„მოსმიერი“ ძველქართულად „ღვინის მოტრფიალეს“ ნიშნავს! „მოსმიერი“ ვენახებში ჩაფლული და კავკასიონის ქედით გარშემორტყმული თვალწარმტაცი შატოა, რომელიც კახეთში, თელავის მახლობლად, თბილისიდან 1.5 საათის სავალზე მდებარეობს. ეს ის ადგილია, რომელიც სტუმრობისთანავე შეგიყვარდებათ და თავს დაგამახსოვრებთ მაღალი ხარისხის მომსახურებით, უგემრიელესი კერძებით, პრემიუმკლასის უნიკალური ღვინით და რა თქმა უნდა, დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით.
კომპლექსი მოიცავს: სასტუმროს, საკონფერენციო დარბაზებს, ღია აუზს, აუზის ბარს, რესტორანსა და ტერასას; ოთახს ბუხრით, კოშკურას, ღვინის წარმოებასა და ღვინის მარანს. სასტუმრო კომპლექსი ერთ სივრცეში აერთიანებს ძირითად შენობას 7 სტანდარტული ნომრით და კოტეჯის ტიპის 4 ნაგებობას − 16 საოჯახო დელუქს ნომრით, ასევე 50-60 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს. სასტუმროს შუაგულში მოქცეულია ღია აუზი და აუზის ბარი, რომელიც გარშემორტყმულია ბაღითა და გამწვანებული სივრცეებით.
„მოსმიერის“ რესტორანი მასპინძლობს როგორც მცირე, ასევე მასშტაბურ ღონისძიებებს 200 ადამიანის შემადგენლობით. რესტორნის მოძრავი ვიტრაჟები უკავშირდება ტერასას კავკასიონის ქედისა და ალაზნის ველის შთამბეჭდავი პანორამით, სადაც შეგიძლიათ ერთდროულად მიირთვათ ქართული ტრადიციული კერძები, დააგემოვნოთ „მოსმიერის“ ღვინის პრემიუმსახეობები და დატკბეთ ხედების ცქერით. ასევე გექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღოთ ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში და ღვინის დეგუსტაციებში.
მეღვინეობა „მოსმიერში“ ქართული ტრადიციული და თანამედროვე ევროპული მეთოდების სინთეზით, ღვინო ტექნოლოგიური პროცესების სრულ ციკლს გადის. ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია სხვადასხვა სახეობის თეთრი და წითელი ღვინო, რომელთა დაგემოვნება-შეძენას შეძლებთ როგორც რესტორანში, ასევე „მოსმიერის“ ღვინის ბარში თუ ადგილობრივ ბაზარზე: რესტორანი „ფუნიკულიორი“, „ბარბარესთან“, „ტაბლა“, „პომოდორისიმო“, „ვაინ რუმ ბათუმი“, „ლე მერიდიენ ბათუმი“. ღვინის რეალიზაცია ასევე ხდება ექსპორტის გზით მსოფლიოს 9 ქვეყანაში: გერმანია, იტალია, ბელგია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, უკრაინა, იაპონია და ჩინეთი.
ღვინის საწარმო აღჭურვილია თანამედროვე, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებით და ფრანგული მუხის კასრებით ღვინის დასაძველებლად. აქ ასევე წარმოდგენილია ტრადიციული მარანი 24 უძველესი ქვევრით, საწნახელით და ყველა იმ ატრიბუტით, რომელსაც ოდითგანვე იყენებდა ქართველი კაცი ღვინის დასაყენებლად. წლიურად, „მოსმიერი“ აწარმოებს 200 000 ბოთლ მაღალი ხარისხის ღვინოს.
როგორც ექსპორტის მენეჯერმა თამარ მეტრეველმა აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით, გაყიდვები გაორმაგდა და დაფარვის გეოგრაფიაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა. „2019 წელს გამართულ „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „მოსმიერის“ ღვინის სახეობებმა 2017 წლის მოსავლის „საფერავი ქვევრმა“ და „საფერავი 2015“-მა მიიღო ოქროს ჯილდოები. წარმოების კუთხით, კომპანია ყოველწლიურად აფართოებს სავენახე ფართობებს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებელს სთავაზობს ახალი დასახელების ღვინის სახეობებს.
OK! დაინტერესესდა, საიდან გაუჩნდა სასტუმროს დამფუძნებელსა და დირექტორს, იორგ მატიესს საქართველოში სასტუმროს გახსნის იდეა და მას პირადად ესაუბრა.
როდის გქონდათ პირველი შეხება საქართველოსთან და რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
პირველად საქართველოში 2009 წელს ჩამოვედი, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. საქართველო არის ძალიან დინამიკური და ლამაზი ქვეყანა, გონებაგახსნილი და მეგობრული ხალხით. მისი მშვენიერება, სტუმართმოყვარეობასთან და ლიბერალურ განწყობებთან ერთად, ძალიან მიმზიდველია როგორც ბიზნესმენებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში სასტუმროს გახსნა?
