მხოლოდ აგვისტოში, ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიაზე დიდი ფასდაკლებები გელით! პრომეთეს მღვიმეში, სათაფლიას მღვიმეში, ოკაცეს კანიონზე, ოკაცეს ჩანჩქერზე და მარტვილის კანიონზე − მათგან რომელიღაც ტერიტორიაზე 1 ბილეთის შეძენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი პირი მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას. ხუთივე ტერიტორიის ერთობლივი, „კომბო“ ბილეთის შეძენისას კი 40%-იან ფასდაკლებას. ფასდაკლება იმოქმედებს მხოლოდ სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირის გარდა.
დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, აღმოაჩინეთ ულამაზესი ბუნება, გაიხალისეთ აგვისტოს ცხელი დღეები და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები!
პრომეთეს მღვიმე / prometheuscave.ge
იმერეთი − მრავალფეროვანი და მრავალმხრივ საინტერესო კუთხე, გარდა უძველესი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა, ბუნების ულამაზესი ძეგლებით და იმერეთის მღვიმეებით გამოირჩევა.
პრომეთეს მღვიმე მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში.
წყალტუბოში მდებარე პრომეთეს მღვიმე საქართველოს სავიზიტო ბარათია და მას აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
სათაფლიას მღვიმე / satapliacave.ge
ქუთაისიდან 20 წუთის მანძილზე, სათაფლია, ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებით, თითოეულ სტუმარს არაჩვეულებრივ სანახაობას ჰპირდება. სათაფლია, თავისი პრეისტორიული ხანის დინოზავრების ნაკვალევით და კარსტული მღვიმეებით, ხაზს უსვამს საქართველოს უძველეს ისტორიასა და ბუნების მრავალფეროვნებას.
სათაფლიაში მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედები იშლება.
სათაფლიაში მოგზაურობისას, არაერთ თავგადასავალში აღმოჩნდებით. ასე რომ, სათაფლია ნამდვილად ის ადგილია, სადაც მოგზაურობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა!
მარტვილის კანიონი / martvilinationalpark.ge
მარტვილის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა.
ქვით მოკირწყლული, 700 მეტრი სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს, რომელზეც განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30-საფეხურიანი ისტორიული კიბე.
ვისაც ულამაზეს კანიონში ნავით გასეირნება გსურთ, მარტვილის კანიონზე სანაოსნო ტური და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.
ასე რომ, მოიკიდეთ ზურგჩანთები და აღმოაჩინეთ სამეგრელოს ულამაზესი ბუნება − მარტვილის კანიონი.
ოკაცეს კანიონი / okatsecanyon.ge
საქართველოში პირველი კიდული ბილიკი ოკაცეს კანიონშია, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება. საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მეტრი სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.
ოკაცეს კანიონის ბილიკის საფარი გამჭვირვალეა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის.
ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელი გორდას მიმდებარედ მდებარეობს.
ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი / okatsewaterfall.ge
ოკაცეს ჩანჩქერი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მახლობლად მდებარეობს.
თუ გსურთ, მოგზაურობა ერთგვარი სპორტული ჟინით, აზარტითა და ადრენალინით გაამდიდროთ, ზიპლაინის სერვისით უნდა ისარგებლოთ.
ვიზიტორები, უსაფრთხოების მიზნით, აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ნივთებით (ღვედები და ჩაფხუტები), სერვისს კი კვალიფიციური გიდები გაუწევენ.
ოკაცეს კანიონი შესანიშნავი ადგილია ახალი თავგადასავლების შესაქმნელად! ასე რომ, ეწვიეთ საქართველოს ეროვნულ პარკებს და აღმოაჩინეთ ოკაცეს ჩანჩქერი!
კოლხეთის ეროვნული პარკი / kolkhetinationalpark.ge
კოლხეთის ეროვნული პარკი UNESCO-ს ბუნებრივ მემკვიდრეობად ნომინირებული საიტია. პარკი გამოირჩევა ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიომრავალფეროვნებით. აქ წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები ეროვნულ პარკს სრულიად გამოარჩევს სხვა დანარჩენისგან.
კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. მდინარეების − ჭურიისა და ფიჩორის ხეობებში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბებზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატარღით, პანტონითა და კაიაკით გასეირნება, შემდეგ კი უძველესი კოლხური ტყეებისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.
თუ ფოთში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ კოლხეთის ეროვნული პარკი!
მტირალას ეროვნული პარკი / mtirala.ge
ბათუმიდან 25 კმ-ის დაშორებით, მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს, რომელიც თავისი მრავალფეროვანი ბუნებითა და სერვისებით, ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა საქართველოში.
დაუვიწყარი თავგადასავლების შესაქმნელად, მტირალას პარკში აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ. თუ გსურთ, მოგზაურობას დამატებითი ემოციები და ადრენალინი შემატოთ, აქ თქვენ ზიპლაინი და ე.წ. „თოკების პარკი“ დაგხვდებათ.
ხეებზე გაბმულ ბაგირზე დაშვება, უსასრულო ტყეებისა და ულამაზესი ბუნების ფონზე, დაუვიწყარ ემოციებს შეგმატებთ.
რაც შეეხება „თოკების პარკს“, იგი ეკოტურისტულ ატრაქციას და შემეცნებით-გასართობ ადგილს წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი.
გარდა ამისა, მტირალას ეროვნულ პარკში მოწყობილია ერთი და ორდღიანი ტურისტული მარშრუტები, საპიკნიკე, საკემპინგე და კოცონის დასანთები ადგილები. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკოტურებსაც სთავაზობს.
თუშეთის ეროვნული პარკი / tushetinational.ge
კავკასიონის მთებში მიკარგული თუშეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა. იდუმალებით მოცული ეს მხარე საქართველოს ყველა სხვა კუთხისგან განსხვავებულია და მისი მრავალფეროვანი ბუნება და კულტურა აჯადოებს აქ ჩამოსულ ადამიანებს.
თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა სირთულის 1, 2, 3, 4 და 6-დღიან ბილიკებს მოიცავს. უნიკალურ ისტორიულ-კულტურულ და ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე და ნიამორებზე დაკვირვების ტურები.
თუშების კულტურა განსაკუთრებულია. მათ მთავარ საქმიანობას ოდითგანვე წარმოადგენდა მთა-ბარული მეცხვარეობა და დღესაც აქტიურად მისდევენ მას. თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, მეცხვარე ნაგაზი, თუშური ყველი, თუშური ფარდაგი, თუშური თექა, თუშური ქუდი და სხვა, ერთად, ქმნის თუშეთის ერთიან კულტურულ-ესთეტიკურ სივრცეს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / lagodekhinationalpark.ge
გიყვართ ფეხით ან ცხენით მოგზაურობა? ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურისტული აქტივობების ფართო არჩევანს გთავაზობთ. მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს ულამაზესი ჩანჩქერებისა თუ უძველესი ციხე-სიმაგრეების სანახავად. თუ თქვენ ხართ ამბიციური და სპორტული მოლაშქრე, აუცილებლად უნდა სცადოთ სამდღიანი ლაშქრობა შავი კლდეების ტბისკენ, რომლის ალპური ზონიდან კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება.
ტურისტული თვალსაზრისით, ტერიტორია კეთილმოწყობილია. დღეისათვის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს, კერძოდ: „როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი“, „მაჭის ციხე“, „შავი კლდეების ტბა“ და ბუნების შემეცნებითი ბილიკი.
გარდა ამისა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. „თოკების პარკი“ მოგზაურობას დამატებით ხიბლს სძენს. ასე რომ, თუ გსურთ თავგადასავლებით სავსე შაბათ-კვირის გატარება თბილისთან ახლოს, ულამაზეს გარემოში, ლაგოდეხის ეროვნული პარკი სწორედ ეს ადგილია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი / borjomi-kharagaulinationalpark.ge
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. გამოყოფილია საპიკნიკე, საკემპინგე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, „თოვლის ფეხსაცმელების“, კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
მათთვის, ვისაც სურს აღმოაჩინოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ველოსიპედით, აქ სხვადასხვა სირთულის რამდენიმე ველობილიკი ელის. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ველოსიპედი არ გყავთ, სამთო ველოსიპედის ქირაობა ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი.