ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გადის განვითარების სხვადასხვა ეტაპს, თითოეულ მათგანს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიბერემდე მისვლაში, რადგან მათი სწორად გავლა ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების საწინდარია. OK! გერონტოლოგ სოსო დალაქიშვილს ესაუბრა, რომელმაც უფრო დეტალურად გვიამბო, კიდევ რა განაპირობებს და რაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და რა სახის ღონისძიებებია გასატარებელი ამჟამინდელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გთავაზობთ საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანების ფოტოებს:
ბატონო სოსო, გვიამბეთ, რა განაპირობებს და რაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა?
რასაკვირველია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი მაინც სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა. იმისათვის, რომ ადამიანთა სიცოცხლის განგრძლივობა კიდევ უფრო გაიზარდოს, აუცილებელია ამ მიმართულებით მთელი რიგი რეფორმების გატარება, უპირველესად, სამედიცინო მომსახურების სისტემაში.
უფრო კონკრეტულად გვიამბეთ, რა სახის ღონისძიებებია გასატარებელი იმისათვის, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდოს.
უპირველეს ყოვლისა, სასწავლო პროგრამებში უნდა მოხდეს ცვლილებები, კვალიფიკაცია უნდა აუმაღლდეთ ექიმებს და უნდა მოგვარდეს პენსიონერთა სოციალური და პოლიტიკური უზრუნველყოფის საკითხები. ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, იმისათვის, რომ ადამიანმა იცოცხლოს მეტი, ვიდრე დღეს ცოცხლობს.
როგორია საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა?
სიმართლე გითხრათ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, არ არის ბევრად მეტი, მით უმეტეს იმდენად, რომ ვინმე გავაკვირვოთ. იყო პერიოდი, როდესაც საქართველო ინტერესს იწვევდა ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ შედარებით მეტი იყო დღეგრძელ ადამიანთა ხვედრითი წილი, ანუ 90 წლიდან ზემოთ, მაგრამ დღესდღეობით დიდი სხვაობა აღარ არის, რადგან სხვადასხვა ქვეყანამ რიგი რეფორმები განახორციელა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გასაზრდელად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი ის სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების რეგულირება და შეცვლაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ასაკოვანი ადამიანების ღირსეული ცხოვრება, რაც სიცოცხლის გახანგრძლივების ხელშემწყობი ფაქტორია.