ბორჯომში, თბილისიდან 170 კილომეტრში მდებარე საკურორტო ქალაქში დაგხვდებათ ულამაზესი ბუნება, საოცარი ჰაერი და სასტუმრო, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერ ნახავთ. „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბორჯომის პარკთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. აქ არის რესტორანი, ღვინის ბარი, სატრენაჟორო და იოგას დარბაზები, სპა და შიდა აუზი.
ეს არის უმაღლეს სტანდარტზე მორგებული სასტუმრო, რომელიც ყველანაირ პირობას უქმნის დამსვენებელს სრული განტვირთვისთვის. მომსახურე პერსონალიდან დაწყებული, ინტერიერით დამთავრებული, ყოველ დეტალში იგრძნობა პროფესიონალიზმი და თითოეული სტუმრის ინტერესებზე ზრუნვა.
საახალწლო დღეებში და იანვრის უქმეებზე, უკეთესი ადგილი ძნელად თუ მოინახება. თუ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე ხართ, არც ამ დროს აქვს „ქრაუნ პლაზა ბორჯომს“ უკეთესი ალტერნატივა.
მუშაობა, დასვენება, დაცული ტყე-პარკი, ბორჯომის უნიკალური წყლები და საქართველოში საუკეთესო სპა – ეს ყველაფერი ერთად, ნამდვილად დაუჯერებელი რამაა, თუმცა რეალური. მათთვის, ვისთვისაც გამაჯანსაღებელი პროცედურები ნამდვილი სისუსტეა, „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ უალტერნატივოა. ულტრათანამედროვე აპარატურა, დახვეწილი ინტერიერი, სიმშვიდე, საუკეთესო სპეციალისტები. აქ სპეციალურად თქვენთვის შერჩეულ სპაპროცედურებს შემოგთავაზებენ, რომლებიც ზუსტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებსა და ჯანმრთელობას. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, პროფესიონალი თერაპევტები და მკურნალობის უძველესი მეთოდები თქვენი ორგანიზმის დასაბალანსებლად და გამოსაცოცხლებლად, უნიკალურ სინთეზს ქმნის. ყველაზე პრეტენზიული მომხმარებელიც კი აუცილებლად იპოვის იმას, რასაც ეძებს. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები ბორჯომის მინერალური უნიკალური წყლით ტარდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ეფექტურობას. ბორჯომის წყალი დიდი ხანია პირველი კლასის ბუნებრივ წყლად არის აღიარებული. წყალი შეიცავს ნატრიუმის ჰიდროკარბონატს, რომელიც გამაჯანსაღებლად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვან და სასუნთქ სისტემებზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, და აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი; წყალში არსებული ნახშირორჟანგი კი აუმჯობესებს სუნთქვას, ასუფთავებს ფილტვებს და არეგულირებს არტერიულ წნევას. ეს უნიკალური წყალი პირდაპირ სასტუმროს ეზოში მოედინება.
გოგირდოვანი წყლები ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამ აბაზანებს წარმატებით იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე დაავადების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც. ბორჯომის მინერალურ წყალს, მეცნიერთა აზრით, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში იყენებდნენ სამკურნალოდ. მათი მტკიცებით, წყალი მთელი ამ ხნის განმავლობაში უცვლელი რჩება თავისი შემადგენლობით.
ექსკლუზიურად „ქრაუნ პლაზა ბორჯომის“ სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრში, შეგიძლიათ თავის მოვლის პროცედურები საერთაშორისო კოსმეტიკურ ბრენდ [сomfort zone]-ის ნატურალური პროდუქციით ჩაიტაროთ. ბრენდი იტალიის ქალაქ პარმაში, 1996 წელს დაარსდა, როგორც Davines Group-ის კანის მოვლის ხაზი. კომპანიამ თავისი საქმიანობა, როგორც კვლევითმა ლაბორატორიამ და წარმოების ხაზმა, დაიწყო. მაღალი ხარისხის ფორმულებმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და [сomfort zone] საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი გახდა პროფესიული სპაკოსმეტიკისა და სხეულზე ზრუნვის კუთხით. [сomfort zone]-ის ფილოსოფია ეფუძნება ადამიანის გონებაზე, სხეულსა და სულზე ზრუნვას.
რამდენიმე პროცედურაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას:
ჰიდროკოლონოთერაპია − პროცედურა ახდენს მსხვილი ნაწლავის ირიგაციას ბორჯომის მინერალური წყლით, angel of water-სისტემით, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 29 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მხოლოდ ჩვენთან ტარდება ბორჯომის მინერალური წყლით.
მისი მოქმედება დაფუძნებულია გრავიტაციით გამოწვეულ თვითდინებაზე. ეს ნაზ ზემოქმედებას ახდენს მსხვილ ნაწლავზე, აუმჯობესებს პერისტალტიკას და ევაკუაციას. ბორჯომის მინერალურ წყალში შემავალი მიკროელემენტები ავსებს, ატენიანებს და ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის აღდგენას, რაც ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის სრულ დეტოქსიკაციაზე და თავისთავად ხელს უწყობს თითოეული ორგანოს ჯანსაღ ფუნქციონირებას.
