OK! საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ორგანიზაციის „ქალები მომავლისთვის“ საბჭოს წევრს, ია თაბაგარს წარმოგიდგენთ. როგორ დაიწყო იამ ტურისტული ბიზნესი, რა გზა გაიარა დღევანდლამდე, როგორი სახით ხედავს პოსტპანდემიურ ტურიზმს საქართველოში და რა როლს ასრულებს ქალების სფეროს განვითარებაში − ამ და სხვა საინტერესო თემებზე წაიკითხეთ ია თაბაგართან ინტერვიუში.
ია, მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე. როგორ აღმოჩნდით ტურიზმის სფეროში?
ტურიზმში შემთხვევით არ აღმოვჩენილვარ... ყოველთვის მინდოდა სხვებისთვისაც გამეზიარებინა საოცარი ადგილები, თავგადასავლები და შეგრძნებები, გამეცნო საინტერესო ადამიანები, იშვიათი კერძები და ღვინო, ნაკლებად ცნობილი ეთნოკულტურა და ბუნებრივი გარემო.
თავდაპირველად, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ ეთნოლოგის პროფესია ავირჩიე, რაც ზუსტად ესადაგებოდა ჩემს ხასიათსა და გეგმებს. ტურიზმში მუშაობისას მივხვდი, რომ ბიზნესის ადმინისტრირების ცოდნის გარეშე, წინ ვერ წავიდოდი, ამიტომ პარალელურად ხან მარკეტინგს ვსწავლობდი, ხან ფინანსურ მენეჯმენტს, და ხან ღონისძიებების მართვას. თითქმის 15 წელი ერთ ძალიან საინტერესო კომპანიაში ვმუშაობდი. ტურიზმში „გამოცდილების სკოლა“ იქ გავიარეთ ყველამ ერთად − თავგადასავლების მაძიებლებმა, დამწყებმა გიდებმა, მთამსვლელებმა და „მომავლის ლამაზი ამბიციებით“ შეპყრობილმა ტუროპერატორებმა.
რთული პერიოდი იყო, მაგრამ ახალი და მჩქეფარე ეპოქა იწყებოდა უშუქობისა და უპერსპექტივობის შემდეგ. ჩვენ მუდამ განვითარებაზე ვიყავით ორიენტირებულები, არც არაფრის გვეშინოდა, არც არაფერი გვეჩვენებოდა შეუძლებლად. საოფისე საქმის გარდა, სათავგადასავლო ტურიზმიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი და საქმე იყო − ცხენოსნობიდან დაწყებული, 4x4 მანქანებით „ოფ-როუდის“ ექსპედიციების ორგანიზება, გაუკვალავ თოვლში თხილამურებით დაშვება, ჯომარდობა და ამავე დროს, წელიწადში ათჯერ მაინც უცხოურ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა, პრესკონფერენციები, პრეზენტაციები, ახალი სამყაროების აღმოჩენა და რაც მთავარია − დაუვიწყარი ადამიანები. ისინი „დალაგებული“ ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ, უანგაროდ გაგვიზიარეს ცოდნაც და გამოცდილებაც, ბევრი რამ დაგვანახეს სხვა − ევროპული თვალით და კუთხით. ჩვენი ბიზნესი ერთი დიდი სამეგობროა, გამდიდრება აქ არასდროს ყოფილა მიზანი და ამოსავალი წერტილი. უფრო საინტერესოდ ცხოვრება და ერთად თანაარსებობაა მთავარი იდეა.
როგორ დაიწყეთ ბიზნესი?
