ჩვენს ქვეყანაში საოცარი მრავალფეროვნებაა.
ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა − კერძებში, ჩაცმულობაში, სიმღერაში, ცეკვაში, ყურძნის ჯიშებში, ხორბალშიც, ხეობებში, მთებში, კლიმატში, იუმორში, მოკლედ, ყველაფერში.
ჩვენი ქვეყნიდან მზიამ და ზეზვამ ევროპა დაიწყეს.
შეხედეთ ატენის სიონსა და ყინწვისს და მიხვდებით, რომ აქ ჩაისახა აღორძინება, რომელიც, რომ არა ჯალალ-ედ-დინი და მონღოლური უღელი, სხვა სიმაღლეზე ვიქნებოდით.
და ღვინო?
8 ათასი წლის წინათ აქ აყენებდნენ. ესე იგი, რამხელა ცივილიზაცია გვქონდა.
ოქროს აღარ იკითხავთ?
აბა, წადით ჯანაშიას ან ვანის მუზეუმებში.
4 ათასი წლის წინანდელ ლოდოვან ციხეებს რომ ნახავთ ქვემო ქართლსა და ჯავახეთში, მაგალითად, აბულს ან შაორს, აღარც დაფიქრდებით, ისე იტყვით, მართლა რა უდიდესი ცივილიზაციის ქვეყანა ვართ.
სამზარეულოზეც ხომ არ ვდავობთ? ყოველ ნაბიჯზე განსხვავებული კერძებია და თუ რომელიღაც სადმე მეორდება, გემო მინც სხვა აქვს. ჩვენი ქვეყნის სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
არ უნდა გამომრჩეს ქრისტიანული კულტურა. აბა, ნახეთ, ვთქვათ, ამირანაშვილის ან მესტიის მუზეუმი.
ალბათ იცით, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ას წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს.
მიზეზი ბევრია. თუმცა, ჩამოვთვლიდი: ქვეყანაში არის საუკეთესო წყალი, მთისა და ზღვის ჰაერი, ღვინო, ჭაჭა, რძე და მისი ნაწარმი, და კიდევ ბევრი რამ, რაც ადამიანთა ხანგრძლივ ცხოვრებას განაპირობებს.
ისტორიითაც როგორი მდიდარია ჩვენი ქვეყანა. საკმარისია, ნახო შატილი, დართლო და უშგული, და მიხვდები, რომ მთელი საქართველო ამ პატარა სოფლებშია ჩატეული − სულიერებით, სიმტკიცით, სიმამაცით.
ტრაბახი რომ არ გამომივიდეს, თავად უნდა ნახო და შეიგრძნო ეს ყველაფერი.
და როცა ამას გააკეთებ, მაშინ სხვანაირად შეგიყვარდება საკუთარი ქვეყანა − უფრო გულწრფელად, უფრო გულშემატკივრულად, უფრო სუფთად.
იმოგზაურე შენს ქვეყანაში და გაიცანი ის ღირსებები, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აღაფრთოვანებს.
იმოგზაურე, რათა ტურიზმსაც ხელი შეეწყოს, რადგან ის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარგია და კორონადის გამო, სერიოზული საფრთხე შეექმნა.
იმოგზაურე, რათა უკეთ იცოდე შენი ქვეყანა.
იმოგზაურე, რომ ისიამოვნო და დატკბე.
ეს ჟურნალი საქართველოში მოგზაურობას ეძღვნება. მე მისი მოწვეული რედაქტორი ვარ და ამით მინდოდა მეთქვა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ქვეყანა ჩვენ ხელშია.
გოგა ჩანადირი