National Parks of Georgia/საქართველოს ეროვნული პარკები − საქართველოს ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობის მოგონებებს აგროვებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი კამპანიის შესახებ, ჟურნალი OK! გიამბობთ.
სამწუხაროდ, დღეს ყველა სახის მოგზაურობა დროებით შეჩერებულია. სწორედ ამიტომ, შესაძლებლობა გვაქვს „ვიმოგზაუროთ მოგონებებში“ და არ დავივიწყოთ ჩვენი საოცრად ლამაზი ბუნების არსებობა.
გაგვიზიარეთ თქვენი დაუვიწყარი მოგონებები საქართველოს ეროვნული პარკებიდან, National Parks of Georgia/საქართველოს ეროვნული პარკები messenger-ში ან ელექტრონულ ფოსტაზე: nationalparksstory@gmail.com.
თქვენი პირადი გამოცდილების გაზიარება შესაძლოა მომავალი მოგზაურობის შთაგონებად იქცეს.
პირველი მოგონება მიშო ჯოგლიძემ გაგვიზიარა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან:
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის, მიზეზი საკმაოდ ბევრი მაქვს.
ეს პარკი თავისი გამორჩეული ბუნებით და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, აუცილებლად უნდა ნახო წელიწადის ოთხივე სეზონზე. გაზაფხული და ზაფხული სიმწვანითა და ჟანგბადით გამოირჩევა. შემოდგომაზე შეგიძლია დატკბე ირმის მყვირალობით და დიდი შანსია, ირემი საკუთარი თვალითაც ნახო. ზამთარი კი, რადიკალურად განსხვავებულია − მეტად ლამაზი, იდუმალი და თეთრი.
გაცილებით მარტივი და ტკბილია მოგზაურობა მეგობრულ გარემოში. ასეთი გარემოს შექმნას კი, აქ მომუშავე ადამიანები, ნამდვილად კარგად ახერხებენ.
ამ პარკში მოგზაურობის დროს დაგროვილი ემოციები და მოგონებები მუდამ ემახსოვრება ჩემს გულსა და გონებას“.
ოკაცეს კანიონის შესახებ კი, თიკუნა მაისურაძე გვიყვება:
„ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ადგილი, რომელიც სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში. ჩემთვის კი, ერთ-ერთი ასეთი ჯადოსნური მოგონება ოკაცეს კანიონია.
აქ მოგზაურობა სასიამოვნო ემოციებით გავსებს, საუკეთესო მოგონებებს ქმნის და გახსენებს, რომ ასეთი უნიკალური ცოტა რამ თუ გინახავს.
გიჩნდება სურვილი, ოკაცეს მაგიურ ბუნებაში კიდევ უფრო დიდი დრო გაატარო და ხვდები, რომ აქაურობა აუცილებლად მოგენატრება“.