საქართველოში სულ უფრო და უფრო ვითარდება და წინ მიიწევს სხვადასხვა ქვეყნის მონახულებისა და მოგზაურობის კულტურა, რაც ბოლო წლებში ფუფუნების საგანი აღარ არის ქართველებისთვის, რადგან დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა გაამარტივა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. OK! საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველ პარტნიორს, გიორგი მოლოდინაშვილს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს დაბალბიუჯეტიანი კომპანიების როლზე საქართველოში.
გიორგი, გვესაუბრეთ თქვენ შესახებ. რამდენი ხანია, რაც ამ სფეროში საქმიანობთ?
უკვე 16 წელია ავიაციაში ვსაქმიანობ. პირველად 2003 წელს დავიწყე მუშაობა კომპანია Georgian Airways-ში, სადაც იურიდიული სამსახურის უფროსი ვიყავი 7 წლის განმავლობაში. შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შვეიცარიაში ვმუშაობდი, ხოლო 2011 წლიდან დავიწყე მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში, სადაც ჯერ გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდით ბიზნესგანვითარების დარგში, ხოლო შემდეგ უკვე გენერალური დირექტორის მოადგილე აეროპორტების ოპერირების დარგში. მოგვიანებით დავაარსეთ პირველი საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფი საქართველოში და დღემდე ვავითარებთ ამ კომპანიას.
რამდენად მნიშვნელოვანია დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფაქტორი და რა შეცვალა ამან საქართველოსთვის და საქართველოს საავიაციო სისტემისთვის?
საქართველოში დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ისტორია 2012 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენი გუნდი მუშაობდა აეროპორტების გაერთიანებაში და გავხსენით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვისწავლეთ, რომ ფრენა არ არის ფუფუნების საგანი და შეგვიძლია ვიფრინოთ ხელმისაწვდომ ფასებში მაშინ, როდესაც ეს ჩვენ გვსურს და არა მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია. ამასთან, ასევე მივეჩვიეთ მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას, რადგან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან რაც ადრე ვიყიდით ავიაბილეთს, მით უფრო დაბალი ფასის გადახდა გვიწევს.
2012 წლის 27 სექტემბერს ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოში პირველი რეისი შეასრულა და დაიწყო ფრენა კვირაში 2-ჯერ სიხშირით კიევის მიმართულებით. დღესდღეობით ავიაკომპანია ფარავს 26 მიმართულებას ქუთაისის აეროპორტიდან ევროპისაკენ. ამ 7 წლის განმავლობაში თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია თავად ქუთაისის აეროპორტმა და ამის მთავარი ფაქტორი Wizz Air იყო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი კომპანიაა ევროპაში და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდია საქართველოში.
2010 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოში გამოცხადდა „ღია ცა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანიას, რომელიც დაფრინავს ევროპიდან საქართველოში, შესაძლებლობა მიეცა, იფრინოს შეუზღუდავი მიმართულებით და სიხშირით. ქართული ავიაგადამზიდავებისთვის კი გამარტივდა ევროპის 550-მილიონიან ბაზარზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შესვლა და ბიზნესის განვითარება.
სამომხმარებლო კუთხით გააქტიურდნენ ადამიანები, რომლებიც მანამდე არცთუ ხშირად მოგზაურობდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც ბუდაპეშტის, რომის, მილანის ან თუნდაც პარიზის მიმართულებით ძალიან დაბალია ბილეთის ფასი და არც ვიზაა საჭირო, მარტივად იღებენ გადაწყვეტილებას. ფრენებზე დაბალი ფასი, ავიაკომპანიებისთვის გარკვეულწილად პრომოუტერად იქცა და მომხმარებლების ლოიალურობა გააჩინა.
ქუთაისის აეროპორტი 2019 წელს 873 907 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 42%-იან ზრდას ნიშნავს, ეს ფაქტი კი, რასაკვირველია, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა განაპირობა.
მგზავრთნაკადის ზრდას საქართველოდან ევროპაში ასევე ხელი შეუწყო 2017 წლიდან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ, რაც უპირობოდ დადებითი მოვლენა იყო ყოველი ჩვენგანისა და საავიაციო ბაზრის განვითარებისთვის.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იყენებენ ინტერნეტგაყიდვების პლატფორმას. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს მომხმარებელზე?
