აჭარის მთიანეთი წელს განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მოექცა. ბევრმა იმოგზაურა, ბევრმა – მომავალ წელს გადადო მისი მონახულება. ეს მართლაც უნიკალური ადგილები ყველა მოგზაურში აღფრთოვანებას იწვევდა. ვინც ზაფხულში ვერ დაისვენა და შემოდგომაზე ფიქრობს საინტერესო დღეების დაგეგმვას, ვეტყვით, რომ აჭარის მთიანეთის საშემოდგომო მარშრუტები საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
შემოდგომაზე აჭარის მთიანეთში მოგზაურობა სიჭრელეშეპარულ ტყეებში დაკარგვას, საუკუნოვანი ხიდებიდან აქაფებული მდინარეების ყურებას, სასიამოვნო სიგრილეს, დღის დასასრულს კი კარავს ან ხის საოჯახო სასტუმროებში თავშეფარებას ნიშნავს. ეს სულაც არ არის ყველაფერი – საღამოობით აგიზგიზებულ ბუხართან ჯდომა, იქვე, დაბალ მაგიდაზე მორთმეული ტყის ჩაის არომატი და ფიქრი, რომ ზამთარი ახლოა, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვს დრო გაზაფხულამდე გამოემშვიდობო მთებს და მწვანე ტყეებს, დატკბე ბუნების განუმეორებელი ფერებითა და გენიალური ფერწერით. ასეთი ადგილების ძებნა აჭარაში ნამდვილად არ დაგჭირდებათ.
აქ 4 დაცული ტერიტორია და 15-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტია. მათ შორის ქედის ღვინის მარშრუტი, მაჭახელა, მირვეთის ველომარშრუტი და სხვები. თუმცა არსებობს ახალაღმოჩენილი ბილიკებიც, სადაც ჯერ ცოტა მოგზაური თუ მოხვედრილა; აქაურობა აჭარას სულ სხვანაირად დაგანახებთ.
სათავგადასავლო მარშრუტი ტბა ტბიყელზე ქობულეთის სოფელ ჭახათიდან იწყება და კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის, სადაც მასიური ტყითა და უზარმაზარი მთებით გარშემორტყმულ ადგილებს გადიხართ. 2-3 დღიან მარშრუტზე უამრავ რამეს ნახავთ: პატარა მდინარეებს, ჩანჩქერებსა და წყაროებს, ქვის თაღოვან ხიდებს, ძველი ეკლესიის ნანგრევებს, შემდეგ კი საფეხმავლო ბილიკით ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარე ტბიყელს მიადგებით. ხინოწმინდის ნანგრევებიდან ტბამდე 14 კილომეტრია, გზად კი უნიკალური ხედები გადაგეშლებათ – კავკასიონის ქედისა და შავი ზღვის დამატყვევებელი პანორამა ყველა მნახველს აღაფრთოვანებს.
ტბიყელზე შუახევის სოფელ ცხემლისიდანაც მოხვდებით, ამ შემთხვევაში მემთეურთა ხის სახლებიან საზაფხულო სოფელს, ჯვარიმინდორს გაივლით და ულამაზეს ფოტოებსაც გადაიღებთ.
მესამე გზა, რომელიც ტბიყელამდე მიგიყვანთ, შუახევის სოფელ ხაბელაშვილებიდან და გომის მთიდანაა. ამ მარშრუტის ხაბელაშვილების ხის, სამასწლოვან ხიდსაც ნახავთ. ხიდის არქიტექტურა გასაოცარია, ამიტომ დრო არ დაინანოთ და გულდასმით დააკვირდით მის დეტალებს, ნამდვილად საოცარია ფაქტი, რომ 300 წელი ხის ხიდმა ასე გაძლო. თუ გომის მთიდან აარჩევთ გზის დაწყებას, თვალწინ ალპური მდელოების პანორამული ხედები გადაგეშლებათ.
