მხატვარ-ილუსტრატორი, გრაფიკოსი, კედლის მხატვარი, სთრითარტისტი. ეს იმ პროფესიათა ჩამონათვალია, რომელსაც ეს ნიჭიერი ხელოვანი ფლობს. როგორც თავად ამბობს ვიზუალური ხელოვნების ბევრი ჟანრი გამოუცდია, რაც მას ძალიან ხიბლავს.
ახლაც წვიმიან ქუჩაში დგას და შუქნიშნის წითელ ფერს უყურებს. ფერს, რომელიც შეიძლება მოულოდნელად რომელიმე ნამუშევრის შთაგონება აღმოჩნდეს. სამყაროში ყველაფერი აინტერესებს: კომუნიკაცია, ადამიანები, ფერები, ემოცია, ვიზუალი, იდეა, ფრაზა, სიტყვა, მზერა, ბუნება..
"როგორც მივხვდი, ზოგადად საუბარი რომ არ მიყვარს, ამიტომ ვხატავ. იუმორი სულ თანმდევი პროცესია, რომელშიც ვიმყოფები. ხატვის დროს განსაკუთრებით, მიხარია, რომ შემიძლია იდეები გამოვხატო, ამით დავამყარო კომუნიკაცია სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან, გამოვიწვიო მათი ინდივიდუალური დამოკიდებულებები, რაც პროცესის ნაწილიცაა და აღიარებაც. ეს ერთადერთი რამაა რაც არასოდეს მწყინდება."
"ჩემთვის ყველა ნაბიჯი პირველია, როცა ახალს ეხები. და თუ სიახლეს არ ეძებ, რა არს აზრი მისი? (ხელოვნების). პირველი "სთეფები" ბავშვობას უკავშირდება, სრულიად შეუცნობელი და რაიმეზე გაუთვლელი, ზე'გულწრფელი და მომაჯადოვებელი მომენტები, ბუნებრივი ძებნა და აღმოჩენა საკუთარი თავის."
"ხელოვნება კომუნიკაციის უნივერსალური ფორმა/ინსტრუმენტია, ინფორმაციის და ემოციის გაცვლის საუკეთესო საშუალება, ადამიანის ინტელექტუალური თუ ფიზიკური რესურსის წარმოჩენის და განვითარების არსი. ასევე წინააღმდეგობის განცდა "სტანდარტული" სიტუაციების მიმართ, განსხვავებული კონდიციით ინსპირირება, საკუთარი თავის დაფიქსირება. თუნდაც დახატო ის, რასაც ხმამაღლა ვერასდროს იტყვი."
"არტი თავისუფალია!" - Gameza