შვებულების აღება და დასვენება გადაწყვიტეთ, მაგრამ არ იცით, სად წახვიდეთ? არჩევანი ნამდვილად მრავალფეროვანია, ამიტომ OK! გთავაზობთ 10 საუკეთესო სამთო-სათხილამურო მიმართულებას ევროპაში, სადაც სტუმრობის შემთხვევაში ნამდვილად დაუვიწყარ დროს გაატარებთ და ახალი შთაგონებებით დაუბრუნდებით თქვენს სამსახურს.
ცერმატი – ცერმატის ალპური სოფელი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კურორტია მსოფლიოში. მდებარეობს შვეიცარიის ყველაზე ცნობილი მთის, მატერჰორნის ძირში და გამორჩეულია თვალწარმტაცი პანორამული ხედებით, რაც კიდევ უფრო შესანიშნავს ხდის ზამთრის არდადეგების სწორედ ამ კურორტზე გატარებას. კურორტი მიმზიდველია როგორც დამწყები, ასევე უფრო გამოცდილი მოთხილამურეებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე, კურორტზე ავტომობილების მართვა აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები.
ძალიან შთამბეჭდავია 2018 წელს გახსნილი საბაგირო სადგური Matterhorn Glacier Paradise, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალია და მდებარეობს 3883 მეტრზე. მასზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიურად უნიკალური პროექტია, სადაც კაბინები შემინულია პანორამული შუშებით, ზოგიერთ მათგანში კი დამატებით შუშის იატაკებია დამონტაჟებული. საბაგიროთი საოცარ სიმაღლეზე ადიხართ, რომელიც დაკიდულ კლდეებზე გადადის და მართლაც სულისშემკვრელ სანახაობას ქმნის თითოეული თქვენგანისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადგილს არა მარტო მოთხილამურეები, არამედ დამსვენებლებიც ხშირად სტუმრობენ.
სენტ-მორიცი – ზამთრის ტურიზმის სამშობლო, სადაც ზამთრის სპორტის სახეობები ძალიან პოპულარულია. სენტ-მორიცი შვეიცარიის ალპებში ერთ-ერთი პირველი კურორტია, რომელიც 1864 წლიდან იზიდავდა ვიზიტორებს, ცნობილ ადამიანებსა თუ სამეფო ოჯახებს. ეს პოპულარობა კურორტის განსაკუთრებით მზიანმა კლიმატმა განაპირობა, რაც გამოარჩევს შვეიცარიის ზამთრის სხვა კურორტებისგან. მიიჩნევა, რომ წლის განმავლობაში 322 დღე აქ მზიანია და მის ემბლემადაც სწორედ რომ მზე ითვლება.
სენტ-მორიცი ცნობილი გახდა დაახლოებით 300 წლის წინ, სამკურნალო წყაროების მეშვეობით. სწორედ ამან მოიზიდა თავდაპირველად სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
დღესდღეობით ამ ექსკლუზიურ და ელეგანტურ კურორტზე 5600 ადამიანი ცხოვრობს, სეზონურად კი 3 000 თანამშრომელი ემატება. სასტუმროების ნახევარზე მეტს აქვს 4 და 5 ვარსკვლავი. აქ ასევე შეხვდებით გასტრონომიულ რესტორნებს და ადგილებს მათთვის, ვისაც ღამის ცხოვრება იზიდავს.
გშტაადი – შვეიცარიის ალპების ულამაზესი სოფელი და ამავე დროს ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტია შთამბეჭდავი ხედებით და ფართო თოვლიანი ფერდობებით. კურორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა თვალწარმტაცი ციხესიმაგრე − სასტუმრო Gstaad Palace-ია, რომელიც ბორცვზეა აღმართული და ზღაპრულ, რომანტიკულ აურას ანიჭებს მთელ სოფელს.
