შემოდგომა − წელიწადის ეს ყველაზე ფერადი დრო, საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისთვის. ულამაზეს, ბუნებრივ ფერებში შემოსილი საქართველოს არაჩვეულებრივი პეიზაჟები ზღაპრულ და დაუვიწყარ თავგადასავლებს შეგიქმნით.
საქართველოს ეროვნული პარკები, თავისი საოცარი ბუნებით, უნიკალური ხელშეუხებელი ტყეებით, ჩანჩქერებით, ტბებით, შემოდგომის დღეების გასატარებლად საუკეთესო საშუალებებს იძლევა. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მარკირებული და თანმდევი ინფრასტრუქტურით მოწყობილი ბილიკები, ლაშქრობის მოყვარულებს წარუშლელი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე მოგზაურობას სთავაზობს.
გიზიარებთ ერთ-ერთ პოპულარულ და ულამაზეს მიმართულებას, რომლის მონახულებაც შემოდგომაზე კიდევ უფრო სასიამოვნო და შთამბეჭდავია − ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ულამაზესი „პანორამების ბილიკი“. სხვა ბილიკების გასაცნობად კი გამოგვყევით ჩვენს Facebook-გვერდზე: National Parks of Georgia / საქართველოს ეროვნული პარკები.
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დალაშქვრა წელიწადის ნებისმიერ დროს კარგი იდეაა, თუმცა ახლანდელ სეზონს − შემოდგომას, თავისი ხიბლი აქვს. თუ ბუნებაში განტვირთვისთვის 2 თავისუფალი დღე გაქვთ, აუცილებლად მოიკიდეთ ზურგჩანთები და გაეშურეთ „პანორამების ბილიკისკენ“. შემოდგომის ოქროსფერი ტყეები მთა ამარათისკენ გაგიძღვებათ, მცირე კავკასიონის საოცარი პანორამული ხედები კი წარმოუდგენელი შთაბეჭდილებებით აგავსებთ. თუ ამ ყველაფრის ნახვის სურვილთან ერთად, ცხენით გასეირნების მოყვარულიც ხართ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საცხენოსნო ტურსაც გთავაზობთ.
პარკის ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გეზს აწყურის მცველთა საგუშაგოსკენ აიღებთ, რომელიც ვიზიტორთა ცენტრიდან 26 კმ-ში მდებარეობს. გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალს მიუყვება, რაც შესაბამისი მანქანით გადაადგილების საშუალებასაც იძლევა.
ბილიკი წრიულია და მისი სიგრძეა 34 კმ. სწორედ ამიტომაა მის დასალაშქრად 2 დღის დაყოფა აუცილებელი − ასე უკეთ გაეცნობით ბილიკის უნიკალურობას, დატკბებით ბუნებით, ისუნთქებთ სუფთა ჰაერს და აღმოაჩენთ ბილიკის ყველა საიდუმლოს.
აწყურის მცველთა საგუშაგოდან გზას მთა ამარათის ფერდობისკენ გაუყვებით. აღმართი დიდია, მიწა − ფხვიერი, სასურველია თან ხელჯოხიც იქონიოთ, თუმცა მრავალფეროვანი ბუნება და საუკეთესო ხედები დაღლილობას თითქმის არ გაგრძნობინებთ.
„პანორამების ბილიკი“ განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ნელ-ნელა მიიწევთ სიმაღლეებისკენ და ალპურ ტყეებში გადაინაცვლებთ, რომლებსაც ადამიანის ხელი არ შეხებია. ბილიკებიდან იშლება წიწვოვანი ტყეების საოცარი ხედები, სადაც ბინადრობს ეროვნული პარკის სიამაყე − კეთილშობილი ირემი. ლაშქრობის პირველი დღე, 6-7-საათიანი სავალი გზის გავლის შემდეგ, დასასრულს მიუახლოვდება და უკვე შებინდებისას ტურისტულ თავშესაფარს მიუახლოვდებით. აქვეა შესაძლებელი დაბანაკება კარვებში და მეორე დაუვიწყარი დღისთვის ძალების აღდგენა (პანდემიიდან გამომდინარე, თავშესაფარი დროებით არ ფუნქციონირებს).
მეორე დილით მზის ამოსვლას ამარათის მთის ფერდობზე შეგიძლიათ შეეგებოთ, შემდეგ კი კვლავ აწყურის მცველთა საგუშაგოსკენ განსხვავებული ბილიკით განაგრძოთ გზა. მეორე დღის ლაშქრობა შედარებით ხანგრძლივია, თუმცა მეტწილად ქვემოთ ეშვება. უკანა გზაზე, მზის გულზე პანორამულად გადაჭიმული მთები, ტყის სიწყნარე და ხმაური, ნისლი და ჰორიზონტი განსაკუთრებული ემოციებით აგავსებთ. გზადაგზა მთის ჟოლო შეგიძლიათ დააგემოვნოთ, რომელიც ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. ნიამორების ვოლიერს რომ მიუახლოვდებით, მიხვდებით, რომ მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა, შინ კი წარუშლელი შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით სავსე ბრუნდებით“.