ნინი მამალაძე პროფესიით არქიტექტორია. იღებს შეკვეთებს და ქმნის პროექტებს, ასევე არქიტექტურული კანონმდებლობის კუთხით კონსულტაციას უწევს ობიექტებს. მისთვის ქალაქში ცხოვრება ძალიან ქაოსურია და ამიტომ განტვირთვის გზად პატარა რობოტების, სახელწოდებით იმანოების დამზადება გადაწყვიტა. ნამდვილი რობოტის დამზადებაზე ჯერ არ უფიქრია, თუმცა არც არის გამორიცხული სამომავლოდ ამ კუთხით რამე საინტერესო შექმნას. ნინის ასევე ძალიან დიდი სურვილია სხვადასხვა პროფესიების იმანოების შექმნა, ასევე ცხოველების. ფიქრობს, რომ ზოგჯერ ისინი ადამიანებზე საინტერესონი არიან.
"ერთ საღამოს პატარა ნათურებისგან, რომლებიც სულ პერსონაჟებს მაგონებდნენ, დავამზადე პირველი იმანოები და Facebook-ზე დავდე ფოტო, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ამის შემდეგ დავიწყე მათი კეთება. სახელი ჩემმა მეობარმა შემარჩევინა, მართალია სხვა რამისთვის, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კარგად მოერგო ჩემს პატარა რობოტუნებს."
"ხშირად დავდივარ მშრალ ხიდზე და ვყიდულობ "გამოუსადეგარ" ნივთებს. მასალა ძალიან მრავალფეროვანია, ვშლი ყველაფერს რაც კი მხვდება: ძველ ტელევიზორებს, საკერავ მანქანებს, მოტორებს, ვიყენებ ასევე ავტომობილების ნაწილებს, ყველაფერს თითქმის, მსგავსი ნივთებით ხანდახან მეგობრებიც და უბრალოდ ნაცნობებიც მასაჩუქრებენ."
"თუ მუზები არ არიან, არც იმანოები გამოდის, მაგრამ ძირითადი ინსპირაცია მაინც ხალხია. ბოლო რამდენიმე დიდი ზომის იმანოც სწორედ ასე დავამზადე. ახლა ვმუშაობ შედარებით დიდ რობოტებზე, რომლებიც საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა ახლა ზაფხულია და უფრო თავისუფალი ვარ."