საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, SPEND 4 SEASONS IN GEORGIA და ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული პარკების კამპანიას #მწვანემოგონებები ეროვნული პარკებიდან. თუ ოდესმე საქართველოს ეროვნულ პარკში მოხვდებით, იქ მიღებული შთაბეჭდილებები და დადებითი ემოციები მთელი ცხოვრება გაგყვებათ. დღეს, როდესაც ყველა სახის მოგზაურობა დროებით შეჩერებულია, შესაძლებლობა გვაქვს, „ვიმოგზაუროთ მოგონებებში“ და არ დავივიწყოთ ჩვენი საოცრად ლამაზი ბუნების არსებობა. გაგვიზიარეთ თქვენი დაუვიწყარი #მწვანემოგონებები ეროვნული პარკებიდან ელექტრონულ ფოსტაზე: NATIONALPARKSSTORY@GMAIL.COM
თქვენი პირადი გამოცდილების გაზიარება, შესაძლოა, მომავალი მოგზაურობის შთაგონებად იქცეს.
გიორგი ჩინჩალაძე: „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ჩემთვის, სიყვარულისა და ბედნიერების ადგილია.
ჩემს მეგობარს შეყვარებულისთვის ხელის თხოვნის ორგანიზებაში უნდა დავხმარებოდი. მთელი გზა, ჩითახევის თავშესაფრამდე, ფიქრში გავატარე.
აქაურმა გარემომ და ულამაზესმა ხედებმა, ხელის თხოვნა კიდევ უფრო განსაკუთრებული და ემოციური გახადა.
წყვილის ბედნიერებამ და სიყვარულმა ყველას გული გაუთბო“.
ლევან გეჯაძე: „ტბიყელის ტბა რომ დავინახე, ვფიქრობ, მაშინ შემიყვარდა კინტრიში. კოხტა, ცოტათი მოყინული ტბიყელი და მის ირგვლივ ჩავარდნილი ღრუბლების ზღვა, აქეთ კი, მზის ჩასვლა − საოცრად ემოციური სანახაობა იყო.
პირველად, ამ ადგილს 2016 წელს ვეწვიე. მახსოვს, როგორ აღმაფრთოვანა კინტრიშის შერეულმა ტყემ. მაშინ ვთქვი, რომ ეს ტყე ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, ნანახ ტყეებს შორის, და მას შემდეგ, არც არაფერი შეცვლილა“.
მიშო იაკობიძე: „მტირალას ეროვნულ პარკში ის ბედნიერება შევიგრძენი, რომელსაც ბუნება გვაძლევს.
ამ დაუვიწყარ ადგილს, მეგობრებთან ერთად, აგვისტოში ვეწვიე. ბუნების თითოეული ბგერა განსაკუთრებულად მესმოდა. აქ ტყის სიჩუმეც კი ბედნიერებას მანიჭებდა.
მტირალას ეროვნულ პარკში იგრძნობთ ბუნებისგან მიღებულ ენერგიას“.
ონისე ჯანაშია: „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, შემოდგომა კი ამ ხეობაში ყველაზე კარგი პერიოდია.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მზის ამოსვლა საოცარი სანახავია.
მის ბილიკებზე ფეხით სეირნობისას, ემოციები კიდევ უფრო მიმძაფრდებოდა. ერთ დღეში ვნახე ნახევრად უდაბნო, უდაბნო, ტყეები, გაშლილი სივრცეები და ცხოველების თანაცხოვრება“.