მშვიდ, სასიამოვნო გარემოში დასვენების დღეების გატარება იდეალური განტვირთის საშუალებაა, რომელსაც ყველაზე მარტივად საქართველოს ეროვნულ პარკებში მოგზაურობა იძლევა.
ადვილია დაიცალოთ არსებული სტრესისგან, თუკი გადაწყვეტთ მოიწყოთ ტური კახეთის გასაოცარ ბუნებაში ან მთიან მხარეში. ტურისტული მარშრუტები ლაგოდეხში თუ ვაშლოვანში მართლაც უნიკალურ და ულამაზეს სანახაობას შემოგთავაზებთ. ისინი საუკეთესო მოგონებებს გაჩუქებენ, თქვენ კი დროებით გაექცევით არსებულ რეალობას.
მოიკიდეთ ზურგჩანთები და აღმოაჩინეთ საქართველოს ულამაზესი ბუნება, სანამ შემოდგომის მზის სხივები ჯერ კიდევ გათბობთ და ბუნების ულამაზესი ფერები დაუჯერებელ მოგზაურობას გთავაზობთ.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო გიზიარებთ რამდენიმე მარშრუტს, რომელიც შემოდგომაზე აუცილებლად უნდა მოინახულოთ:
როჭოს ჩანჩქერის ბილიკი − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
გზას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან მდინარე შრომის მიმართულებით, შემოდგომის ფერებში გამოწყობილი, ულამაზესი ტყეებისკენ მიჰყავხართ. რცხილნარის უიშვიათეს კორომებს წიფლნარის კორომები მოსდევს, სადაც წიფელთან ერთად რცხილას, იფანს, ცაცხვს, ნეკერჩხალს, თელას, წაბლსა და სხვა სახეობის ხეებსაც შეხვდებით. ჰაერში ტყის ჯადოსნური სურნელი ტრიალებს, ემოციები და შთაბეჭდილებები ნელ-ნელა მძაფრდება, თუმცა ხვდებით, რომ მთავარი სანახაობა ჯერ წინ გაქვთ. სწორედ ამ ფიქრებში გართული, მდინარე შრომის ხევს გადაკვეთთ და მთა ნინოგორის მარცხენა ფერდის ვიწრო, დაკლაკნილი საცალფეხო ბილიკით აგრძელებთ გზას, საიდანაც ულამაზესი პატარა მდინარე მოჩანს, პატარ-პატარა წყალვარდნილებით და უზარმაზარი ლოდებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გაუნძრევლად განისვენებენ ხეობის სიღრმეში.
როჭოს ჩანჩქერი თქვენი მოგზაურობის მწვერვალია. აქ შეგიძლიათ შეისვენოთ, წაიხემსოთ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღოთ. უკან იმავე ბილიკის გავლით დაბრუნდებით, ისევ ვიზიტორთა ცენტრისკენ. არ დაგავიწყდეთ ყურადღების გამახვილება − შესაძლოა ირემს, შველს ან გარეულ ღორს გადაეყაროთ!
მადათაფას ტბის ბილიკი − ჯავახეთის ეროვნული პარკი
ჯავახეთის ვულკანურ მთებსა და გაშლილ სივრცეებში მოქცეული ლურჯად მოელვარე მადათაფას ტბა ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს. ეს ადგილი შესანიშნავია ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის.
წრიული მარშრუტი სოფელ სამებიდან იწყება და ტბის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუყვება. მარშრუტის სიგრძეა 22 კმ და მის მოსანახულებლად 1 დღის დაყოფა სრულიად საკმარისია.
ვრცელი ხედები, მრავალფეროვანი ფერთა გამა და ეგზოტიკური ფრინველებით ავსებული გარემო უამრავ ტურისტს იზიდავს. ბუნებაში განტვირთვისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის მადათაფას ტბა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
ვისაც უყვარს მოგზაურობა, ფეხით სიარული, ლამაზი ბუნება, სუფთა ჰაერი და უბრალოდ, „სამოთხის ნახვა დედამიწაზე“, აუცილებლად უნდა ეწვიოს მადათაფას ტბას და შეიგრძნოს თავისუფლება ზღვის დონიდან 2107 მ სიმაღლეზე.
არწივის ხეობის ბილიკი − ვაშლოვანის ეროვნული პარკი
თბილისიდან სულ რაღაც ორ საათში, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მოხვდებით, რომელიც პირველი ნახვისთანავე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.
წარმოიდგინეთ: გაშლილი სივრცეები, ვიწრო ხეობებით დასერილი რელიეფი − „ბედლენდები“, ნახევრად უდაბნოები და მიწის პირამიდები, ლანდშაფტების სწრაფი ცვლა და მცენარეების იშვიათი მრავალფეროვნება. აქ, სადაც, ერთი შეხედვით მხოლოდ ცხელი და გავარვარებული მიწაა, სიცოცხლე ნამდვილ სასწაულებს ახდენს - ყოველი დილა ჩიტების ჭიკჭიკით იწყება, მიწიდან ულამაზესი ყვავილები გესალმებიან, აყვავებული საკმლის ხეებით აწითლებული გარემო კი „სამოთხის ბაღს“ მოგაგონებთ.