მიტოვებულ სოფელში შევისყიდეთ მიწები, აღვადგინეთ რამდენიმე ასწლოვანი სახლი ისე, რომ შევინარჩუნეთ ტრადიციული, ქიზიყის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტილი. ამავე დროს, გამოვიყენეთ ხის ადგილობრივი ხელოსნების გამოცდილება და ბუნებრივი მასალები. ლუდის ხარშვის შემდეგ, ნარჩენებს ვაჭმევთ ცხენებს, ცხენის ნაკელი გადაგვაქვს ბიობაღში, სადაც ხეხილი და ბოსტანია. იქვე იზრდება ბალახი, რომლითაც ისევ ცხენებს ვკვებავთ... ასეთი საინტერესო ციკლი გამოვიდა. გარდა ამისა, დავასაქმეთ არაჩვეულებრივი ხალხი მეზობელი სოფლიდან, რომელთაც მებაღეობის, კულინარიისა და სხვა მრავალი დაფარული ცოდნა და გამოცდილებაც გაგვიზიარეს. სეზონურად, ჩვენს ბოსტანში მოყვანილი ბოსტნეულით და ხილით ვუმასპინძლდებით სტუმრებს. ჩვენი თანამშრომლები მცირე მეწარმეებად დარეგისტრირდნენ, ამიტომ გამარტივდა შესყიდვების პროცესი და გადარიცხვით ვმუშაობთ. დილის საუზმეს ყოველთვის ამშვენებს სოფლის კვერცხი, მაწონი, დილაუთენია ამოყვანილი ყველი, თონის პური, სახლის ჯემები და მურაბები. გასტრონომიულ საკითხებს, ღვინისა და ლუდის ხარისხს ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. საქმე ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენც ბევრნი ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით, არანაირ საქმეს არ ვთაკილობთ, ვმორიგეობთ და ვენაცვლებით ერთმანეთს. საბოლოოდ გვინდა, რომ ეკოსოფელი ჩამოვაყალიბოთ, ბიოგაზი მივიღოთ, მზის ენერგია გამოვიყენოთ და „გავათბოთ ადამიანები“.
ამ ადგილს „მიკარგული ქედი“ ჰქვია, Lost Ridge-ის სახელით გვიცნობენ. www.lostridgeinn.com ნელ-ნელა აგროტურისტულ ობიექტად ვყალიბდებით. ჩვენი მთავარი „ძარღვი“ − ტურისტული კომპანია Living Roots ამჟამად საკმაოდ პასიურ რეჟიმში მუშაობს, მაგრამ შეთავაზების ჩამონათვალი მაინც ვრცელია: საცხენოსნო გაკვეთილები და ცხენების მოვლის პროცესში მონაწილეობა, სამთო და ბარის საცხენოსნო ტურები და ექსპედიციები; ღვინისა და გასტრონომიული ტურები და დეგუსტაციები; ცეცხლის სამზარეულო ღუმელებით, სადაც კულინარიის სრული პროცესი მიმდინარეობს; ლუდსახარში და უგემრიელესი კრაფტ-ლუდი; სასტუმრო და რეკრეაციული სივრცე; 415 ჯიშის ვენახში ვაზის ჯიშებზე ლექცია და დეგუსტაცია;
ჩვენი შეთავაზებების დიდი ნაწილი სეზონურია, ნაწილის განხორციელება კი მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
რამდენად რთული აღმოჩნდა ტურიზმის სფეროში საქმიანობა? რომელია ის ძირითადი პრინციპები, დეტალები, რაც ქმნის ამ საქმეში წარმატებას?
ტურიზმში რომ დავიწყე მუშაობა, ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალი კრიმინალი იყო, სულ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანია დაფრინავდა, თუშეთში საოჯახო სასტუმროების დასაჯავშნად ვერტმფრენის პილოტებს ჯავშნების ფურცელს ვატანდით და ვერტმფრენიდან ჩაუგდიათ კიდეც სოფელში...
