როდესაც თბილისის ძველ სასტუმროებზე ვსაუბრობთ, ცალსახად ნათელია, რომ ეს თემა მხოლოდ შენობებს ნამდვილად არ გულისხმობს. თითოეული სასტუმროს ისტორია გვიამბობს თავად ქალაქზე და ადამიანებზე, რომლებიც მას სტუმრობდნენ. ეს არის ადგილი, რომელიც ინახავს უამრავ ამბავს და საზოგადოებას თავს აყვარებს უპირველესად გარემოთი, ხოლო შემდეგ მასთან დაკავშირებული ისტორიებით. OK! გიამბობთ თბილისში ოდესღაც არსებული სასტუმროების შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი შენობა ახლაც არსებობს – სხვადასხვა ფუნქციით, ან სულაც, უფუნქციოდ...
„ვეტცელი“
„ვეტცელი“ – ეს არის მეორე გილდიის ვაჭარ ფრიდრიხ ვეტცელის სახელობითი სასტუმრო (1897-1900), რომელიც საუკეთესოდ მიიჩნეოდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რადგან აღჭურვილი იყო გათბობით, ელექტროგაყვანილობით, ლიფტით, საბილიარდოთი და ორი რესტორნით, თუმცა მთავარი, რაც „ვეტცელს“ თბილისის სასტუმროებიდან გამოარჩევდა, მარცხენა ფრთაში მოწყობილი თეატრი გახლდათ, სადაც ქორწილები და სხვა საზეიმო შეხვედრებიც იმართებოდა, ხოლო მოგვიანებით, თოჯინების თეატრი განთავსდა. 1911 წლიდან სასტუმროს მფლობელი, „ვეტცელის“ ხელქვეითი, შეძლებული მეწარმე ნოე სიხარულიძე გახდა, რომლის მეშვეობითაც შენობა გაფართოვდა და საფუძვლიანად გადაკეთდა – დაემატა დიდი ვერანდა ფასადის მხრიდან და ჰერმესის მუზარადიანი ფიგურები მთავარი შესასვლელის ორივე მხარეს. სიხარულიძის დროს სასტუმროში 40 ნომერი ფუნქციონირებდა. შენობაში სასტუმრო 1970 წლამდე იყო გახსნილი. ახლა ის დაცლილი და უფუნქციოა.
„ლონდონი“
სასტუმრო „ლონდონი” 1875 წელს გაიხსნა და მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა სადარბაზო იყო, ოვალური კიბითა და ჭერის განათებით, რომელიც დღემდე თითქმის უცვლელადაა შემორჩენილი. სასტუმრო საკმაოდ პატარა გახლდათ, მაგრამ მომსახურების მაღალი დონის გამო, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აღსანიშნავია ევროპულ ენებზე მოსაუბრე პერსონალი – 1913 წლის სარეკლამო განცხადების მიხედვით, აქ სტუმრებს ფრანგულად, გერმანულად და ინგლისურად ესაუბრებოდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, „ლონდონს“ ფრანგი ადმინისტრატორი ჰყავდა, სასტუმროს არსებობის ბოლო 20 წელი კი მას გერმანელი ცოლ-ქმარი − რიხტერები მართავდნენ. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, პეტრე ზუბალაშვილმა შენობა ხელისუფლებას დაუთმო და აქ სამხედრო ლაზარეთის მოსაწყობად 20 000 მანეთი გადასცა. ომის დასრულების შემდეგ, სასტუმრო აღარ აღუდგენიათ. გასაბჭოების შემდეგ, შენობა გლეხთა ცენტრალურ სახლად აქციეს, 1960 წლიდან კი საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს.