თავიდანვე განზრახული გვქონდა, შეგვექმნა მაღალი კლასის ღვინის ტურიზმზე ორიენტირებული კომპლექსი კახეთში, სადაც უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს მიეცემოდათ საშუალება დამტკბარიყვნენ უნიკალური გარემოთი, ფანტასტიკური ქართული ღვინის სახეობებით (ტრადიციული და თანამედროვე ქარხანა), ადგილობრივი უნიკალური კერძებით (რესტორანი და ტერასა) და კომფორტული სასტუმროთი. სასტუმროს კომპლექსი წარმოდგენილია ღია აუზით და ირგვლივ გარშემორტყმული ვენახებით, საოცარი პეიზაჟით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სტუმრების კმაყოფილების მაღალ დონეს და ხაზს უსვამს „მოსმიერის“ უნიკალურობას.
თავიდანვე განზრახული გვქონდა შეგვექმნა მაღალი დონის ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც მთლიანად ღვინოსთან იქნებოდა დაკავშირებული და სარგებლობა შეეძლებოდათ როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტებს ისეთი პრემიერადგილებით, სადაც წარმოდგენილია ფანტასტიკური ქართული ღვინის სახეობები (თანამედროვე და ტრადიციული ღვინის ქარხანა), შესანიშნავი ადგილობრივი საკვები (რესტორანი) და კომფორტული ოთახები (სასტუმრო). სასტუმრო გარშემორტყმულია აუზით, ვენახებით, შესანიშნავი პეიზაჟებითა და საოცარი ხედებით.
რა გეგმები გაქვთ? როგორ ხედავთ სასტუმროს მომავალს?
ჩვენი გეგმები მოიცავს მთელი ტერიტორიის კიდევ უფრო დახვეწასა და გაუმჯობესებას. მათ შორის, საგზაო ობიექტების (მაღაზია, კაფე), ახალი შესასვლელი კარიბჭეების, ღვინის მცირე მუზეუმის, საზაფხულო პავილიონისა და ხეხილის ბაღების ჩათვლით.
პირველად როდის გამოჩნდა სასტუმრო ქართულ ბაზარზე?
სასტუმრო გასულ წელს გავხსენით, ხოლო მეღვინეობა და რესტორანი 2017 წლიდან ფუნქციონირებს. 2019 წლის განმავლობაში ჩვენ ვუმასპინძლეთ 23 000 სტუმარს, რაც სიამაყით გვავსებს და უფრო მეტის მოტივაციას გვაძლევს.
რა მიგაჩნიათ „შატო მოსმიერის“ მთავარ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა უნიკალური ადგილმდებარეობაა, უნიკალური ბუნება და თვალუწვდენელი სივრცე, რომელიც შესანიშნავ ღვინოსთან, საკვებთან და მომსახურებასთანაა კომბინაციაში. ჩვენი ობიექტები განლაგებულია 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც გადაჰყურებს ალაზნის ველს და კავკასიონის მთების ულამაზეს პანორამას. აქ არის უნიკალური ატმოსფერო, რომელიც სულიერ სიმშვიდესა და თავისუფლებას შეგაგრძნობინებთ. ეს არის ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, მით უფრო, რომ დედაქალაქიდან სულ რაღაც 1,5 საათის სავალზეა.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობს სასტუმრო საზოგადოებას?
ჩვენ გვაქვს მთელი რიგი მომსახურებისა, მათ შორის გარე რესტორანი, სადაც უგემრიელესი კერძები მზადდება, მარანი მეღვინეობისა და მასტერკლასებისთვის; ბარი, საცურაო აუზი მზისგან დამცავი ქოლგებით და მიკროავტობუსის მომსახურება. პანდემიის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო გარე ობიექტები, მათ შორის ღია ტერასა, ეზო.
რა სიახლეებით დაუბრუნდით საზოგადოებას პანდემიის დასრულების შემდეგ და რა გეგმები გაქვთ წლის ყველაზე ცხელი სეზონისთვის?
დამსვენებლებს ვთავაზობთ ყოველდღიური აურზაურისგან თავის დაღწევას, რაც საშუალებას მოგცემთ დაუბრუნდეთ საკუთარ თავს და აღიდგინოთ ენერგია. ეს არის ადგილი, რომელიც დადებით ემოციებს აღძრავს დამსვენებლებში და დაუვიწყარ მოგონებებს უტოვებს. ჩვენი მიზანია სტუმრებისთვის მაქსიმალური სიამოვნება და კმაყოფილება, ამისათვის კი ყველაფერს აკეთებს ჩვენი გუნდი.