ზოგჯერ გვაყაჩაღებდნენ, მაგრამ იშვიათი სიჯიუტით არ ვანებებდით თავს ტურიზმს, რომელიც არა მხოლოდ საყვარელ საქმედ, არამედ ვალდებულებადაც იქცა. მთავარი ნანატრი უსაფრთხოება იყო, შემდეგ ნორმალური ხელფასი, უსაფრთხო გზები და გამართული ინფრასტრუქტურა. აღმოჩნდა, რომ ტურიზმისთვის საკმარისი ნიჭი გვაქვს ქართველებს და უმოკლეს დროში მრავალი რესტორანი გაიხსნა, კომფორტული სასტუმროებიც აშენდა, მარნებიც დაიხვეწა და მომსახურებაც... ღვინოც ჩამოისხა, სიმღერაც გაისმა და ტურისტების დიდი ნაკადი ესტუმრა ქვეყანას.
კიდევ ერთი პატარა კომპანიითაც გავითქვით სახელი. სამოგზაურო ფილმების, კულტურისა და ზოგჯერ ექსტრემალური ტურიზმის წარმოსაჩენად, 30-მდე ფილმი გვაქვს გადაღებული საერთაშორისო ტელევიზიებისთვის. როცა შექმნილი ეპიზოდების უმეტესობა მისაღებია დამკვეთისთვის, ამაზე დიდი პროფესიული ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს. BBC, Travel Channel, Discovery Channel საქართველოს ეთნოკულტურას, ბუნებას, ხალხურ სიმღერას, ღვინის დაყენების ტრადიციულ წესებს და გასტრონომიულ შედევრებს რომ ეცნობა, რაშიც მთელი ჩვენი გუნდის წვლილი უდიდესია, ნიშნავს, რომ ღირდა თავდაუზოგავი მუშაობა. იმედი მაქვს, ეს პატარა კომპანია – „გეო ფილმ პროდაქშენი“ დიდ საქმეებში ისევ ჩაერთვება, როგორც კი შესაძლებელი გახდება უსაფრთხოდ მუშაობა ქვეყნის შიგნით და გარეთ.
თითქოს ყველაფერი მიღწევადია, როცა გვერდით საუკეთესო გუნდი გყავს. ვფიქრობ, ამ ადამიანების, ჩემი მეგობრების გარეშე, არაფერიც არ გამოვიდოდა.
ახლა, ამ გლობალური გამოწვევების გავლენით, რამდენად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ტურიზმის სფერო და რა გზები გესახებათ სირთულეების დასაძლევად?
სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. უამრავი ადამიანი (გიდები, მძღოლები, ტუროპერატორები) დარჩა უმუშევარი, ტურისტული კომპანიები დაიკეტა; აეროპორტიდან დაწყებული, კვების ობიექტებით გაგრძელებული, და სასტუმროებით დამთავრებული, ყველა უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. ჩემი აზრით, სირთულეები დაიძლევა მხოლოდ ორ შემთხვევაში: პირველი − ტურიზმი თუ აღდგება და მეორე − თუ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება ტურიზმის აღდგენამდე.
ტურიზმი „კოვიდის“ შემდეგ. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?
ტურიზმი სავარაუდოდ შეიცვლება, მოგზაურები უფრო დისტანციურები და ფრთხილები გახდებიან; ალბათ იშვიათად იმოგზაურებენ დიდ ჯგუფებად, უფრო მოიმატებს საოჯახო ტურიზმი; ტურისტების რაოდენობა მთლიანობაში შემცირდება რამდენიმე წლით და მათი ასაკი გაახალგაზრდავდება. ასაკიანი ტურისტები მოერიდებიან თავიანთი ქვეყნის გარეთ მოგზაურობას. ამაზე ყველა სახელმწიფო მიუთითებს საკუთარ მოქალაქეებს.
ჩვენმა ქვეყანამ ასეთ ვითარებაში სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას, კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს საქართველო, სწორი მიზნები უნდა დაისახოს და გეგმები შესრულდეს. მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის ჯანმრთელი არეალი შევინარჩუნოთ და დაცულ ტერიტორებად ჩამოვაყალიბოთ, ტყეები და მდინარეები დავიცვათ მავნებლური პროექტებისგან. პანდემიის დაძლევის შემდეგ, ტურიზმში მცირე ბიზნესების განვითარება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი დარგის აღდგენისთვის. „მწვანე“ ტურიზმი უნდა გახდეს ჩვენი მთავარი მიმართულება.