„გრანდ ოტელი“
„ლონდონის“ მოპირდაპირე შენობის ძირითადი კორპუსი სამსართულიანია. დაფერდებული რელიეფის გამო, მტკვრისკენ გამავალი ხუთსართულიანი ფასადი ჯერ კიდევ მშრალი ხიდის ქვეშ გამავალ მტკვარს გადაჰყურებდა, როცა აქ 1881 წელს სასტუმრო „გრანდ ოტელი“ გაიხსნა. პრესტიჟულობით „გრანდ ოტელი“ „ლონდონს“ ძალიანაც ჩამოუვარდებოდა. ის კი არა, 1890 წლიდან გზამკვლევებში მეორეხარისხოვან სასტუმროდ, ზოგჯერ „მებელირებულ ოთახებადაც“ მოიხსენიებენ, თუმცა ერთმა შემთხვევამ მას სამუდამოდ გაუთქვა სახელი. 1901 წლის 23 მაისს, სროლის ხმაზე გამოძახებულმა პოლიციამ სასტუმროს ნომრის კარი შეამტვრია და აღმოაჩინა, რომ სასტუმროს მობინადრემ – ვარშავის გუბერნიის მემამულე ვლადისლავ ემერიკმა თანამგზავრი – 34 წლის ნორვეგიელი დაგნი პშიბიშევსკა – ედვარდ მუნკისა და ავგუსტ სტრინდბერგის მუზა და პოლონელი მწერლის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„ბრისტოლი“
სასტუმროს გახსნა 1855 წლით თარიღდება და მისი სახელი იტალიელ კომერსანტ კარლო მორიჯიმის სახელს უკავშირდება, რომელმაც მთლიანად იქირავა გოლოვინის პროსპექტზე მდებარე ანანოვის 3-სართულიანი სახლი და იქ ფეშენებელური სასტუმრო Hotel des Princes გახსნა. სასტუმროს ჰქონდა სასადილო დარბაზი, ეკიპაჟის სადგომი, საჯინიბო. კლიენტებს ემსახურებოდა მკერავი, დალაქი. პირველ სართულზე განთავსდა სასმელების მაღაზია და „უცხოური ყაიდის“ კაფე. მიუხედავად მაღალი კლასისა, სასტუმრო 1858 წელს დაიხურა. 1910-იან წლებში, შენობაში, დღევანდელი მისამართით – რუსთაველის გამზ. 26, სწორედ იქ, სადაც ადრე ანანოვების სახლი იდგა, ფუნქციონირებდა სასტუმრო „ბრისტოლი“ – უთუოდ გამორჩეული იმით, რომ მას, სავარაუდოდ, პირველი ქართველი ადმინისტრატორი ქალი – ანასტასია კირთაძე ინახავდა.
„პალას-ოტელი“
ორბელიანების ორსართულიანი, ფართოაივნებიანი სახლის მეორე სართულზე გახსნილი სასტუმრო 1860-იანი წლებით თარიღდება და როგორც ცნობილია, იგი მეპატრონესაც ხშირად იცვლიდა და სახელსაც. ეს იყო კომფორტული სასტუმრო, სადაც ხშირად იმართებოდა აუქციონები და საჯარო ვაჭრობები. შენობა იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ აქ 1905 წელს პირველი საზამთრო კინოთეატრი „ელექტრული პროჟექტორი“ გაიხსნა. 1910 წელს ორბელიანების სახლი კომერსანტმა და მეცენატმა არამიანცმა შეიძინა, საფუძვლიანად გადააკეთა და 100-ნომრიანი სასტუმრო „პალას-ოტელი“ გახსნა ლიფტით, ელექტროგანათებით, წყალმომარაგებით, გათბობით და საზამთრო თუ საზაფხულო რესტორნებით. 1918 წელს შენობაში მომხდარი მასშტაბური ხანძრის გამო, სასტუმრო, გარე კედლების გამოკლებით, მთლიანად დაიწვა. 1924 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ, მთავარმა ფასადმა ძირითადად შეინარჩუნა ხანძრამდელი სახე. ახლა აქ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტია.
