ჟურნალი OK! მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში, საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური და ულამაზესი ბუნების შესახებ გიყვებოდათ. წლის ბოლოს კი, დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგებისა და 2021 წლის გეგმების გასაცნობად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.
2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის მძიმე აღმოჩნდა, მათ შორის საქართველოსთვის, და განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. როგორ შეაფასებდით მიმდინარე წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მიმართებაში? რა შეძელით, მიუხედავად ამ სირთულეებისა?
გეთანხმებით, ძალიან რთული წელი იყო. პრაქტიკულად, ყველა, განსაკუთებით კი ტურიზმის სექტორისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. მიუხედავად ამ ძალიან მძიმე ვითარებისა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს არ შეუჩერებია მუშაობა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს. ჩვენ შევძელით გაგვეგრძელებინა სამუშაო პროცესი და განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას და პანდემიის შემდგომ პერიოდში ტურისტების ნაკადის ზრდას, ჩვენს მოსახლეობას კი, დამატებითი შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.
მთლიანად საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, წელს, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად − 122 374 ჰექტრით გაიზარდა და ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 12%-ს შეადგენს. 2020 წელს, 3 დაცული ტერიტორია შეიქმნა და ერთი გაფართოვდა. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი შედეგი, რომელიც 2020 წლის ანგარიშში ჩაიწერა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარების კუთხით მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა. ამ კუთხით რა სიახლეები შესთავაზეთ ვიზიტორებს მიმდინარე წელს?
დიახ, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მიმდინარე წელს, ჩვენ შევძელით და მოვაწყეთ რამდენიმე ახალი ეკოტურისტული ბილიკი. მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში, ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოგზაურობის მოყვარულებს საშუალებას მისცემს, იმოგზაურონ და აღმოაჩინონ უძველესი, ხელუხლებელი ბუნება პარკის ულამაზესი პანორამული ხედების ფონზე. ახალი წრიული ბილიკი მოეწყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ნაწილშიც, სადაც ჩამოსულ ვიზიტორს, გარდა განახლებულ აბასთუმანში დასვენებისა, საშუალება ექნება, იმოგზაუროს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და აღმოაჩინოს უნიკალური ბუნება.
საერთაშორისოდ ცნობილ და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, სათაფლიაში, ვიზიტორს საშუალება ექნება, 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნაკვალევის მონახულების გარდა, მარტივი საფეხმავლო ლაშქრობა მოიწყოს ულამაზეს ბუნებაში. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წელს, სათაფლიაში ჩვენ განვაახლეთ დინოზავრების პარკი, მოვაწყვეთ საბავშვო მოედნები, განვაახლეთ არსებული ბილიკები და შევქმენით კიდევ ერთი ახალი; კლდეებზე განვახორციელეთ ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები.
აჯამეთის აღკვეთილში პირველი ეკოტურისტული ბილიკი მზადდება, რომელიც ასევე წლის ნებისმიერ დროს მიიღებს ვიზიტორებს. ეკოტურისტული ბილიკი მოვაწყვეთ ასევე ალგეთის ეროვნულ პარკში, რომელიც გამოირჩევა თავისი სილამაზითა და უნიკალური ბუნების ძეგლებით.
პროექტის „USAID ზრდა“ მხარდაჭერით, მოვაწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიას უბანზე, რომელიც ანაკლიადან სულ რაღაც 7 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მანგლისში, რომელიც საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია დამსვენებლებისთვის და თბილისიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს, დავასრულეთ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას. წალკის (ყოფილი დაშბაშის) კანიონზე კი, შეუფერხებლად მიმდინარეობს გრანდიოზული ეკოტურისტული სივრცის მოწყობის პროცესი.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და მომდევნო წელს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს შესთავაზებს ვიზიტორებს.
როგორ აისახება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
დასრულებული და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში, უმნიშვნელოვანესია მათი წვლილი. სააგენტოს საგრანტო პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია და 54 მილიონ ლარს აღწევს. თქვენი ჟურნალის საშუალებით, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ.
ფინანსური მხარდაჭერის გარდა, საერთაშორისო მხარდაჭერა გულისხმობს საუკეთესო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დანერგვას.
დონორი ორგანიზაციების გვერდით დგომით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ შევძელით, რომ დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს სტუმრობისას ხვდებათ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრი, მარკირებული ბილიკები, სერვისები და ა.შ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), შვედეთის მთავრობის, ევროკავშირის (EU), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF), მსოფლიო ბანკის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერა.
