეთ, რომ ოდრი ჰეპბერნი ხართ „რომაული არდადეგებიდან“ ან მეტ დეიმონი ფილმიდან „ნიჭიერი მისტერ რიპლი“.
არც Trevi Fountain გამოტოვოთ – მეომრების, ცხენებისა და ეტლების ქანდაკებებიანი მარმარილოს მდიდრული ქმნილება. ლეგენდის თანახმად, თუ შადრევანში მონეტას გადააგდებთ, რომში აუცილებლად დაბრუნდებით.
თუ დილის სხვა ქვეყანაში გატარება გსურთ, ვატიკანისკენ გაემართეთ. ეს რომში არსებული ქალაქი-სახელმწიფოა, რომელიც რომაული კათოლიკური ეკლესიის შტაბბინად მიიჩნევა. ეს გახლავთ სახლი პაპ ფრაცისკისა (ეცადეთ თქვენი ვიზიტი პაპის ერთ-ერთ გამოსვლას დაამთხვიოთ), წმინდა პეტრეს ბაზილიკისა და სიქსტინის კაპელასი, რომელიც მიქელანჯელოს მიერ მოხატული ჭერითაა ცნობილი.
სად შემიძლია საყიდლებზე წასვლა?
„ნიუ-იორკის ბანდების“ გადაღების პერიოდში, შესვენებებზე, კამერონ დიასი საყიდლებზე Piazza Pollarola-ს ირგვლივ დადიოდა. ვარსკვლავი Nuyorica-შიც იყო შემჩნეული, სადაც Chloe-ს საცურაო კოსტიუმები, Balenciaga-ს ჩანთები და Lara Bohinc-ის სამკაულები იყიდება. რაც შეეხება ოპრა უინფრის, ტელევარსკვლავი Via Condotti-ს დიზაინერული მაღაზიების ფანია.
„ესპანური კიბეების“ ქვემოთ მდებარე განათებული გზა და მოკირწყლული ქუჩები მყიდველებში ნამდვილ აღფრთოვანებას იწვევს. აქ არის Gucci, Prada, Tiffany & Co, Sephora და Michael Kors. თუ სავაჭრო ცენტრები უფრო გიზიდავთ, Galleria Alberto Sordi-ში შეიარეთ, რომელიც Trevi Fountain-თან ახლოს მდებარეობს. აქ ასევე Furla-ს, Coccinelle-ს, Calvin Klein Jeans-ის, Massimo Dutti-სა Pinko-საც იპოვით.
სად შემიძლია განტვირთვა?
ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, გორაკებზე, რომლებიც ქალაქს გადაჰყურებს, უმშვენიერესი და მშვიდი Rome Cavalieri Waldorf Astoria მდებარეობს. ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უამრავ ცნობილ სახეს მასპინძლობდა. მაგალითად, ჯულია რობერტსი, ჯორჯ კლუნი, ტომ ჰენქსი და ლეონარდო დიკაპრიო, რომლებსაც მშვიდად განმარტოება სურდათ. შეგიძლიათ ღია აუზზე ინებივროთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან Cavalieri Grand Spa-ში გაემართოთ, სადაც ყველაფერი მარმარილოთი და მოზაიკებითაა გაფორმებული. ჩვენ La Prairie Platinum Rare Facial-ზე ჩავეწერეთ, სადაც ორი თერაპევტი ერთად მუშაობს. სანამ ერთი მათგანი ნაოჭებს გისწორებთ, მეორე ხელებს, ტერფებს, ფეხებსა და მკლავებს გიმასაჟებთ, შემდეგ კი თბილ ნაჭერში გიხვევთ.
სად შეიძლება მივირთვა?
შაბათ-კვირის გემრიელი სადილით დასრულება Cavalieri-ში შეიძლება. მდიდრული, მრგვალი კიბით თეთრი მარმარილოს სასადილო ოთახში ჩახვალთ, რომელიც აუზის ლამაზ ხედებსა და „შვედური მაგიდის“ კერძების უამრავ ვარიანტს გთავაზობთ. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია: ახალი პასტა, იტალიური ყველის სახეობები, ლობსტერებითა და ხამანწკებით სავსე ზღვის პროდუქტების სექცია, შემწვარი ხორცის ნაჭრები და დესერტის ეპიკური განყოფილება.
მდინარე Tiber-ის დასავლეთ ნაპირზე Trastevere მდებარეობს. ეს გახლავთ მოკირწყლულ ქუჩებში მიმალული ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ტრატორი (ტავერნა). ტავერნა Trilussa-ს ძალიან გვიქებდნენ, ასევე მის რავიოლისაც, და იმედი ნამდვილად არცერთს არ გაუცრუებია.
არ გაგიკვირდეთ, თუ Palazzo Manfredi-ის რესტორან Aroma-ში ვახშმობისას ხელის თხოვნის მოწმენი გახდებით, მისი ზღაპრულად განათებული ტერასიდან კი მთვარით განათებული კოლიზეუმის ხედები იშლება. მენიუ მართლაც შესანიშნავია, ჩვენი ვახშმის ყველაზე გემრიელი კერძი კი თეთრი ტრიუფელების ფანდიუში მოთავსებული პასტა კაპელეტი და კამეჩის მოცარელა იყო.
თუ ახალი შემოგარენის დათვალიერება გსურთ, რომაული სამზარეულოს ოთხსაათიანი ტური შეუკვეთეთ, სადაც ჩვენი განსწავლული გიდი – ჯესი, Prati-ს ექსკურსიაზე წაგიყვანთ. Prati ვატიკანის ახლოს მდებარეობს, სადაც სხვადასხვანაირი დელიკატესები, რესტორნები და სანაყინეებია. პიცის მაღაზია Bonci ძალიან გვიყვარდა – ხრაშუნა პიცა მართლაც უგემრიელესია, ხოლო აქაურობის მეპატრონე ადგილობრივი ცნობილი სახეა.
მოწოდებულია Nancy Brow-ისა და Zoe Hill-ის მიერ. ფოტოები: Alamy, Getty Images.