„სასახლის სასტუმრო“
1830 წელს აშენებული ეს შენობა ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია თავისუფლების მოედანზე და გვიანი კლასიციზმის გამორჩეული ძეგლია თბილისში. აქ გაუმართეს მეჯლისი 1837 წელს, თბილისში ჩამოსულ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს. 1840 წელს შენობა საეკლესიო უწყებას გადაეცა და აქ სასულიერო სემინარია გაიხსნა. 1917 წელს შენობა გაიყიდა და სემინარია სასტუმრომ ჩაანაცვლა, სახელწოდებით Царские Номера. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბუნებრივია, სასტუმროს სახელი შეუცვალეს და ახალი სახელწოდება − „სასახლის სასტუმრო“ შენობის მთავარ ფასადზე ქართული ასოებით გამოიტანეს. გასაბჭოების შემდეგ, სასტუმროს „პალას ოტელი“ ეწოდა (იგივე სახელწოდების სასტუმრო რუსთაველზე ამ დროისთვის უკვე დამწვარი იყო). როგორც იმდროინდელი სარეკლამო ტექსტები იუწყება, აქ იყო საუკეთესო რესტორანი ევროპული და აზიური სამზარეულოთი, საპარიკმახერო, სააბაზანოები და დეკორატიული ბაღი. 1952 წელს შენობაში საქართველოს ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.
„ავრორა“
ამ საინტერესო არქიტექტურის მქონე შენობაში რიგითი სასტუმრო იყო განთავსებული – უფრო „ნომრები“, რომელიც კლიენტების მოზიდვას ბილიარდით და „შანტანით“ ცდილობდა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, სასტუმრო „ავრორა“, რა თქმა უნდა მფლობელის თანხმობით და ხელშეწყობით, ბოლშევიკური „სამხედრო-რევოლუციური შტაბის“ ფარული შეკრებების ადგილი იყო, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აჯანყებას ამზადებდა. ალბათ ამ დამსახურების გამო, სასტუმრო გასაბჭოების შემდეგ არ დაუხურავთ. 1926 წელს, ის ჯერ კიდევ მოიხსენიება ქალაქის 5 სასტუმროს შორის. რევოლუციის შემდეგ, ცხადია, არც სასტუმროს სახელის შეცვლის აუცილებლობა დამდგარა − მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო.
„მაჟესტიკი“
სასტუმრო „მაჟესტიკს“ დღევანდელ რეალობაში „მარიოტის“ სახელით იცნობს საზოგადოება. იგი პირველად 1918 წელს გაიხსნა და ეს იყო პირველი 5-სართულიანი სასტუმრო თბილისში, პირველ სართულზე რესტორნით და ვრცელი ვესტიბიულით, რომელსაც თბილისის სასტუმროთა შორის ანალოგი არ ჰქონდა. ევროპული და ამერიკული სასტუმროების მსგავსად, ვესტიბიული ჩაფიქრებული იყო, როგორც საზოგადოებრივი სივრცე – შეხვედრების ადგილი, და არა მხოლოდ სასტუმროს მობინადრეთათვის. როგორც ძველი წყაროებიდან ვიგებთ, იატაკისთვის და კიბეებისთვის მარმარილო იტალიიდან ჩამოიტანეს, პილასტრები და სვეტები ხელოვნური მარმარილოთი მოაპირკეთეს, ინტერიერის გაფორმება კი პეტროგრადიდან ჩამოყვანილ მხატვარ-დეკორატორებს შეუკვეთეს. აღსანიშნავია, რომ 1930 წლამდე სასტუმროს სარდაფში კინოთეატრი ფუნქციონირებდა. გასაბჭოების შემდეგ, შენობა პროფკავშირებს გადასცეს. 1935 წელს, როცა მისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნება გადაწყდა, აღმოჩნდა, რომ პირწმინდად იყო გაძარცვული – როცა წასაღები აღარაფერი დარჩა, მოოქროვილი დეტალების მომტვრევაზე გადასულიყვნენ. რეაბილიტირებულ შენობაში 1939 წელს სასტუმრო „თბილისი“ გაიხსნა. თბილისის ომის დროს ხანძრისგან დაზიანებული, თუმცა დანგრევას გადარჩენილი შენობა, კიდევ ერთხელ 2002 წელს აღადგინეს და დღეს იგი „მარიოტის“ სახელითაა ცნობილი.