თბილისის დაარსების ისტორია იმ მინერალურ გოგირდოვან წლებს უკავშირდება, რომელიც თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მიწის ზედაპირიდან ამოედინება. კურორტის პროექტი 1934 წელს მიხეილ ზანდუკელმა შეიმუშავა და იგი მსოფლიოს იმ იშვიათ კურორტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ისტორია და გამოცდილება მრავალ წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ თბილისის ბალნეოლოგიური სპაკურორტი ბადენ-ბადენთან, კარლოვი ვართან და ბუდაპეშტთან ერთად, მეოთხე ქალაქია, სადაც როგორც გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო, ისე სამკურნალო პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მარგალიტი დედაქალაქის შუაგულში, ადგილი, სადაც ხელახალი დაბადების შანსი ეძლევა ყველა იქ მისულ სტუმარს. მას 2011 წლიდან კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ OK! თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კომერციულ მენეჯერს, სალომე ყვავილაშვილს ეწვია.
სალომე, გვიამბეთ, რა სახის სერვისებს სთავაზობს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებლებს?
აქ დაიბადა თბილისი და აქ ხელახალი დაბადების შანსი ეძლევა ყველას, ვინც მოვა ჩვენთან და მიიღებს ჩვენს უნიკალურ პროცედურებს. საქართველო რომ ცნობილია მინერალური წყლებით, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუმცა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ის მინერალური გოგირდოვანი წყლები, რომელიც თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მიწის ზედაპირიდან ამოედინება, უნიკალურია.
ჩვენი მიწიდან ექვსი სახეობის მინერალური გოგირდოვანი წყალი ამოედინება. თითოეული მათგანი სხვადასხვა შემცველობის, განსხვავებული მინერალებისა და ტემპერატურისაა.
თბილისის ბალნეოლოგიური სპაკურორტი რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს, ესენია: სამედიცინო-დიაგნოსტიკური და სამკურნალო-სარეაბილიტაციო მიმართულებები; ბალნეოთერაპია და სპა-გამაჯანსაღებელი პროცედურები, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც სამედიცინო, ისე სარელაქსაციო პროცედურებს, მინერალური გოგირდის წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახისა და პარაფინის აპლიკაციებს, წყალქვეშა და მშრალ გაჭიმვებს, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და სხვა სახის მასაჟებს.
აღვადგინეთ ძველი ბალნეოპროცედურები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ მიმდინარეობდა კურორტზე. მომხმარებლებს ჩვენთან შეუძლიათ ისარგებლონ შარკოს და აღმავალი შხაპებით. ასევე გავხსენით ველნეს სპამიმართულება – აკვა-აერობიკა, იოგა, ფიტნესი, სოლარიუმი, ლაზერი, ინიექციური და არაინიექციური კოსმეტოლოგია. ერთ სივრცეში, ერთი ქოლგის ქვეშ მოვაქციეთ სამედიცინო, სამკურნალო-სარეაბილიტაციო, ბალნეო და ველნეს სპა მიმართულებები. აქ შემოსულ მომხმარებელს შეგვიძლია შევთავაზოთ მომსახურების სრული სერვისი ყველა მიმართულებით.
ჩვენთან ასევე არის მასაჟის სკოლა, ხოლო ტრენინგების შემდეგ ვიტოვებთ საუკეთესოებს. გვაქვს დაახლოებით 100 სახეობის მასაჟი, მათ შორის: სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, ტაილანდური, ცხელი ქვებით, ოთხ ხელში, ჩინური წერტილოვანი და სხვა.
რა სახის დაავადებების მკურნალობაა შესაძლებელი კურორტზე?
მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით. კურორტზე არსებული მინერალური წყლები საუკეთესოა ძვალსახროვანი სისტემისთვის, უროლოგიური, გინეკოლოგიური, დერმატოლოგიური და გასტროენტეროლოგიური პრობლემებისთვის. მოგვიანებით შევისწავლეთ ესთეტიკური მიმართულება და ვმკურნალობთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ჭარბი წონა, ცელულიტი და სტრიები.
რა მიგაჩნიათ კურორტის მთავარ უპირატესობად?
ბალნეოლოგიურ კურორტს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, მათ შორის ის, რომ ქალაქიდან გაუსვლელად შესაძლებელია მიიღოთ კურორტული მომსახურება და პროცედურების ჩატარების შემდეგ ძალიან ახლო მანძილზე გადაინაცვლოთ გასართობად, რადგან ჩვენი ლოკაცია საუკეთესოა ამ მიმართულებითაც. ბალნეოლოგიური კურორტი თბილისის შუაგულში, ვახტანგ გორგასლის 9 ნომერში მდებარეობს და გარს არტყავს გასართობად საუკეთესო ადგილები.
ჩვენი წამყვანი სამკურნალო ფაქტორი გახლავთ თერმული მინერალური წყალი და ფსევდოვულკანური სამკურნალო ტალახი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცედურები მაქსიმალურად მდიდარია მინერალებითა და სამკურნალო თვისებებით. შესაბამისად, შედეგიც უნიკალურია.
ჩვენთან მოსული მომხმარებელი ბალნეოთერაპევტის დახმარებით გადის სრულ კვლევას, რის შემდეგაც იწყებს სხვადასხვა, მისთვის საჭირო პროცედურებს. ეს კვლევები ჩვენს კურორტზე ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად ხელმისაწვდომია.