სკენარ-თერაპია − თვითკონტროლირებადი, ადაპტირებული ელექტრო ნეირორეგულატორი. ეს არის ფიზიოთერაპიული პროცედურების თანამედროვე მიდგომა, სადაც აპარატი იღებს ინფორმაციას კანზე არსებული ნერვული დაბოლოებებიდან და სხეულში აგზავნის საჭირო იმპულსს, რომელიც ორგანიზმს უბიძგებს თვითგანკურნებისკენ. სკენარ-თერაპია ხსნის ტკივილს, შეშუპებას და ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ფლოტაციის აუზი – აქ 30 წუთით ყოფნა რვასაათიან სრულფასოვან
ძილს უდრის და ეს უკვე მეცნიერულად დამტკიცებულია. სპას ეს სიახლე „ქრაუნ პლაზა ბორჯომის“ სტუმრებისთვის კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობაა, დაისვენონ, სრულად განიტვირთონ და ახალი ენერგიით აღსავსე დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
„სრული სიმშვიდე“ – სტრესის მომხსნელი, სარელაქსაციო რიტუალია. პროცედურა ტარდება არომატული ორთქლით, რომელიც უზრუნველყოფს სახისა და ტანის ღრმა დატენიანებას, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ჟანგბადით გაჯერებას.
Rassul – უძველესი რიტუალია, რომელიც სითბოს, თბილი არომატული ორთქლისა და მინერალებით მდიდარი ლამინარიების გამოყენებით ტარდება. პროცედურა მოიცავს სხეულის სრულ ექსფოლიაციას, ბუნებრივი ტალახის ნიღაბს, დამამშვიდებელი სინათლის ფერებს და გამაჯანსაღებელ აბაზანას.
ჰიმალაის მარილის ოთახი – ჰიმალაის მარილი შეიცავს სისხლში შემავალ 84 ძირითად მინერალს, რომლებიც ორთქლის მეშვეობით აღწევენ კანსა და სასუნთქ გზებში. მინერალებით გაჯერებული ორთქლი ხელს უწყობს კანის აღდგენას და რელაქსაციას.
HydraFacial – კანის მოვლის ინოვაციური მეთოდია, რომელიც იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის და არ საჭიროებს რეაბილიტაციას. HydraFacial-ის გამოყენებით, კანის გამწმენდი, გამაახალგაზრდავებელი და დამატენიანებელი პროცედურების ჩატარება ძალიან კმაყოფილს დაგტოვებთ.
კლეოპატრას აბაზანა – კლეოპატრას სილამაზის ლეგენდა დღემდე აქტუალურია. მისი სახელობის აბაზანა ახალგაზრდობის ელექსირად მიიჩნევა. ჰიდროთერაპიული, ბორჯომის მინერალური წყლის აბაზანა კვებავს და ატენიანებს კანს, სძენს კუნთებს ტონუსს და ხსნის დაჭიმულობას. აბაზანა გამოირჩევა სასიამოვნო არომატით და სხეულს სრულ სიმშვიდეს ანიჭებს.
Ayurveda-ს პრინციპების გამოყენებით შექმნილი დამამშვიდებელი Herbal Ball-მასაჟი – რიტუალის დროს მასაჟი კეთდება ორთქლით და არომატული ზეთით გაჯერებული ტომრებით, რომლებშიც მოთავსებულია სამკურნალო ბალახები და სანელებლები, რაც ხელს უწყობს ლიმფის დრენირებას.
რიტუალი იწყება ფეხის პროცედურით, არომატული ორთქლით და ექსფოლიაციით, რაც აძლიერებს სისხლის ცირკულაციას. გრძელდება Dosha Vata, Pitta ან Kapha-მასაჟით. მასაჟის შემდეგ, სხეული ტალახის ან თიხის თბილი ნიღბით იფარება და იფუთება, კეთდება თავის ინდური მასაჟი და სახის Marma წერტილების სტიმულირება.
4 Senses Lounge სრული რელაქსაცია – არომატული სურნელი, ფერების ზემოქმედება და ბუნების მუსიკა ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ფუნჯების მასაჟი − ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას. იგი სწრაფად აღადგენს წყლის ბალანსს და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში.
Thai მასაჟი – სტრესის მოსახსნელი საშუალება. ენერგიის აღმდგენი თერაპია, რომელიც აკუპრესურას, ნაზ გაჭიმვასა და პასიური იოგას ელემენტებს აერთიანებს.
დაბოლოს, აპარატი, რომელიც მართლაც უნიკალურია – 15 წუთში თქვენ შეგიძლიათ გაირუჯოთ, ორსაათიანი სირბილის დროს დამწვარი კალორიების რაოდენობა დაწვათ და სხეული გაიმკვრივოთ. დიახ, ეს სულაც არაა ფანტასტიკა, მას Q-Med-ის სოლარიუმი ჰქვია და მოიცავს სამ სხვადასხვა პროცედურას: რუჯი, კოლაგენური ნათება − ააქტიურებს უჯრედშიდა კოლაგენს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას; ვიბრაციული დაფა, რომელიც მთელი პროცედურის მსვლელობისას ვიბრირებს და გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, რაც ხელს უწყობს პრობლემურ ადგილებზე ცელულიტის დაშლას.
გარდა ამისა, სპაში შეგიძლიათ ორთქლისა და მშრალი საუნით, სინათლის თერაპიის ოთახით და აუზით სარგებლობა.
რა თქმა უნდა, ერთ სტატიაში სრულად ვერ შევძლებდით ყველა პროცედურის მიმოხილვას და ისედაც, ასჯერ წაკითხულს ერთხელ გამოცდილი სჯობს. ვფიქრობთ, დაგარწმუნეთ, რომ 2 დღე მაინც აჩუქოთ საკუთარ თავს, გათავისუფლდეთ სტრესისგან და მყარი ნერვული სისტემით დაუბრუნდეთ ჩვეულ გრაფიკს.
ტექსტი: მაიკო წერეთელი