ნატალია გიგიტელაშვილი − „შატო მოსმიერის“ გენერალური მენეჯერი
წლების განმავლობაში არაერთ წარმატებულ კომპანიაში ვმუშაობდი − როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. ძალები მოვსინჯე სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ტურიზმი ყოველთვის იყო ჩემთვის საინტერესო და სასურველი მიმართულება. საკუთარ ქვეყანაში მასპინძლად ყოფნისა და ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციის სურვილმა განაპირობა ჩემი საქართველოში დაბრუნება და ემოციების ბიზნესში − „ჰოსფითალითის“ ფერხულში ჩაბმა. ვფიქრობ, საქართველოს ხიბლი და ინდივიდუალურობა პატარა, ადგილობრივი შატოებიდან უფრო მეტად შეიგრძნობა, ვიდრე ქალაქის ფეშენებელური სასტუმროებიდან.
„შატო მოსმიერი“ − ეს არის ტურისტული კომპლექსი, რომელსაც ზრდისა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. „მოსმიერმა „2017 წელს დაიწყო ფუნქციონირება ღვინის წარმოებით და სარესტორნო სერვისით. გასულ წელს შატოს ასევე დაემატა სასტუმრო და შეიქმნა ერთიანი კომპლექსი, სადაც სტუმარს შეუძლია ერთდროულად დაისვენოს, მიირთვას ტრადიციული კერძები, დააგემოვნოს „მოსმიერის“ პრემიუმღვინო და დატკბეს კავკასიონის ქედის, ალაზნის ველისა და ქართული ვაზის ჯიშებით გაშენებული ვენახების ლანდშაფტით.
„მოსმიერში“ მოსულ უცხოელ სტუმარს ეძლევა საშუალება ეზიაროს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინთეზს, შეიგრძნოს კახეთის სიდიადე და მრავალფეროვნება, მონაწილეობა მიიღოს კულინარიულ მასტერკლასებში, საკუთარი ხელით მომზადებული კერძები შეუხამოს „მოსმიერის“ ღვინოს, რომლის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესს ასევე ადგილზე გაეცნობა.
ქართველ მომხმარებელს კი, რომლისთვისაც ქართული გარემო და კულტურა უცხო არა არის, ვთავაზობთ ქალაქის ქაოსისგან და სტრესისგან გათავისუფლებას, სიმშვიდეს, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტულ გარემოს, გემრიელ დასვენებას და მოლხენას.
ვცდილობთ, თითოეულ სტუმარს დავუთმოთ დრო და შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სერვისი.
ბედნიერებას მანიჭებს სტუმრებთან კომუნიკაცია, შატოს ყოველი თანამშრომელი ორიენტირებულია სტუმრის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და კმაყოფილებაზე.
განვითარებასა და დახვეწაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობის მუდმივად თანმდევი პროცესია.
გვაქვს სამომავლო გეგმები, რომელიც ჩვენთან ყოფნას მეტად სასურველს და საინტერესოს გახდის: ინფრასტრუქტურის განვითარება, ხილის ბაღის გაშენება, პავილიონის მოწყობა, ღვინის მუზეუმის, კაფეტერიის გახსნა და მრავალი სხვა.
„მოსმიერის“ გუნდის ჩართულობით და დაუღალავი შრომით, ვფიქრობ, წარმატებით განვახორციელებთ არსებულ თუ სამომავლო პროქტებს და ერთხელ მოსულ სტუმრებს კვლავ გავუჩენთ ჩვენთან დაბრუნების სურვილს.
ანნა ბრეგაძე − „მოსმიერის“ მარკეტინგის მენეჯერი
„მოსმიერი“ ჩემთვის არის ნამდვილი აღმოჩენა − ქართული ტრადიციებისა და თანამედროვეობის ტანდემი!
ბრენდი აერთიანებს 3 მიმართულებას: მეღვინეობა, სასტუმროს კომპლექსი და ღვინის ბარ-რესტორანი.
„მოსმიერი“ სტუმრებს სთავაზობს და უნიკალურ შანსს აძლევს, კვლავ იგრძნონ თავი ტურისტებად საკუთარ ქვეყანაში! აღმოაჩინონ და კიდევ ერთხელ შეიგრძნონ ქართული ტრადიციების ძალა! დააგემოვნონ უნიკალური ქართული ღვინო და უგემრიელესი კერძები, მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში და უბრალოდ, დატკბნენ გაშლილი ვენახების ულამაზესი ხედით ალაზნის ველისა და კავკასიონის ფონზე!
მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული სიტუაციის ფონზე, დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოებას სჭირდება განტვირთვა და პოზიტიური ემოციები. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა სურვილები და სტუმრებს ვთავაზობთ მათზე მორგებულ კორპორაციულ თუ ინდივიდუალურ პაკეტებს სრულფასოვანი დასვენების პირობით.