ჟურნალი OK! მთელი წლის განმავლობაში გაცნობდათ საინტერესო სიახლეებს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. დღეს კი წარმოგიგენთ ინტერვიუს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძესთან, რომელიც ჩვენთან განვლილ წელს შეაფასებს და 2020 წელს დაგეგმილ სიახლეებს გაგვაცნობს.
შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სეზონია. ათასფერად შეღებილი ბუნება ახალი თავგადასავლების, ისტორიებისა და გეგმების ერთგვარ დასაწყისად იქცევა.
საოცარია წითელ-ყვითელი ფოთლებით აჭრელებული ტყეები, ფოთლების, წვიმისა და ბუნების სურნელი, ფრინველების გადაფრენა და ირმების მყვირალობა. მკვეთრად გამოხატული მზის სხივები და სასიამოვნო ფერები წლის ამ სეზონზე განსაკუთრებით ლამაზია.
ეროვნული პარკების მოსანახულებლად შემოდგომა შესანიშნავი დროა. ამინდი საშუალებას გაძლევთ თავისუფლად ისეირნოთ ხმელი ფოთლებისგან გაფერადებულ ბუნებაში, დაისვენოთ და არაჩვეულებრივი ფოტოები გადაიღოთ. ასეთი ადგილები ჩვენს ქვეყანაში მრავლადაა, სადაც მისასვლელადაც მარტივი გზაა და გარემოც მოგზაურზე დიდ შთაბეჭდილებებს ახდენს
გთავაზობთ იმ ეროვნული პარკების ხუთეულს, რომელთა ნახვა შემოდგომაზე განსაკუთრებით მოგეწონებათ:
თბილისის ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნულ პარში ნამდვილი შემოდგომაა ხოლმე: აალებული ტყე, ფერების კორიანტელი, ხმელი, მსუბუქად აშრიალებული ფოთლების სუნი, ხეტიალი ფოთოლცვენაში – რა შეიძლება იყოს უფრო აღმაფრთოვანებელი შემოდგომის მზიან დღეს, როცა ქალაქის მტვერსა და აურზაურს გაურბიხარ. სწორედ ასეთია თბილისის ეროვნული პარკი შემოდგომაზე.
თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე ლაშქრობის მოყვარულებს ჯადოსნური გარემო დაგხვდებათ. ეროვნული პარკის ბუნებრივი ბილიკების ქსელი ისეა დაგეგმილი, რომ მნახველს შეუძლია ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტების დათვალიერებასთან ერთად გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები და საკარვე ადგილებზე ღამე გაათენოს.
საბადურის ტყის ფერადი ფოთლები, წიფლის ხეები და მათზე მცხოვრები ციყვები, მსუბუქი ნიავი და სასიამოვნოდ თბილი მზის სხივები საოცარ განწყობას ქმნის. საბადურის ტყე, მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაშია და ის თბილისის ეროვნულ პარკში მდებარეობს.
ლაგოდეხის ეროვნული პარკი
თუ გსურთ ნამდვილი შემოდგომა აღმოაჩინოთ, კახეთში ლაგოდეხის ეროვნულ პარკს უნდა ეწვიოთ. მთელი პარკი ისეა აფერადებული, თავი ზღაპარში შეიძლება გეგონოთ. შერეულფოთლოვანი ტყეები, წითელი, ყვითელი, ყავისფერი, გაცრეცილი და მუქი მწვანე ფოთლების მქონე ხეები, ფერადი ბილიკები და საოცარი შემოდგომის პეიზაჟები დაუვიწყარ სამყაროში გამოგზაურებთ.
თუ ფეხით, ან ცხენით მოგზაურობა გიყვართ, ლაგოდეხის ეროვნული პარკი ზუსტად ის ადგილია, რომელსაც უნდა ეწვიოთ. ხოლო შემოდგომა კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ იმ შეგრძნებებს, რომლებსაც ლაშქრობისას იღებთ. ლაგოდეხის ეროვნული პარკი ტურისტული აქტივობების ფართო არჩევანს გთავაზობთ, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ლაშქრობას ულამაზესი ჩანჩქერებისა და უძველესი ციხე-სიმაგრეების სანახავად.
ტურისტული თვალსაზრისით, ტერიტორია საკმაოდ კეთილმოწყობილია. დღეისათვის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი“, მაჭის ციხე“, „შავი კლდეების ტბა“ და ბუნების შემეცნებითი ბილიკი.
