ყველა ნივთი მისთვის ახალი ექსპერიმენტია. შესაბამისად ხატავს ყველაფერზე, რაზეც კი ეს შესაძლებელია. ფიქრობს, რომ ანალოგების კეთება მოსაბეზრებელია. ამზადებს სხვადასხვა აქსესუარებს, ხოლო ძველ ნივთებს სიცოცხლეს ჩუქნის. შთაგონების წყარო ძირითადად საზოგადოება და მისი ცალკეული წევრები არიან. ანა ბიჭაშვილი პროფესიით დაწყებითი განათლების სპეციალისტია. თუ რამდენს ნიშნავს მისთვის ხელნაკეთი ნივთები და მათი დამზადების პროცესი, ამაში თავად დარწმუნდებით.
"გარდა იმისა, რომ შემოსავლის წყაროა, ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მე სულ ვიქნები, "ისტორიას დავრჩები". მე ვიქნები თითოეულ ნივთში. მე ვარ მონაწილე თითოეული სიხარულის, ღიმილისა და დადებითი ემოციის. ხანდახან და უმეტესად დღესასწაულებზე ძალიან დიდი რაოდენობით მიწევს შეკვეთების აღება და დამზადება. ვაღიარებ, რომ ძალიან შრომატევადი და დამღლელია, თუმცა იმაზე ფიქრით, რომ ვიღაცა ვიღაცის გასახარებლად და გასაღიმებლად უკვეთავს, დიდი სტიმულია ჩემთვის და დაღლაც მეორეხარისხოვანი ხდება."
"სკოლის დამთავრების შემდეგ მოვიდა ეს იდეა, რომ შემექმნა Facebook გვერდი და გამეყიდა ჩემი ნამუშევრები, რადგან ნახევარ განაკვეთზე, სამწუხაროდ, სამსახურების ნაკლებობაა. ვამზადებ აქსესუარებს, როგორებიცაა: ყელსაბამი, საყურე, ბეჭედი,ვხატავ მაისურებზეზე, ჩანთებზე, საფულეებზეც. ახლახანს დავიწყე წელის ჩანთებზეც, რომელიც წელს საკმაოდ ტრენდულია. ასევე სამზარეულოს ნივთებზე: ჭიქებზე, დასაჭრელ დაფაზე. მოკლედ თითქმის ყველაფერზე, რაზეც დახატვა შეიძლება."
"დაწყებითი განათლების პედაგოგი ვარ, შესაბამისად სკოლაში მუშაობას ვაპირებ. ვერ ვიტყვი, რომ პატარაობიდან მასწავლებლობა მინდოდა, დროთა განმავლობაში რომ ვაკვირდებოდი ზოგადად მასწავლებელებსა და მოსწავლეების სურვილებს/პრეტენზიებს, მეც მომინდა წვლილი შემეტანა ამ საქმეში. ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა, თუმცა ვფიქრობ, რომ თავს გავართმევ."
ანას ახალი მაღაზიის ლოკაცია თითქმის შერჩეული აქვს. სავარაუდოდ, City Mall-ში შეძლებს მომხმარებელი მისი სტენდის ხილვას.