რამდენად მიჰყვებით ჯანსაღი ცხოვრების წესს? რას ნიშნავს ეს ცნება თქვენთვის?
სიჯანსაღე ჩემთვის უპირველესად სუფთა ეკოგარემო და სილამაზეა, ასევე მრავალფეროვანი აქტივობები: მთებიდან თხილამურებით დაშვება გაუკვალავ თოვლში, პატარ-პატარა მწვერვალებზე ასვლა, ცხენით მოგზაურობა და ლაშქრობები. საბედნიეროდ, ჩემი და ჩემი მეგობრების შესაძლებლობები და სათავგადასავლო გატაცებები თანხვედრაშია, ამიტომ არცერთ სეზონზე არ ვიწყენთ. ჩემი პროფესია და საქმიანობაც მუდამ მოგზაურობა-ტურიზმის სფეროს გარშემო ტრიალებს. ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე მეორეს არ ჰგავს.
თქვენ ბრძანდებით ორგანიზაციის „ქალები მომავლისთვის“ საბჭოს წევრი. მოგვიყევით ორგანიზაციის ბოლოდროინდელ აქტივობებზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია ქალების საქმიანი ჩართულობა და აქტიურობა ტურიზმის მიმართულებით?
„ქალები მომავლისთვის“ ძლიერი ორგანიზაციაა, მის სიძლიერეს თავდაჯერებული, საქმიანი ქალები განაპირობებენ. საბჭოს წევრებს პასუხისმგებლობის აღება გვაერთიანებს. ზუსტად ქალებმა ავიღეთ თავდაპირველად პასუხისმგებლობა მასპინძლობის ინდუსტრიასა და ტურიზმში. გიდების უმრავლესობა გოგონები იყვნენ, საოჯახო სასტუმროების უმრავლესობაც ქალებმა განავითარეს საქართველოს რეგიონებში. ახლანდელი თანაფარდობა სავსებით ნორმალურია. მგონი არავინ აღარ ითვლის, უფრო მეტი ქალია თუ არა ჩართული ტურიზმის ბიზნესში. დღევანდელ რეალობაში ქალები უფრო დამოუკიდებლები არიან, საკუთარი სურვილით ერთვებიან ბიზნესში, საკუთარი გეგმები აქვთ და საზღვრებსაც თავად აწესებენ.
სულ ახლახან ჩვენი ბორდის მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი − კელი დეგნანი გახდა. „კოვიდ 19“-ის მიუხედავად, წესების დაცვით რამდენჯერმე ერთად ვიმოგზაურეთ, საინტერესო ადამიანებს შევხვდით და ათას თემაზე ვისაუბრეთ... ყველა დისკუსიისა და საუბრის თემა ისევ და ისევ ადამიანების კეთილდღეობა იყო. კეთილდღეობის განსაზღვრება თითქოს ზოგადია, თუმცა საქართველოს მოქალაქე ქალებისთვის სხვადასხვანაირად განიმარტება. მოკლედ რომ ვთქვა, მცირე ბიზნესი თითოეული მათგანის ეკონომიკური აღმავლობის საწინდარი შეიძლება გახდეს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობის, რელიგიური მიმდევრობის, სოციალური წარმომავლობის თუ ასაკისა. ქალებს თითქოს უფრო გამძაფრებული აქვთ თანაგრძნობის უნარები. თანაგრძნობა ისევე აუცილებელია ბიზნესწარმატებისთვის − როგორც პოლიტიკაში. გარდა ამისა სახელმწიფოს მართვასა და მეგობრობაში. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, რაზეც ბორდი ფიქრობს და ზრუნავს. გაეროს პროგრამებში ჩართულობა და ქალ დიპლომატებთან თანამშრომლობაც ხანგრძლივი პროცესია ჩვენი ფედერაციისთვის.