სამხრეთ კავკასიაში ხორცპროდუქტების უმსხვილესმა კომპანია „ლიდერფუდმა“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალი პროექტი − „დაისვენე საქართველოში“ წარადგინა, რომელიც ქართველი მოგზაურებისთვის სარეკლამო აქტივობებს ახორციელებს. მიზანი covid-19-ით დაზარალებული შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და ადგილობრივი დამსვენებლის მოტივირებაა, რათა საინტერესო ღირსშესანიშნაობებით მდიდარ საქართველოს კუთხეებს ბევრი მნახველი ეწვიოს. ვრცლად წამოწყების შესახებ OK! „ლიდერფუდის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს, კატო კიკაბიძეს ესაუბრა.
კატო, როგორია ახალი პროექტის სპეციფიკა?
პროექტი ორი ნაწილისგან შედგება. ერთია სარეკლამო ვიდეორგოლების მომზადება, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ადგილები წარმოჩნდება, კამპანიის გაგრძელება კი გათამაშების ფორმატია, რომელიც კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს გააერთიანებს. სოციალური მედიის მომხმარებლები საქართველოში დასვენებისას გადაღებულ ფოტოებს გამოგვიგზავნიან, საიდანაც საუკეთესო ნამუშევრის ავტორი წინანდალში, „რადისონ ქოლექშენში“ დასვენების საგზურს მოიგებს.
ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილება? როგორ პოულობთ ბენეფიციარ მიმართულებებს, რომელთაც კომპანია მხარდაჭერას გამოუცხადებს?
„ლიდერფუდის“ ბრენდის სტრატეგიიდან გამომდინარე, წამყვან მიმართულებას, ხორცპროდუქტების სფეროს განვითარების გარდა, გარემოზე ზრუნვა, ჯანსაღი გართობისა და დასვენების ხელშეწყობა წარმოადგენს. მიმდინარე აქტივობაც სწორედ ჯანსაღი გართობისა და დასვენების აქტუალიზებას ემსახურება.
რამდენად ხშირია მსგავსი აქტივობები „ლიდერფუდის“ „ანგარიშზე“?
ლაშქრობისა და სათავგადასავლო ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, „ლიდერფუდმა“ 2019 წელს პროექტი, სახელწოდებით #ბუნებაში განახორციელა. მიზანი ქართული სალაშქრო პოტენციალის გაცნობა, ჯანსაღი გართობის პოპულარიზება და სოციალური მედიის მეშვეობით სათავგადასავლო ტურისტული ობიექტების გაცნობა იყო.
პროექტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, კომპანია „სალაშქრო სეზონის გახსნის“ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი და ერთი წლის განმავლობაში მოლაშქრეთა კლუბ „მწვანე ზებრას“ პარტნიორი გახდა. სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, სხვადასხვა ტურისტული ლოკაციის ფოტო და ვიდეომასალას ყოველკვირეულად ვტვირთავდით და მომხმარებელს კონკრეტული ადგილების შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდით.
რა არის კომპანიისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
ჩვენთვის მთავარი მიმართულება ხარისხია. „ლიდერფუდის“ მისიიდან გამომდინარე, გვსურს, ჩვენს ქვეყანაში ხორცპროდუქტების ხარისხი „ლიდერფუდთან“ ასოცირდებოდეს. ამისთვის ძალიან დიდი გუნდი ყოველდღიურად დაუღალავად მუშაობს და დამზადებიდან მისი საბოლოო სახით წარმოდგენამდე, პროდუქტი უამრავ შემოწმებას გადის, ინსპექტირება ხდება როგორც შიდა დანერგილი სტანდარტით, ასევე საერთაშორისო მითითებების მიხედვით.