არწივის ხეობაში მოხვედრისას, აღმოაჩენთ, რომ ეს დიდი და ულამაზესი კანიონის დასაწყისია. თუკი ფასკუნჯი აქამდე მხოლოდ მითოლოგიური ფრინველი გეგონათ, არწივის ხეობაში მითებს რეალობად აქცევთ, თუ გაგიმართლებთ და მას შეხვდებით. აქ ასევე ისეთი იშვიათი ფრინველები ბინადრობენ, როგორიცაა შავი ყარყატი, მიმინო, სვავი და ქორი.
გზას ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებული გადასახედებისკენ განაგრძობთ, საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე მონავარდე ორბების დათვალიერებას შეძლებთ და საოცარი ემოციებით დაიტვირთებით. აღსანიშნავია, რომ მათ გარდა, ხეობაში კიდევ 9 სახეობის მტაცებელ ფრინველს და სხვა, გამორჩეული სილამაზის ფრინველებსაც შეხვდებით.
არწივის ხეობაში ისტორიულ ძეგლებსაც მოინახულებთ. ხეობიდან დაახლოებით 5 კმ-ში მდებარე ხორნაბუჯის ციხესთან მისასვლელად, ტყეში გამავალ ვიწრო გზაზე უნდა გაიაროთ, რომელიც ბუნებრივ გვირაბს ჰგავს. ერთ ადგილას „გვირაბი“ მოულოდნელად ფართოვდება და ციცაბო კლდეზე შეზრდილი მე-5 საუკუნის ციხე იპყრობს ყურადღებას. შესაძლებელია ავტომობილის ციხის ქვემოთ არსებულ ვაკობზე გაჩერება და ფეხით ამ საოცარი და მისტიკური ქმნილების დალაშქვრა, საიდანაც ალაზნის ველისა და აღმოსავლეთ კავკასიონის შთამბეჭდავი ხედები იშლება.
თავისუფლებითა და მრავალი დაფარული საიდუმლოთი მოცული ვაშლოვანი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე, რომლის სიტყვებით სრულად გადმოცემა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად ეწვიეთ მას. აქ თქვენ გამაოგნებელი, ჯადოსნური და დაუვიწყარი თავგადასავლების სამყარო გელოდებათ.
მდინარე ჭურიას ბილიკი − კოლხეთის ეროვნული პარკი
ველური ბუნების მოყვარულებს და თავგადასავლების მაძიებლებს კოლხეთის ეროვნული პარკის ერთ ნაწილს, მდინარე ჭურიას მარშრუტს გაგაცნობთ, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ზუგდიდის უბნის ტურისტული თავშესაფრიდან იწყება და დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებათ. მარშრუტის სიგრძე 18 კმ-ია და თითოეული კილომეტრის გავლა წარუშლელი ემოციებით აგავსებთ.
ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გაიღვიძოთ მდინარე ჭურიას სანაპიროზე. აქ საკარვე ადგილებიც არის მოწყობილი, წყლისპირა კოტეჯი კი 8 ადამიანს იტევს. დილა მაქსიმალურად ადრიანად უნდა დაიწყო, მერე კი თვალს ვერ მოხუჭავ, ყველაფერს აკვირდები და აღფრთოვანებული ხარ. ალბათ მთელი დღე ვერ შეელევი ამ ადგილს, თუ არ იცი, წინ რა სანახაობები გელის. სეირნობისთვის კი ტრანსპორტის დიდი არჩევანი გაქვს: კაიაკი, კატარღა, ნიჩბიანი ნავი.
კოლხეთის ეროვნულ პარკში ბუდობს, იზამთრებს და მიგრირებს 194 სახეობის წყლის ფრინველი. მათ შორის თეთრკუდა არწივი, ანუ ფსოვი, ძერა, ქორი, მიმინო. მათი ნახვა მდინარე ჭურიას ხეობაშიც წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. საამისოდ ჭურიას სანაპიროზე კოშკურაა მოწყობილი, სადაც საათები შეიძლება დაჰყო და დააკვირდე, როგორ ურთიერთობენ, იბრძვიან გადარჩენისთვის, თუ უბრალოდ დომინირებენ. სწორედ კოლხეთის ეროვნულ პარკში გადის მათი უმრავლესობის ყოველწლიური მიგრაციის მარშრუტი. შემოდგომა კი ის დროა, როცა ფრინველები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, გამოსაზამთრებელი ადგილებისკენ მიფრინავენ და აქ თქვენ ამ დროს საოცარი სანახაობა დაგხვდებათ.
საუკუნეების განმავლობაში თევზის სხვადასხვა სახეობისთვის აქ იდეალური საარსებო გარემო შეიქმნა. თევზაობის ძლიერი სურვილი თუ გაქვთ, შეგიძლიათ თავი გამოსცადოთ სპორტულ-სამოყვარულო თევზაობაში, რომელიც საქართველოში ახალი ტურისტული მიმართულებაა და „დაიჭირე და გაუშვი“ პრინციპით სარეკრეაციო თევზაობას გულისხმობს.
აუცილებლად უნდა ეწვიოთ „თოკების პარკს“, რომელიც ბუნებაში არსებული შემეცნებით-გასართობი ადგილია. ის ყველა სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი და მოიცავს ორ მარშრუტს − მოზარდთათვის და ზრდასრულთათვის. ეს ძალიან ექსტრემალური და სახალისო ატრაქცია საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების გამოცდა-დემონსტრირებაში დაგეხმარებათ და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის კოლხეთის ეროვნულ პარკში თქვენს ვიზიტს.