ეკოტურიზმის განვითარების გარდა, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნების მიმართულებით. როგორი იყო მიმდინარე წელი ამ თვალსაზრისით?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პირველადი და უმნიშვნელოვანესი დანიშნულებაა უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა, შენარჩუნება და მონიტორინგი. სწორედ საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნება ხდის თითოეულ დაცულ ტერიტორიას მიმზიდველს და განსაკუთრებულს. ამ კუთხით 2020 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო სააგენტოსთვის. წარმატებით ვახორციელებთ ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ბუნების მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით. მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და 2020 წლის მდგომარეობით, 150 ინდივიდს შეადგენს.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის მიერ ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ფინანსური მხარდაჭერით, წარმატებით დავნერგეთ აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტელემეტრიული მონიტორინგი, აჯამეთის აღკვეთილში კი, დაახლოებით, 56 ჰა ფართობზე, წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის − იმერული მუხის აღდგენის პროექტი.
2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეუჩერებია საჯარო შეხვედრები და განხილვები, სამეცნიერო კვლევები, ლექცია-სემინარები. რეინჯერები 24 საათის განმავლობაში განაგრძობენ თავდაუზოგავ შრომას იმისთვის, რომ აღმოფხვრან ბრაკონიერობის ფაქტები, პატრულირებენ და აწარმოებენ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. სწორედ დაცულ ტერიტორიებზე დაცვა/მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს, ბუნების მსოფლიო ფონდის (CNF) მხარდაჭერით, დავიწყეთ თანამედროვე SMART-ტექნოლოგიების დანერგვა.
წელს, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში ტურიზმი, ფაქტობრივად, შეჩერებული იყო. როგორ იმოქმედა ამან დაცულ ტერიტორიებზე და რამდენად შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა?
საქართველოში, პანდემიის პრევენციის გამო შეჩერებული ვიზიტორთა მომსახურება დაცულ ტერიტორიებზე 15 ივნისიდან აღდგა. მოგზაურობის მოყვარულებს ყოველდღე შეუძლიათ იმოგზაურონ და აღმოაჩინონ საქართველოს ულამაზესი ბუნება. ამ ეტაპზე, შეჩერებულია ისეთი სერვისებით სარგებლობა, სადაც არ იქნებოდა შესაძლებელი რეკომენდაციების დაცვით ვიზიტორთა მომსახურება, ასევე არ ფუნქციონირებს ეკოტურისტული კოტეჯები. დროებით შეჩერებულია ვიზიტორთა მიღება ისეთ ტერიტორიებზე, სადაც თავს იყრის ადამიანთა დიდი ნაკადი დახურულ სივრცეში და პანდემიის გავრცელების რისკი მაღალია. ესენია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი და სათაფლიას მღვიმე. სამწუხაროდ, ამ ყოველივემ გამოიწვია ის, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 80%-ით შემცირდა.
საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა მიღებას ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით განაგრძობს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული. მოგზაურობამდე კი, ფიზიკური კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია რეგისტრაციის დისტანციურად გავლა.
რა სიახლეებს უნდა ველოდოთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან 2021 წელს?
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მასშტაბური და ამბიციურია. 2021 წლისთვის, დაგეგმილია ახალი ეკოტურისტული ობიექტის მოწყობა − ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარება. იგეგმება ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა და საკონსერვაციო ღონისძიებების განხორციელება.
განსაკუთრებით ველოდებით UNESCO-ს გადაწყვეტილებას „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც, პანდემიის გამო, 2021 წლისთვის გადაიდო. ეს გადაწყვეტილება იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის და განაპირობებს ნომინირებული ტერიტორიების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებასა და მსოფლიო მასშტაბით მათ პოპულარიზებას.
საქართველოში ეკოტურიზმი დღითი დღე ვითარდება და პოპულარული ხდება. ამ მიმართულებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაგეგმილი. მნიშვნელოვნად გვეხმარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რათა ჩვენ შევძლოთ თბილისის ეროვნული პარკის განვითარება და თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ბილიკების მოწყობა.
თბილისის ეროვნულ პარკში იგეგმება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრები, მოხდება 300 კმ-მდე ბილიკების პროექტირება. ყოველივე ეს თბილისის ეროვნულ პარკს კიდევ უფრო პოპულარულს და მიმზიდველს გახდის, ლაშქრობისა და ბუნებაში დასვენების მოყვარულებს კი მრავალფეროვანი, საინტერესო და დაუვიწყარი მოგზაურობის საშუალებას მისცემს.
საქართველოში მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბილიკზე, რომელიც აკავშირებს თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებს, იგეგმება 350 კმ-მდე საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები, რაც შთამბეჭდავი მოგზაურობისა და უნიკალური ბუნების გაცნობის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება.
სათაფლიაში, რომელიც ასევე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, იგეგმება თანამედროვე, ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათების სისტემის დამონტაჟება. აღსანიშნავია, რომ ახალი განათების სისტემა ზიანს არ აყენებს მღვიმეს და ხელუხლებლად მოხდება მისი შენარჩუნება. გარდა ამისა, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის.
ვიმედოვნებთ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მომავალი წელი, ტურისტული თვალსაზრისით, აქტიური იქნება. საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს დაუვიწყარი და მრავალფეროვანი სერვისებით უმასპინძლებს.