ობიექტზე მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები. გვიამბეთ, რა შეცვალა ამან კურორტის განვითარების თვალსაზრისით?
დიახ, 3 წლის წინ დაიწყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღვადგინეთ შენობის პირველადი იერსახე. გვყავს არაჩვეულებრივი დიზაინერები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ არ შეიცვალოს ინტერიერი და ექსტერიერი. ჩავატარეთ ურთულესი სამუშაოები, სრულად გამოიცვალა წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. შენობის გასამაგრებლად ჩატარდა კოლოსალური სამუშაოები, შევუნარჩუნეთ ბერძნულ-რომაული სტილისტიკური მახასიათებლები გრძელი კოლონებით და მარმარილოთი მოპირკეთებული სივრცეებით. სამი წლის განმავლობაში გავხსენით სხვადასხვა ახალი მიმართულება, პირობითად, სამედიცინო, სრული სპექტრი ამბულატორიული მიმართულებით − იქნება ეს კლინიკური ბიოქიმიური ლაბორატორია თუ ექოსკოპია ბოლო თაობის აპარატით, ასევე დენსიტომეტრია, კოლონოსკოპია, გასტროსკოპია და ენდოსკოპია.
როგორც ცნობილია, თქვენთან წარმოდგენილია ბოლო თაობის, უმაღლესი ხარისხის აპარატურა. გვესაუბრეთ ამის შესახებ.
კურორტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და რაც მთავარია, გამოირჩევა კვალიფიციური, პროფესიონალი გუნდით. გვყავს ყველა პროფილის ექიმი – პედიატრი, უროლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, ბალნეოთერაპევტი, კურორტოლოგი, გასტროენტეროლოგი. მუდმივად ორიენტირებულები ვართ ჩვენი კადრების გაზრდაზე და განვითარებაზე, რათა გავაუმჯობესოთ ბაზარზე არსებული ხარისხი ამ მიმართულებით. კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ხშირად ვაგზავნით უცხოეთში ტრენინგებზე. ძალიან დიდ რესურსს ვიღებთ მათ გადამზადებაში.
პაციენტის გამოჯანმრთელების კონკრეტულ ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებდით?
13 წლის პაციენტი გვყავს ძალიან მძიმე ტრავმით, რომელიც ვერ გაივლის ვერასდროს, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად, მას არ შეეძლო დაჯდომა და აწუხებდა აუტანელი ტკივილები. 15 პროცედურის შემდეგ მოვუხსენით ტკივილები და დავსვით სავარძელში ყოველგვარი გართულების გარეშე.
კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა გვაქვს, როდესაც პაციენტს საგრძნობლად შევუმსუბუქეთ მდგომარეობა.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები გვსტუმრობენ, თუმცა აქამდე საკმაოდ მზარდი ტენდენცია იყო ტურისტების მხრიდან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტურისტებისა და ქართველი მომხმარებლების რაოდენობა პროცენტულად 50X50-ზე იყო. ძირითადად, ინტერესდებიან გოგირდის წყლებით, მასაჟებით, ტალახის აპლიკაციებით, ცხელი ქვებით.
როგორი იყო პანდემიის პერიოდი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტისთვის?
პანდემიის პერიოდში ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრი ვიყავით, რომელსაც არ შეუჩერებია მუშაობა როგორც სამედიცინო, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით.
პანდემიის პერიოდში დავხურეთ მხოლოდ ველნეს სპამიმართულება, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ეს მიმართულებაც აღვადგინეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან უმაღლეს დონეზეა დაცული უსაფრთხოება და ვიცავთ ყველა რეკომენდაციას, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა თავი დაცულად, უსაფრთხოდ იგრძნონ და ნდობა ჰქონდეთ ჩვენ მიმართ.
რა სახის სიახლეები და გეგმები გაქვთ ამ ეტაპზე?
ამ პერიოდში გავხსენით 30-ნომრიანი სასტუმრო და სამომავლოდაც არ ვაპირებთ გაჩერებას... წელიწადნახევარში გავხსნით 130-ნომრიან საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს და ჩვენს ბაზაზე არსებულ სამედიცინო უნივერსიტეტს. პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველაფერი დახურული გახლდათ, ჩაკეტილი იყო საზღვრები, ჩვენ გავხსენით ბალნეოპროცედურები, ჩამოვიტანეთ უახლესი თაობის შარკოს აპარატი – აღმავალი, ცირკულარული შარკო. საქართველოში პირველებმა გავხსენით თალასო ვიში, ტალახით, ცხელი ქვებით, ზღვის მარილით, სკრაბით. გავხსენით არომათერაპიის ოთახი სხვადასხვა დანამატით; ასევე, საფერავის ღვინის აბაზანა, რომლის დროსაც მომხმარებელი ცხელ ღვინოში იღებს აბაზანას 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ხდება წიპწის ზეთით მასაჟი.
ბალნეოლოგიური კურორტის მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის შენარჩუნება, საუკეთესო სერვისი და მომხმარებლის ნდობის გამართლება, რისთვისაც ჩვენი გუნდი მუდამ მზად არის და ყველაფერს აკეთებს ამისთვის.