შემთხვევითობა არაა, რომ მთელი მსოფლიოს ცნობილი სახეები, მათ შორის კინოვარსკვლავები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, დასვენებისა და გართობისთვის გშტაადს ირჩევენ უკვე მრავალი წელია. მაღალი კლასის სასტუმროები, რესტორნების დიდი არჩევანი, მანქანებისგან თავისუფალი ზონები და კარგად მოვლილი სათხილამურო ფერდობები სხვადასხვა სირთულის ტრასებით განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის აქ გატარებულ თითოეულ წუთს.
კიცბუელი – ეს არის ავსტრიის ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილი დამსვენებლებისთვის, რომელიც მიუნხენიდან სულ რაღაც ორი საათის მოშორებით მდებარეობს. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ გაატაროთ დაუვიწყარი დრო გარშემომყოფებთან ერთად − სასტუმროები, საბაგიროები და უდიდესი სათხილამურო ზონა, რომელიც მოიცავს რვა ცნობილ სათხილამურო სკოლასა და მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე სასწავლო კურსებს.
კიცბუელის თანამედროვე კოსმოპოლიტური გარემო და პროვინციული ალპური ხიბლი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილია სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებისთვის.
ცნობილი ბრენდების მაღაზიები, ალპური სტილის სასტუმროები და რესტორნების მრავალფეროვნება ქალაქს ჭეშმარიტად უნივერსალურ ადგილად აქცევს და განსაკუთრებულ ხიბლსა და უნიკალურ ხასიათს სძენს. აღსანიშნავია კლიმატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სრული რელაქსი. შეიძლება ითქვას, რომ ბუნება, რომელიც კიცბუელშია, საჩუქარია თითოეული ადამიანისთვის. ზღვის დონიდან 800 და 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობა კი ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გაზრდილი დოზით წარმოშობას.
სენთ-ანტონი – კურორტს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ავსტრიის ალპებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, პრესტიჟული და პოპულარული. კურორტს ხშირად „სანტონსაც“ უწოდებენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1904 წელს, სენთ-ანტონში ჩატარდა პირველი სათხილამურო შეჯიბრი და მსოფლიოს პირველი სათხილამურო სკოლაც სწორედ აქ გაიხსნა 1922 წელს. კურორტი ტურისტებს თავისი დაუსრულებელი ხეობებით იზიდავს, რომლებიც შესანიშნავია სათხილამუროდ. სენთ-ანტონში მრავლადაა მყუდრო სასტუმროები, სადაც მარტივად შეგიძლიათ შეხვდეთ ცნობილ მსახიობებს, პოლიტიკოსებს ან შოუბიზნესის ვარსკვლავებს. სენთ-ანტონის ფერდობები უფრო გამოცდილ მოთხილამურეებზეა გათვლილი. ეს არის ნამდვილი სამოთხე მათთვის, ვისაც ექსტრიმი იზიდავს.
იშგლი – კურორტი ისეთივე ცნობილია თავისი ლეგენდარული ღამის ცხოვრებით, როგორც შესანიშნავი სათხილამურო არეალით. კურორტი განსაკუთრებით ზამთრის სპორტის მოყვარულებს იზიდავს, რომლებიც დღისით ფერდობებს იპყრობენ, ხოლო ღამით საცეკვაო სივრცეებს. მისი აქტიური დამსვენებლები ჩვენთვის, ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან. საბაგირო გზებით და ტრასებით იშგლი დაკავშირებულია შვეიცარიის კურორტ სამნაუსთან და ქმნის ერთიან, 238 კმ სიგრძის სასრიალო ზონას − Silvretta Ski Arena-ს, რაც იშგლს ავსტრიაში სიდიდით მესამე სათხილამურო კურორტის სტატუსს ანიჭებს.
მერიბელი − საფრანგეთის ალპების ცნობილი კურორტია, რომელიც სამი ველის სასრიალო ზონის (Three Valleys Ski Area) გულში მდებარეობს და კურშეველთან და ვალ ტორენსთან ერთად 600 კმ-იან სათხილამურო ტერიტორიას და 180 საბაგიროს მოიცავს. განსხვავებული სირთულის ტრასებით, ეს სივრცე ყველა დონის მოთხილამურესთვის საინტერესოა, ხოლო კურშეველის, მერიბელის, ვალ ტორენსისა და ასევე ამ ზონაში შემავალი სხვა 5 კურორტის სასტუმროები სხვადასხვა ბიუჯეტის მქონე დამსვენებელზეა მორგებული.
