OK! Travel Book მთლიანად საქართველოს კუთხეებისა და ქვეყანაში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ გიამბობთ, რაც საკმაოდ მრავლად გვაქვს წარმოდგენილი. დამეთანხმებით, სვანეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა, სადაც ბუნება და ადამიანები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და გარდა ამისა, გამოირჩევა ისტორიულ-რელიგიური კუთხითაც. მოყოლილს საკუთარი თვალით ნანახი სჯობს, მაგრამ ვიდრე გადაწყვეტთ, თავად ეწვიოთ ამ ულამაზეს კუთხეს, ერთად ვიმოგზაუროთ და გავეცნოთ სვანეთში წარმოდგენილ ღირსშესანიშნაობებს.
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სვანეთის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა, რომელზე საუბარსაც გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდით. მუზეუმი მესტიაში მდებარეობს და მისი ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. იგი მოიცავს მრავალფეროვან ექსპოზიციას, სადაც წარმოდგენილია სვანეთის ეთნოკულტურული მემკვიდრეობა, ხელოსნობის თითქმის ყველა დარგი. მუზეუმში რეაბილიტაცია ჩატარდა, რისი დასრულების შემდეგაც საგამოფენო დარბაზები მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთად გადავინაცვლოთ მუზეუმში, სადაც ვიზიტი სვანეთში აღმოჩენილი ძვ.წ. აღ-ის III ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური მასალის გაცნობით იწყება და მას მოსდევს ნუმიზმატიკური კაბინეტი, IX-XVIII საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების საგანძური, IX-XIX საუკუნეების ნაბეჭდი წიგნების, სასულიერო და საერო ხელნაწერების ექსპოზიცია.
მესტიის მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები, უძველესი ხელნაწერები, ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.
ისტორიაში მოგზაურობა ამით არ დასრულებულა და ახლა გიამბობთ 5 ყველაზე პოპულარული ექსპონატის შესახებ, რომლებიც მესტიის მუზეუმშია დაცული:
ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატი დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) ვერცხლის მონეტებია, რომლებიც ქართული ფულის ერთ-ერთი გამორჩეული და იშვიათი ჯგუფია. მონეტებზე წარწერა ქართული ასომთავრულითაა შესრულებული და დავით IV მოხსენიებულია ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულით – „სევასტოსი“.
მუზეუმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ექსპონატია ადიშის ოთხთავი (897 წ.), რომელიც ეტრატზეა შესრულებული. იგი მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუშია. შემკულია IX-X საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მხატვრული პრინციპების შესაბამისად – მახარებელთა მინიატურები, კამარები, კიბორიუმი დასაწყისშია თავმოყრილი. თავფურცელზე გამოსახულია ტოლმკლავა ჯვარი (კვადროფოლიუმი). გადაწერილია შატბერდში მიქაელის მიერ შატბერდის მონასტრის წინამძღვრის, სოფრონის დაკვეთით, შემმოსველი კი მიქაელ დიაკონია.
ჩამოთვლილ ექსპონატებს შორის აღსანიშნავია 40 სებასტიელი მოწამის ხატი (XII ს.), რომელზეც წარმოდგენილია 40 სებასტიელი მოწამე და მაცხოვარი, რომელიც ორივე ხელით აკურთხებს მოწამეებს. ხატში ასახულია ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ ბიზანტიურ სამყაროში პოპულარული თემის ინდივიდუალური გადაწყვეტა – ეს არის ქართული ხატწერის კლასიკური ნიმუში, რომელიც ნათლად წარმოაჩენს საქართველოს კავშირს ევროპულ კულტურასთან.
რაც შეეხება კიდობანს (XIX ს.) სვანეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში ფართოდ გავრცელებული სამეურნეო სათავსო იყო, რომელშიც ინახავდნენ მარცვლეულს, ფქვილს, გამომცხვარ პურს. არსებობდა საკულტო დანიშნულების კიდობნებიც, სადაც სარიტუალო კვერები და სადღესასწაულოდ განკუთვნილი ფქვილი ინახებოდა. ასეთ კიდობნებს სვანეთში წმინდას უწოდებდნენ და ეკლესიებს სწირავდნენ. მათზე უმეტესწილად გამოისახებოდა სხვადასხვა სახის „ჭრელები” და მაგიურ-აპოტროპული ხასიათის მოტივები.
დაბოლოს, თხილამურები (XIX ს.). სვანეთში გავრცელებული იყო მრგვალი და ოვალური ფორმის სასიარულო თხილამურები ზამთარში ნადირობისას, დათოვლილი ბილიკების დასატკეპნად. მთაში სასიარულოდ გამოიყენებოდა ასევე სპეციალური ქალამნები – ბანდულები, რომელთაც ძირი თასმებით ჰქონდა გამოწნული, გამობანდული, რათა ფეხი მყარად მოკიდებულიყო თოვლზე ან ქარაფზე. სითბოსა და სიმშრალისთვის შიგ აფენდნენ ბალახს. ასეთ ქალამნებს მამაკაცები თავად კერავდნენ ღორის ან თხის ტყავისგან.
მის: მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7
FB: სვანეთის მუზეუმი – Svaneti Museum
სამუშაო საათები:
სამშაბათიდან კვირის ჩათვლით,
10:00 საათიდან 18:00 საათამდე