შუამთის ტბების ალპური მარშრუტი შუახევსა და ხულოს ერთმანეთთან აჭარის სოფლებსა და ალპურ საძოვრებზე მიმავალი გზა აკავშირებს. ეს არის ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის მარშრუტი, სადაც ხის იაილებში დარჩენა და წახემსება შეგიძლიათ. ფოტოებზე, ალბათ, უკვე ნანახიც გაქვთ ეს ხის ქოხები, მაგრამ რეალობაში სულ სხვაა. ჩირუხში ტბასთან და ჩანჩქერ ჯინალთან შეგიძლიათ დროებით შეჩერება და გაგრილება, ხულოში ალპურ მდელოებთან ერთად ყარაგოლისა და შუამთის ულამაზეს, ლურჯ ტბებსაც მოინახულებთ. შუამთის ტბები, ირგვლივ გადაშლილი ველები, მოლაშქრეებისთვის საუკეთესო ადგილია დასაბანაკებლად. ტბები ხან ნისლში იბურებიან, ხანაც წყლის ზედაპირი კამკამებს და ყველაფერს მკვეთრად ხედავ. ამ მისტიკურ ადგილზე თუნდაც ერთი დღის გატარება სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. აუცილებლად უნდა ახვიდეთ 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ისტორიული ციხეზე. თუ მოახერხებთ და აქაურებს გაესაუბრებით, მე-12 საუკუნის ამ ძეგლის შესახებ არაერთ ლეგენდას მოგიყვებიან.
აქ დარჩენას თუ გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ღამე სოფელ ბაკიბაკოს ან ხიხაძირის საოჯახო სახლებში გაატაროთ. გზა ხიხანის ციხის შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღისკენ, სადაც მრავალწლოვანი ხეები და მცენარეთა ენდემური სახეობები ხარობს. აქ კარვების გაშლა და ღამის გათევაცაა შესაძლებელი. მარშრუტის დაგეგმვა გოდერძის უღელტეხილიდანაცაა შესაძლებელი.
აჭარის მთებში შემოდგომაზე მოგზაურობა დაუვიწყარ ფერებს, შთაბეჭდილებებს და ამბებს დაგამახსოვრებთ, სულერთია როგორ იმოგზაურებთ: ფეხით, ავტომობილით, ცხენით თუ ველოსიპედით. ღორჯომი–ბახმაროს მიმართულება ღორჯომი ჩანჩქერების, ცხენებით ჯირითის, ძველებურად ნაგები ხის ოდებისა და დღემდე უცვლელად შემორჩენილი უძველესი ტრადიციების ხეობაა.
ხეობაში 18 სოფელია. აქ მცხოვრებლებს საქონლის ჯოგები ჰყავთ. შესაბამისად, რძის პროდუქტების დიდი მრავალფეროვნებაა. სოფლის ცენტრში საქართველოში უდიდეს, ხუთგუმბათიან ხის მეჩეთს ნახავთ. აქედან ერთი გზა ბახმაროსკენ, მეორე კი კასკადოვან ჩანჩქერებამდე მიგიყვანთ.
ჩანჩქერებთან და მდინარესთან ახლოს ვრცელი, სწორი მდელოა, სადაც კარვების გაშლა და ღამისთევა შეიძლება. ღორჯომთან ახლოს, ლეკნარიდან „მყვირალა ქვებამდე“ შეგიძლიათ მისვლა, ადგილობრივები გიამბობენ, რომ აქ ოდესღაც ჯარის სადგომი ადგილი იყო. ძალიან კარგი ადგილია კარვებით დასაბანაკებლად, ახლომახლო კლდეებიდან უამრავი წყარო მოედინება და შემოდგომის ჭრელი ხედები იშლება. ღორჯომის მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ბახმაროსკენ გაემართოთ.
შთაბეჭდილებები, რომელსაც მთებში შემოდგომაზე დააგროვებთ, ყველაფერ დანარჩენს მეორეხარისხოვნად აქცევს და სულერთია, სად დარჩებით: საოჯახო სასტუმროებში თუ კარვებში, რომლის წინაც მთელი ღამე ანთია კოცონი, ღამის ტყეში ჭრიჭინების ხმის ფონზე ქაფქაფა ჩაის მიირთმევთ და იცით, რომ კარვებში თქვენს ყველაზე ახლობელ ადამიანებს და მეგობრებს უშფოთველად სძინავთ. შორს კი ქალაქია, უამრავი ადამიანით სავსე, საიდანაც სულ ცოტა ხნით გამოიქეცით, მაგრამ იცით, რომ ეს დრო ძვირფასია, თავგადასავლებით სავსე და ძალიან, ძალიან დიდხანს გეყოფათ ემოციები.
შემდეგ მოგზაურობამდე.