ლაგოდეხის ეროვნულ პარკში შემოდგომა ირმის მყვირალობის პერიოდია და თუ გაგიმართლებთ, შეიძლება არა მხოლოდ მოუსმინოთ, არამედ ფოტონადირობაც მოაწყოთ.
ალგეთის ეროვნული პარკი
ალგეთის ეროვნული პარკის მოსანახულებლად ოქტომბერი-ნოემბერი ერთ-ერთი საუკეთესო დროა, რადგან შემოდგომაზე კიდევ უფრო მშვენიერი სანახავია. ამ დროისათვის ფერს იცვლის ტყე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაძვის, ნეკერჩხლის, არყისა და ვერხვის – მწვანე, წითელი და მუქი ყვითელი ფერები. თბილისიდან 70 კმ-ში, 1 საათის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილია მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.
გაფერადებული მდინარე ალგეთის ხეობისა და შერეული ტყით დაფარული მთების ხედების ნახვასთან ერთად, ეწვევით დაშბაშის, ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს, ესტუმრებით კლდეკარის ციხე-სიმაგრეს.
თუ გსურთ ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურები ალგეთის ეროვნულ პარკში აუცილებლად დაგეგმეთ.
ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილია ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც ბუნებაში არსებული შემეცნებით-გასართობი ადგილია. ატრაქცია სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს. შესაბამისად, ვიზიტორთა ცენტრიდან გაუსვლელადაც კი ფერად ბუნებაში დროის საინტერესოდ გატარება შეგიძლიათ.
კოლხეთის ეროვნული პარკი
პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე – ბუნების ის საგანძურია, რომლის ნახვაც კოლხეთის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ. კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელსაც ამაზონის ჯუნგლებსაც ადარებენ, სულ სხვა საქართველოს აღმოგაჩენინებთ. კოლხეთის ეროვნული პარკი ის ადგილია, რომლის მხოლოდ ერთხელ ნახვა საკმარისი არ არის: გაჯადოებს და საოცარ შეგრძნებებს აღძრავს. კაიაკით ერთი ხეობიდან მეორეში შეცურვა, გასეირნება ოქროსფერ პალიასტომის ტბაზე, მდინარე ჭურიასა და ფიჩორზე დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ.
ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებმა შემოდგომის კოლხეთის ეროვნული პარკი აუცილებლად უნდა მოინახულონ, რადგან ყველაზე მეტი ფრინველი, სწორედ ამ დროს იყრის თავს.
თუ რამდენიმედღიან ტურს გეგმავთ, ღამე როგორც ვიზიტორთა ცენტრში, ასევე ანაკლიის ტურისტულ თავშესაფარში შეგიძლიათ გაათენოთ. აქვე ქირავდება კარვები და საძილე ტომრები.
„თოკების პარკის“ ატრაქცია კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის მონაკვეთზეც დაგხვდებათ, რაც ექსტრემალური გართობის, საკუთარი ძალების დემონსტრირებისა და დაუვიწყარი დროის გატარების შესაძლებლობას მოგცემთ!
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ის ადგილია, რომელიც წლის ნებისმიერ დროს გამორჩეული და უნიკალური პეიზაჟებით გაგაოცებთ. მიუხედავად ამისა, თუ გსურთ შემოდგომის გატარება მართლაც უჩვეულო გარემოში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს უნდა ეწვიოთ, რადგან საოცარ ფერებში ჩაფლული ბილიკები და პეიზაჟები წარუშლელ შთაბეჭდილებებს დატოვებს თქვენზე.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა, ის ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
მათთვის, ვისაც ველოსიპედით სურს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სეირნობა, სხვადასხვა სირთულის, რამდენიმე ველობილიკი დახვდება. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ველოსიპედი არ გყავთ, სამთო ველოსიპედის ქირაობა ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი.
მყვირალობის პერიოდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ოქტომბის ბოლომდე გრძელდება. ხშირად დაბინდებისას ან დილით ადრე იწყება და რამდენიმე საათს გასტანს. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს შემოდგომაზე, სწორედ მყვირალობის პერიოდია, რომელიც შესაძლოა საკუთარ თვალით იხილოთ.
იმოგზაურეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები! თქვენ უნიკალური ადგილები გელოდებათ, საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი თავგადასავლები შემოდგომის საქართველოში.
გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას!
წლის ნებისმიერ დროს კი საქართველოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტები – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, სათაფლიას მღვიმე, პრომეთეს მღვიმე გელით ახალი მოგზაურობებისკენ.
საქართველოს ეროვნულ პარკებზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: WWW.NATIONALPARKS.GE