თუ ეძებ სიახლეებს და ხარ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარული, მაშინ HELISKI სწორედ ის სპორტული აქტივობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსცადო და ისრიალო იქ, სადაც ჯერ არავის დაუდგამს ფეხი. OK! HELISKI GEORGIA-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ვატო ასათაშვილს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს ამ სათავგადასავლო აქტივობის შესახებ.
რას ნიშნავს Heliski და ვინ არიან მისი მომხმარებლები?
Heliski არის სპორტულ-ტურისტული აქტივობა და ნიშნავს სრიალს ვერტმფრენის დახმარებით. მისი მომხმარებლები არიან უკვე დიდი გამოცდილების მქონე მოთხილამურეები, რომელთაც ნასრიალები აქვთ თითქმის ყველა ცნობილ კურორტზე და სურთ საინტერესო ახალი არეალის აღმოჩენა, ამიტომ ქირაობენ ვერტმფრენს და სრიალებენ გაუკვალავ თოვლში. სტანდარტულად, თუ სათხილამურო არეალში სრიალებ, რომელიც არის მოსწორებული და დატკეპნილი, Heliski-ის შემთხვევაში მთავარი პრინციპია, რაც შეიძლება მიუვალი და სხვებისთვის მიუღწეველი ადგილები იპოვო და ისრიალო.
გვიამბეთ, როდის დაიწყო Heliski-ის, როგორც სპორტულ-ტურისტული აქტივობის, განვითარება მსოფლიოში და შემდეგ უკვე საქართველოში?
Heliski მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველგან მუშაობს. ყველაზე წარმატებულია კანადაში, ალასკაზე, კამჩატკაზე, იაპონიაში და ყველა იმ კონტინენტზე, სადაც მაღალი მთებია. Heliski-ის განვითარება დაახლოებით 1960-იან წლებში კანადაში, ავსტრიელი მთამსვლელების ძალისხმევით დაიწყო, რადგან იქ სპორტის ამ სახეობისთვის საუკეთესო არეალი იყო, თავისი ველური გარემოთი.
საქართველოში კი Heliski-ის განვითარება გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და ძალიან მალე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. მისი განვითარება პირდაპირ უკავშირდება გუდაურის განვითარებას, რომლის ერთ-ერთი მეთაური სოლიკო ხაბეიშვილი იყო. იმ პერიდში არსებობდა ქართულ-ავსტრიული კომპანია, რომელმაც ააშენა პირველი სასტუმრო – „მარკო პოლო“, და სწორედ მათივე ინტერესი იყო Heliski-ის განვითარებაც.
რამდენად უსაფრთხო აქტივობაა მომხმარებლებისთვის Heliski?
Heliski-ის, როგორც სპორტული აქტივობის, ყველა წესი და კანონი დაწერილია მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც დაახლოებით 60 წელს აჭარბებს. ტრავმებისა თუ მსხვერპლის რაოდენობა სხვა სახეობებთან შედარებით ძალიან დაბალია, რადგან ეს ერთი მხრივ სამოქალაქო ავიაციასთან არის დაკავშირებული, ხოლო ავიაცია, თავის მხრივ, საკმაოდ რეგულირებადი სფეროა. მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა, ხოლო შემდეგ უკვე შემოსავლის გენერირება თუ ნებისმიერი სხვა ოპერირების ელემენტი. მიუხედავად საფრთხის დაბალი მაჩვენებლისა, ეს არის სათავგადასავლო ტურიზმი და გარკვეული რისკ-ფაქტორები მაინც არსებობს.
რა არის Heliski-ით სრიალის საშუალო ფასი?
ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან საშუალო და მაღალშემოსავლიანი მოთხილამურეები, რომლებსაც ამის შესაძლებლობა აქვთ, რადგან ხარჯი საკმაოდ მაღალია. პირველად, როცა 7 წლის წინ დავიწყეთ ამ ბიზნესში ოპერირება, ჩვენი მიზანი იყო, Heliski-ის ექსკლუზიური პროდუქტი სხვადასხვა შემოსავლის მქონე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ ერთკვირიანი ძვირადღირებული სამოგზაურო პაკეტი, არამედ შესთავაზებდა მომხმარებელს სხვადასხვა მოქნილ ნახევადღიან ან ერთდღიან კომბინაციებს, რომელიც ხელმისაწვდომი გახდებოდა ფართო მასებისთვისაც.
