როცა სადმე მივემგზავრებით, დაკვირვებით ვირჩევთ მარშრუტს. თუ გსურთ, რომ მოგზაურობა თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რომანტიულად დარჩეს, პლანეტის რამდენიმე განსაკუთრებულ ადგილს უნდა ეწვიოთ.
ლეანდერის კოშკი, სტამბული
სტამბულის აზიურ ნაწილში, ბოსფორის სრუტეში მდებარე კუნძულზე ძველი კონსტანტინეპოლის ერთ-ერთი სიმბოლოა აღმართული. ლეანდერის კოშკი, იგივე ქალწულის კოშკი, იმპერატორ კონსტანტინე დიდის პერიოდში აშენდა.
ამ საკულტო კოშკს ბევრი ნაწარმოები მიეძღვნა. მითი მოგვითხრობს: ძველ დროს, ახალგაზრდა ლეანდერს ქალღმერთ აფროდიტას მსახური შეუყვარდა ჰერო, რომელიც ქალწულის კოშკში ცხოვრობდა. ყოველ ღამით, მამაკაცი შეყვარებულთან იმ ლამპრის სინათლის მეშვეობით მიცურავდა, რომელსაც ჰერო უნთებდა. ერთხელ, ლამპარი ჩაქვრა და კოშკის ძიებაში დაბნეული ლეანდერი დაიხრჩო. დილას, ჰეროსთან ზღვამ მისი სხეული გამორიყა, ქალმა ამ ტრაგედიას ვერ გაუძლო და ბოსფორის სრუტეში გადახტა.
ჯულიეტას სახლი, ვერონა
იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი უკვე დიდი ხანია, ყველა შეყვარებული წყვლისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი გახდა. სწორედ აქ იპოვნით XIII საუკუნის სახლს, რომელშიც ლეგენდის თანახმად ჯულიეტა ცხოვრობდა. ამ ადგილს განსაკუთრებული პოპულარობა 30-იან წლებში გადაღებულმა ფილმმა მოუტანა.
აივანთან ჯულიეტას ქანდაკება დგას. არსებობს ტრადიცია: თუ შექსპირის გმირს წერილს მიწერ, ნამდვილი სიყვარული აუცილებლად იპოვნის თავის გზას. კიდევ ერთი პიკანტური ჩვეულებაა: ითვლება, რომ ბრინჯაოს ჯულიეტას მკერდზე შეხება ბედნიერების მომტანია.
ამტომაც, ვერონა არამარტო შეყვარებულების, არამედ მარტოსული ადამიანების ბედის გზამკვლავადაც ითვლება.
ქალთევზას ქანდაკება, კოპენჰაგენი
ვის არ ხიბლავს ის შთამბეჭდავი ისტორია გოგოზე, რომელიც შეყვარებულის შესახვედრად ყველაფრისთვის იყო მზად. რა თქმა უნდა ეს გოგონა ქალთევზაა. მისი ქანდაკება უკვე 100 წლის მანძილზე დანიის დედაქალაქის მთავარ სიმბოლოდ ითვლება.
ზღაპარი ნამდვილ ერთგულებაზე, რომელიც სიყვარულის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, დღემდე რომანტიული ქმედებების შთამაგონებელია. მშვენიერი პრინცის გამო, ქალთევზამ ფეხების სანაცვლოდ დაუფიქრებლად მისცა თავის თმა ჯადოქარს. თუნდაც რამდენიმე დღით, რომ ევლო დედამიწაზე და ჰქონოდა სიყვარულის ობიექტის მოხიბვლის შანსი.
სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ ახალგაზდა მამაკაცს სხვა უყვარდება. სიყვარული იმარჯვებს, თუმცა ამ ისტორიის დასასრული სევდიანია: გოგონა ზღვაში ხტება და ზღვის ქაფად იქცევა.
ტრაკაის კოშკი, ვილნიუსი
ვილნიუსთან ახლოს, ტბაზე ლიტველი მეფეების ყოფილი რეზიდენცია- ტრაკაია აღმართული. ეს ადგილი უამრავ ლექსებსა და პოემებშია აღწერილი, რადგან თავისი დიდებულებითა და სილამაზით ყველას ხიბლავს. სასახლე ლეგენდებითა და საიდუმლოებებითაა ცნობილი.
ამბობენ, რომ ტრაკაი თავიდან სულაც არ აშენებულა თავდაცვისთვის-ის ქალის სურვილით ააგეს. ტრაკაელი მეფის კიასტუტისას მეუღლეს არ მოსწონდა ძველი ტრაკაის სასახლე, რის შესახებაც არ ასვენებდა ქმარს. მეფემ XIV საუკუნეში კუნძულზე კოშკის აგება დაიწყო, რათა საყვარელი ცოლი გაეხარებინა.
სასახლის არეალში სეირნობა და ულამაზესი ფრესკების თვალიერება გულგრილს არავის ტოვებს.
კოცნის ხიდი, სანქტ-პეტერბურგი
ეს ხიდი ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ხიდია პეტერბურგში. ამ ადგილის გარშემო უამრავი ლეგენდა არსებობს.
XVIII საუკუნეში ის ერთმა ვაჭარმა ააგო, რომელსაც შორიახლოს ბარი ჰქონდა სახელად „კოცნა“. ხიდი ნელ-ნელა ქალაქის ყველაზე რომანტიულ ადგილად გადაიქცა. ამბობენ, რომ XVIII საუკუნეში ხიდი განშორების ადგილს წარმოადგენდა. ადამიანებს ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო ქალაქის დატოვება უხდებოდათ, საყვარელ ადამიანებს სწორედ აქ ემშვიდობებოდნენ. ასევე, ხიდი გვარდიის ფლოტის ეკიპაჟის მიმართულებით მდებარეობს, როცა მეზღვაურებს წლობით უხდებოდათ სახლის დატოვება, მათი მეგობრებიც აქ ემშვიდობებოდნენ ზღვაში გასვლამდე. კიდევ ერთი თქმულების მიხედვით, ხიდი საიდუმლო შეხვედრის ადგილი იყო შეყვარებულებისთვისაც, რომლებსაც თავიანთი გრძნობების დამალვა უწევდათ.
არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი ლეგენდაა ყველაზე რეალური, მთავარია ხედი, რომელიც ამ ხიდიდან იშლება-ეს საკმარისია ესტუმრო სანქტ-პეტერბურგს და გაიარო ამ ცნობილ ადგილას.