მერიბელში საგანგებოდაა დაცული შალეს ტიპის არქიტექტურული სტილი, რაც კურორტს განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და ხიბლს სძენს. სამი ველის სასრიალო ზონაში, მერიბელის ცენტრალური მდებარეობიდან გამომდინარე, მეზობელი კურორტებიდანაც იყრიან თავს მოთხილამურეები მის უამრავ რესტორანსა და ბარში. აქტიური ცხოვრება აქ გვიან ღამემდე გრძელდება.
ვალ დ’იზერი – საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იტალიის საზღვრიდან 5 კილომეტრით დაშორებული სათხილამურო კურორტი, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ქალთა და მამაკაცთა შეჯიბრებებს ზამთრის სპორტის სახეობებში. მიუხედავად იმისა, რომ ვალ დ’იზერი წლების განმავლობაში ერთი ჩვეულებრივი სოფელი იყო, გარკვეული პერიოდის შემდეგ ძვირადღირებულ კურორტად გადაიქცა. მისი არქიტექტურა აღიარებულია, როგორც საფრანგეთის ალპურ კურორტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და თვალშისაცემი. ვალ დ’იზერი თავისი ცენტრალური ქუჩით, მაღაზიებით, რესტორნებითა და სასტუმროებით ცდილობს გახდეს საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი და ნამდვილად გამოსდის კიდეც. სასტუმროების უმეტესობა სათხილამურო ტრასებთან ახლოს მდებარეობს.
ვალ დ’იზერი ნამდვილად შესანიშნავია ოჯახური მოგზაურობისთვის!
კორტინა დ’ამპეცო – ვენეციიდან სულ რაღაც ორი საათის სავალზეა. ეს არის 1000 წლის ქალაქი, რომელიც 1956 წლის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ იქცა საკურორტო ზონად.
აქ ყველაფერი გაჯერებულია ფუფუნებითა და სიმდიდრით. პირველი, რაც ყველა სტუმარს თვალში ხვდება, არის ძვირადღირებული მანქანები და ლამაზი კოსტიუმები, მაგრამ შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ დოლომიტის ალპების განსაკუთრებით შთამბეჭდავი პეიზაჟები, წიწვოვანი ტყეების განსაცვიფრებელი სილამაზე და მბზინავი თოვლი. კურორტს ალპებისთვის დამახასიათებელი კლიმატი, თოვლიანი ზამთარი ახასიათებს, თუმცა − მაინც თბილი. ქალაქი 28 უბნისგან შედგება. კორტინა დ’ამპეცოში მოქმედებს რამდენიმე მუზეუმი, ხშირად იმართება გამოფენები და შეხვედრები კინოს, ხელოვნების, ჟურნალისტიკისა და პოლიტიკის ცნობილ მოღვაწეებთან.
ჩერვინია – ჩერვინია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ფართომასშტაბიანი ტერიტორიაა ალპებში. ჩერვინია XX საუკუნის პირველ ნახევარში დაარსდა და საცხოვრებელი თუ სპორტული სტრუქტურების მნიშვნელოვანი ზრდის წყალობით, დღეს ძალიან ცნობილი ტურისტული სივრცეა. კურორტი გთავაზობთ ულამაზეს პეიზაჟებს, სიდანაც ხელისგულზე იშლება მთლიანი ჩერვინია. აქ თქვენ შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ მთელი წლის განმავლობაში, თუნდაც ზაფხულში. ასევე საშუალება გაქვთ ისარგებლოთ ყინულის მოედნით, ატრაქციონებით, დახურული, ცხელი აუზებით, ჩოგბურთის კორტებით, სათავგადასავლო პარკებით, და ასევე გაისეირნოთ ცხენებით.