უნიკალური ადგილმდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, უზარმაზარი სივრცე მწვანე საფარით, მომსახურების მაღალი ხარისხი, დიზაინი, სპორტულ აქტივობათა ნაირსახეობა და რასაკვირველია, სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლები − ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, „საირმე“ world travel award-ის რიგით 27-ე ცერემონიალზე გამარჯვებულად გამოავლინეს. ტურიზმის სფეროს „ოსკარად“ წოდებული ღონისძიება საირმისთვის „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“-ის სტატუსის მოპოვებით დასრულდა. წარმატებული შედეგის განმსაზღვრელ ფაქტორებზე, ბუნების მიერ მონიჭებულ უპირატესობებსა და თავბრუდამხვევი აღიარების წინაპირობებზე, კურორტ საირმის გენერალური მენეჯერი − ბაჩანა შელია ჟურნალ OK!-ის ესაუბრა.
როგორ ემზადებოდით ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ? რა იყო თქვენი გუნდის მხრიდან იმის განმსაზღვრელი, რომ საირმემ ასეთი მნიშვნელობის ჯილდო მოიპოვა?
მთელი შემართებით, დიდი ძალისხმევითა და გუნდური მუშაობით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც ჩვენთვის დღეს საამაყოა. ვემზადებოდით არა განსაკუთრებული სარეკლამო კამპანიით, არამედ მომსახურების ხარისხის ზრდით. ვინაიდან, სწორედ ჩვენი ერთგული დამსვენებლების მხარდაჭერით დავიმსახურეთ გამარჯვება და „საქართველოში წამყვანი კურორტი 2020“-ის სტატუსის მოპოვება. World travel award ღონისძიებაზე გამარჯვებულებს სწორედ ხმის მიცემის საფუძველზე ავლენს. ეს წარმატება ჩვენი პროფესიონალი გუნდის დიდი ძალისხმევის და თითოეულ სტუმარზე გულწრფელი ზრუნვის შედეგად მოვიპოვეთ. ყოველწლიურად, „საირმეს“ ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ კურორტს. სწორედ მათი მხარდაჭერა გახლდათ ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვანი ფაქტორი. იცნობდეთ „საირმეს“ − უკვე ოფიციალურად საქართველოს წამყვან კურორტს და ტურიზმის „ოსკარის“ ამაყ მფლობელს! მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენს გუნდს და თითოეულ სტუმარს. თქვენ ჩვენი წარმატების დიდი ნაწილი ხართ.
რას ნიშნავს გარკვეულწილად ეს ახლებური სტატუსი კურორტისთვის და რა ტიპის გამოწვევებს გისახავთ ფაქტი თქვენ, როგორც საირმის გენერალურ მენეჯერს?
ჩემთვის, ისევე, როგორც ჩემი გუნდის ნებისმიერი წევრისთვის, ეს წარმატება სასიხარულოა და ამავდროულად, საპასუხისმგებლო. ახლა ორმაგად გვიწევს მუშაობა ხარისხის შესანარჩუნებლად, ასამაღლებლად. ვცდილობთ, თითოეულმა ჩვენმა ვიზიტორმა უნიკალური კურორტი დამშვიდებულმა, დასვენებულმა და რაც მთავარია, ბედნიერმა დატოვოს.
თქვენთვის რითი არის გამარჯვებული კურორტი გამორჩეული ადგილი საქართველოში?
ბევრმა ფაქტორმა განაპირობა გამარჯვება: გარდა ადამიანური რესურსისა, ბუნებაც ხელს გვიწყობს გამორჩეულობაში. მოგეხსენებათ, საირმის მწვანე საფარი 60 ჰექტარს შეადგენს. ბუმბერაზ მთებში მოწყობილი თანამედროვე, კომფორტული სასტუმროები იდეალურია ადამიანის სრულყოფილი დასვენებისთვის. საირმის სასწაულმოქმედი სამკურნალო თვისების 4 და ერთი თერმული წყალი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას თანამედროვე მედიცინაში. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის კურორტზე შეიქმნა თანამედროვე და ტრენდული აქტივობები, ზიპლაინი, სასროლეთი, თოკების ქალაქი. ასევე ჩვენს ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ სკუტერებით ან ველოსიპედებით ისეირნონ მთებს შორის. გურმანებისთვის კურორტზე 4 სხვადასხვა ტიპის რესტორანი ფუნქციონირებს, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს. მინდა აღვნიშნო სასიამოვნო სიახლეც − ქართულ-ევროპული სამზარეულოს შესანიშნავი რესტორანი, რომლის სპეციფიკაზე იტალიელმა დიზაინერებმა იზრუნეს და მისი საინტერესო გარემო მალევე იქცა დამსვენებლების საყვარელ ზონად. ღია სამზარეულო მათ კერძების მომზადების პროცესზე თვალყურის დევნების საშუალებას აძლევს.
ამჟამად როგორია ვითარება საირმეში? როგორ მიმდინარეობს კურორტის ცხოვრება პანდემიურ პერიოდში?
მიუხედავად შეზღუდვებისა, დღემდე აქტიურად ვიღებთ დამსვენებლებს, თუმცა მკაცრად ვაკონტროლებთ და ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. სტუმრებს ადგილზე Check in-ის დროს ვაცნობთ წესებს, რომლებითაც სასტუმროში ცხოვრებისას უნდა იხელმძღვანელონ.
როგორია საირმის გუნდის გეგმები?
რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, გვაქვს ერთი მიზანი − ვიყოთ გამორჩეულები და ვიყოთ კვლავაც პირველები.