ლოგიკურია, რომ ციფრულ ერაში ჩვენ მივეჩვიეთ ტექნოლოგიების გამოყენებას. ამასთანავე, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იყენებენ მხოლოდ ინტერნეტგაყიდვებს. ავიაკომპანიის ვებგვერდისა და სხვადასხვა აპლიკაციის მეშვეობით შეგვიძლია შევიძინოთ ბილეთები, გავაკეთოთ ონლაინრეგისტრაცია და ვისარგებლოთ ყველა სხვა მომსახურებით. ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ გვიადვილდება პროცედურების გავლა და ასევე ავიაკომპანიები გვიკეთებენ სტიმულირებას, რომ შევამციროთ დამატებითი ხარჯები, რომელიც შესაძლოა გვქონდეს აეროპორტში.
2019 წელს საქართველოში გამოჩნდა კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – Ryanair. როგორ ფიქრობთ, გაუწევს თუ არა ეს ორი ავიაკომპანია ერთმანეთს კონკურენციას და როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე?
დიახ, 2019 წელს საქართველოში შემოვიდა ევროპაში ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის და საგულისხმოა, რომ ეს ავიაკომპანია შემოვიდა როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები პროგრესულად ინტერესდებიან ქართული ბაზრით და ამან რადიკალურად შეცვალა საავიაციო ბაზრის განვითარება.
Ryanair გასული საუკუნის 80-იან წლებში დაფუძნდა, მაგრამ თავდაპირველად არ იყო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, თუმცა მოგვიანებით შეცვალა კონცეფცია. დღეისათვის დაფრინავს დაახლოებით 250 მიმართულებით და 460 საჰაერო ხომალდს უწევს ექსპლუატაციას. 2018 წელს აღნიშნული ავიაკომპანიის შემოსავალმა 7 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიაში დაახლოებით 13 000 პირია დასაქმებული. საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ქართული ბაზარი ამ მიმართულებით ძალიან მზარდია, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ქვეყანას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის. მას აქვს ამბიციური გეგმა, აითვისოს საავიაციო ბაზარი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად.
რაც შეეხება Wizz Air-ს, დაფრინავს 150-მდე მიმართულებით მთელი ევროპის მასშტაბით და ექსპლუატაციაში ჰყავს დაახლოებით 120 თვითმფრინავი, ხოლო 2018 წელს Wizz Air-ის შემოსავალმა 2 მილიარდი ევრო შეადგინა, თუმცა მასაც აქვს არანაკლებ ამბიციური გეგმა, გაზარდოს საჰაერო ხომალდებისა და მიმართულებების რაოდენობა. დღესდღეობით Wizz Air-ზე დგას ქუთაისის აეროპორტი და ის ნამდვილად არის ამინდის შემქმნელი ქართულ საავიაციო ბაზარზე.
Ryanair ასევე შევიდა სომხეთში და სულ ახლახან განახორციელა პირველი ფრენა ერევნიდან, მარტში კი Wizz Air-იც დაიწყებს ფრენებს. ცოტა ხნის წინ კი აზერბაიჯანმა გამოაცხადა ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ და მოხსნა ყველა შეზღუდვა, რამაც ბაზარზე Wizz Air-ის გამოჩენა განაპირობა. ამგვარად, სავარაუდოა, რომ რეგიონის საავიაციო ბაზარზე უფრო გააქტიურდებიან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები და ისინი სერიოზული მოთამაშეები გახდებიან, რაც ამიერკავკასიის ტურისტულ მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის. მაღალი კონკურენციის ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად სწორი და დროული პოზიციონირება, რათა შევინარჩუნოთ ლიდერობა რეგიონში.
სიახლეა ის, რომ „თურქეთის ავიახაზების“ გადაწყვეტილებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 29 მარტიდან თბილისიდან სტამბულის საბიჰას აეროპორტის მიმართულებით რეისებს მხოლოდ მისი შვილობილი კომპანია – Anadolu Jet შეასრულებს. იგი გაუმჯობესებული კონცეფციის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა და წინამორბედებისგან განსხვავებით, ტრანზიტულ მგზავრებს მესამე ქვეყნებშიც გადაიყვანს.
როგორ ხედავთ საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების განვითარებას?
ვფიქრობ, გაიხსნება ძალიან საინტერესო მიმართულებები არა მარტო ევროპაში, არამედ ეს ავიაკომპანიები დაიწყებენ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენასაც. ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის უფრო მეტ ქვეყანაში მოხდება საქართველოდან ავიარეისების დანიშვნა. ამგვარად, ძალიან საინტერესო პროცესები გველის წინ. ამ ორი გიგანტის – Wizz Air-ისა და Ryanair-ის ერთმანეთთან კონკურენცია უკვე Anadolu Jet-თან ერთად უფრო გამძაფრდება, რაც მგზავრების ინტერესებისთვის დადებით შედეგებს მოიტანს. გვექნება მეტი არჩევანი როგორც ფასების, ასევე მიმართულებებისა და ხარისხის მხრივ.