ჩვენ ეს შევძელით და ამიტომაც გახდა ეს აქტივობა საქართველოში ძალიან პოპულარული.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოპერატორებმა შევძელით ტარიფი შეგვემცირებინა და ერთჯერადი დაშვების ფასი ახლა უკვე დაახლოებით 200 ევრომდე მერყეობს. თუ შევხედავთ სხვა ქვეყნების ფასებს, ერთკვირიანი პაკეტის ფასი 8000 ევროდან 12000-15000 ევრომდე მერყეობს, ანუ დღე თითო ადამიანზე 2000 ევრო გამოდის, ჩვენ კი ათჯერ ნაკლებ ფასად შესაძლებლობას ვაძლევთ დამსვენებლებს, გამოსცადონ სრიალი ვერტმფრენის საშუალებით.
ბაზარზე ჩნდება ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე ამ მიმართულებით, რაც ძალიან კარგია − ეს კონკურენციას უწყობს ხელს, რაც ფასებს ამცირებს და ზრდის სერვისის ხარისხს.
გვესაუბრეთ Heliski-ის პროდუქტებზე.
ჩვენ ვფლობთ რამდენიმე კომპანიას, რომელთაგან ყველაზე დიდია „აერო სინდიკატი“ და აერთიანებს „ყაზბეგი Helicopter“-ს და Heliski Georgia-ს.
„ყაზბეგი ჰელიკოპტერი“ ვერტმფრენების ოპერატორი კომპანიაა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობს სხვადასხვა პროექტზე საქართველოში, მათ შორის ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებზე. რაც შეეხება „ჰელისკი ჯორჯიას“, ეს არის ჰელისკის ოპერატორი კომპანია, რომელიც მხოლოდ ზამთარში, ორი მიმართულებით მუშაობს. ესენია გოდერძის უღელტეხილი და ყაზბეგის რეგიონი.
2000 წლის შემდეგ საქართველოში დაიწყო უცხოური ინვესტიციების შემოსვლა. მათ შორის იყო ფრანგული, ავსტრიული, ქართული, და დღეს უკვე 5 ოპერატორი მუშაობს აჭარის მთიანეთში, გოდერძის უღელტეხილზე, სვანეთში, გუდაურში და ბახმაროში.
სამომავლო გეგმები...
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოპერატორმა საქართველოში შეძლოს მხოლოდ Heliski-ის ოპერირებიდან კომპლექსურ Resort management-ზე გადასვლა. ანუ ინდივიდუალური კომპანიები გადავიდნენ უფრო მაშტაბურ სასტუმრო და საკურორტო ბიზნესში, შექმნან მიკროკურორტები და თავისივე ინფრასტრუქტურით შესთავაზონ უფრო ხარისხიანი და ექსკლუზიური სერვისი საზოგადოებას.
ჩვენი კომპანია ორი მიმართულებით მუშაობს. პირველი − ეს არის საკურორტო ინფრასტრუქტურის შექმნა ყაზბეგის რეგიონში, ხოლო მეორე გოდერძის უღელტეხილზე. აჭარის მთიანეთში ყველაზე ადრე მოდის თოვლი, ამიტომ საშუალება გვაქვს სეზონი იქ დეკემბრის დასაწყისიდან გავხსნათ, ხოლო თებერვლის ბოლოდან ცენტრალურ კავკასიონზე, ყაზბეგისა და სვანეთის მხარეს გადავინაცვლოთ. წლების წინ დავიწყეთ გეგმარებითი სამუშაოები გოდერძის უღელტეხილზე და დაახლოებით 2021-2022 წლების ზამთრის სეზონისთვის ვფიქრობთ, რომ დამსვენებელს უკვე შეეძლება ამ კურორტის ახალი ინფრასტრუქტურით სარგებლობა.
რაც შეეხება ყაზბეგისა და გუდაურის რეგიონებს, ვინაიდან გუდაურის რეგიონში სხვადასხვა ბიზნესი აქტიურად აბანდებს ინვესტიციას, ჯერჯერობით არის მათი ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, აქაც ანალოგიურად საკუთარი საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ, რათა არ მოგვიწიოს დამსვენებლების სხვადასხვა სასტუმროში დაბინავება.