ულამაზესი საბადურის ტყე, ბორჯომ-ხარაგაულის შთამბეჭდავი ხედები, ვაშლოვანის ნახევრად უდაბნო, კოლხეთის განუმეორებელი ბუნება და სხვა ულამაზესი ადგილები − ეს საქართველოს ეროვნული პარკებია, სადაც დღეს არსებული ვითარების მიუხედავად, შეგიძლიათ იმოგზაუროთ.
საქართველოს ეროვნული პარკები დაუვიწყარი მოგონებების შექმნის ადგილია, რომელსაც მომხიბვლელი ველური ბუნება, უნიკალური ტყეები, თვალუწვდენელი მთები, მრავალფეროვანი ტბები, უზარმაზარი ჩანჩქერები და მდინარეები ქმნის. აქ ნებისმიერი ინტერესის, გემოვნებისა და ასაკის ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავისი სურვილები დაიკმაყოფილოს და მიიღოს უნიკალური გამოცდილება, რომლის მიღებაც სხვაგან ნაკლებად არის შესაძლებელი. საქართველოს ეროვნული პარკები არის ადგილები სადაც შესაძლებლობა გაქვთ იმოგზაუროთ, აღმოაჩინოთ უნიკალური და შთამბეჭდავი ბუნება, დროებით მოსწყდეთ ყოველდღიურ რუტინას და დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ.
საქართველოს ეროვნულ პარკებში მოგზაურობას სანამ დაგეგმავთ, აუცილებლად გაიარეთ რეგისტრაცია დისტანციურად, Facebook-გვერდის National Parks of Georgia / საქართველოს ეროვნული პარკები, ან შესაბამისი ეროვნული პარკის Facebook-გვერდის საშუალებით, მიიღეთ ინფორმაცია ბილიკებზე არსებული მდგომარეობის და ასევე იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს 5 დაცული ტერიტორია − მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, ვიზიტორთათვის დროებით დაკეტილია, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს ვიზიტორთა ისეთი რაოდენობა იყრიდა, რომელიც ზრდიდა პანდემიის გავრცელების რისკს.
დანარჩენ ტერიტორიებზე, გაშლილ სივრცეში, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება გრძელდება, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ეროვნული პარკები, რომლებიც ზამთარში აუცილებლად უნდა მოინახულოთ!
თბილისის ცენტრიდან 45 წუთის მანძილზე, სოფელ ცხვარიჭამიას როგორც კი გასცდებით, საბადურის ულამაზეს ტყეში შეგიძლიათ იმოგზაუროთ. აქაურობა ზამთარში საოცრებათა სამყაროს ჰგავს. გაყინული ხის ტოტები, ყინულის კრისტალებზე არეკლილი მზის სხივები და საოცარი პეიზაჟები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აგავსებთ. ზამთრის საბადურის ტყე − ეს არის ზღაპრული მოგზაურობა ბავშვობის ოცნებებსა და ფანტაზიებში.
ზამთარი ვაშლოვანი გამორჩეულია თავისი უჩვეულო კლიმატითა და ლანდშაფტებით, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერით. ვისაც ზამთრის ცივი დღეების თბილად გატარება გსურთ, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს უნდა ეწვიოთ. გაშლილი სივრცეები, ვიწრო ხეობებით დასერილი რელიეფი − „ბედლენდები“, ნახევრად უდაბნოები, მიწის პირამიდები და ლანდშაფტების სწრაფი ცვლა სრულიად სხვა, ახალ სამყაროს აღმოგაჩენინებთ.
ქალაქ ფოთში, თქვენ შეგიძლიათ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უჩვეულო ადგილას, „ქართულ ამაზონად“ წოდებულ კოლხეთის ეროვნულ პარკში იმოგზაუროთ, სადაც დატკბებით უძველესი, ათეულობით მილიონი წლის წინანდელი კოლხური ტყეებისა და ჭაობების სილამაზით და პალიასტომის ტბაზე, მდ. ფიჩორისა და მდ. ჭურიას უმშვენიერეს ხეობებში კატარღით, პანტონითა და კაიაკით გაისეირნებთ. ეს არის უნიკალური პარკი, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ და სეზონის მიხედვით დააკვირდეთ მიგრირებადი ფრინველების გადაფრენას.
ყოფილხართ სალაშქროდ ზამთარში? ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის „თოვლის ფეხსაცმელების“ ბილიკი, ზამთარში დაუვიწყარი ლაშქრობის საშუალებას იძლევა. ქათქათა თოვლი, სიცივე, სასიამოვნოდ მოწყობილი კოტეჯები ზამთრის ლაშქრობას ზუსტად ისეთივე შთამბეჭდავს ხდის, როგორც ზაფხულისას. თოვლით დაფარული ტყეები და მცირე კავკასიონის საოცარი პანორამული ხედები წარმოუდგენელი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.
ბუნებაში დასვენების მოყვარულებს, საქართველოს ეროვნული პარკები შესაძლებლობას გაძლევთ ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად მოიწყოთ ლაშქრობა, ისიამოვნოთ კოცონთან პიკნიკით, ღამე გაათენოთ კარვებში და დაუვიწყარი მოგონებები შეაგროვოთ.
თუ ოდესმე საქართველოს ეროვნულ პარკებში მოხვდები, იქ მიღებული შთაბეჭდილებები და დადებითი ემოციები მთელი ცხოვრება გაგყვება. აღმოაჩინე შენი უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა, დატკბი სიმშვიდით, ულამაზესი ბუნების ხედებით და მოწყდი ყოველდღიურ რუტინას. საქართველოს ეროვნული პარკები გელით მოგზაურობის მოყვარულებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და დადებითი ენერგიის მისაღებად!