ფილმის ჟანრს ხშირ შემთხვევაში განწყობის მიხედვით ვარჩევთ, ვცდილობთ მეტნაკლებად გამოხატავდეს იმ ემოციას, რომელსაც კონკრეტულ მომენტში განვიცდით. ხშირად მოგზაურობასთან დაკავშირებული ფილმებიც გვიზიდავს, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენც ფილმის გმირებთან ერთად ვეშვებით თავგადასავლების სამყაროში და ამ დროს სიუჟეტი არა მხოლოდ შთამბეჭდავი ამბავი, არამედ სამოგზაუროდ წასვლის ინსპირაციაც შეიძლება გახდეს. ამის მიზეზი კი ალბათ ფილმებში ასახული გარემო, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიცია და ახალი თავგადასავლებია, რომელიც ყველა მოგზაურობას თან სდევს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეული შეზღუდვები დაგვიტოვა მოგზაურობასთან დაკავშირებით, საქართველოშიც არსებობს უამრავი ადგილი, რომელიც ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ არ უნახავს და ეს ზაფხული საუკეთესო პერიოდია ჩვენი ქვეყნის უკეთ გასაცნობად, ამიტომ OK! გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენში ახალი შთაბეჭდილებების წყურვილს გააღვიძებს.
„ველურ პირობებში“
ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. 1992 წელს ემორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საუკეთესო სტუდენტი და ათლეტი კრისტოფერ მაკქენდლესი უარს ამბობს საკუთარ ქონებაზე. თავის დანაზოგს 24 000 დოლარის ოდენობით მთლიანად ქველმოქმედებაში ხარჯავს და თავად უდაბურ ადგილას საცხოვრებლად, ავტოსტოპით ალასკაზე მიემგზავრება. გზად, კრისტოფერი უამრავ პერსონაჟს შეხვდება, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან.
„შუაღამე პარიზში“
რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩამოდის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სამუდამოდ დარჩენა უნდა.
„უოლთერ მიტის წარმოუდგენელი ცხოვრება“
ვინ თქვა, რომ პატარა ადამიანის გულში არ შეიძლება ცოცხლობდეს დიდებული ოცნებები? მორიდებულს და შეუმჩნეველსაც უჩნდება ხოლმე სურვილი, ჩაიდინოს გიჟური, მაგრამ გმირული საქციელები, დაიჯეროს საკუთარი ძალის.
ჟურნალ LIFE-ის ფოტომენეჯერს ხშირად რეალობის აღქმა უჭირს. ერთხელაც ის დაკარგული ნეგატივის საპოვნელად გაემგზავრება.
„კონ-ტიკი“
ნორვეგიული ისტორიული ფილმი. ეძღვნება 1947 წლის კონ-ტიკის ექსპედიციას, რომელსაც ტორ ჰეიერდალი ხელმძღვანელობდა. ფილმი მოგვითხრობს ერთი საინტერესო ადამიანის ისტორიას, რომელმაც მეგობრებთან ერთად წყნარი ოკეანე ტივის გამოყენებით გადალახა და ამ საკმაოდ რთულ გზაზე უამრავი საოცრება იხილა...
„ველური“
მოქმედება შუახნის ქალბატონის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც 1100 მილის გავლა მოუწევს იმისათვის, რათა საკუთარი თავი იპოვოს. ფილმი შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვითაა გადაღებული.