ბავშვობა ხომ ცხოვრების ის ნაწილია, რომელიც უდარდელ, მშვიდ და ფერად წლებთან ასოცირდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენი შვილებისთვის ეს წლები თავგადასავლებით სავსე გავხადოთ. OK! გირჩევთ 5 გასართობ ცენტრს ზამთარში სამოგზაუროდ აზიაში, რომლებიც დაუვიწყარს გახდის ჩვენი შვილების ბავშვობას.
Universal Studios Singapore
ეს არის პირველი გასართობი პარკი, რომელიც გაიხსნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. პარკში წარმოდგენილია 20-ზე მეტი ატრაქციონი, მათ შორისაა „დაკარგული სამყარო“, „ძველი ეგვიპტე“, „ნიუ იორკი“, „ჰოლივუდი“, „მადაგასკარი“ და სხვ.
რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს ჰყავს საყვარელი გმირი სხვადასხვა მულტფილმიდან, აქ კი თქვენი შვილები შეხვდებიან ისეთ პერსონაჟებს, როგორებიც არიან მინიონები, შრეკი და Pixar-ის სხვადასხვა ცნობილი პერსონაჟები. მცირეწლოვან ბავშვებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა შოუთი, სპეციალური ატრაქციონებით და გასართობი პროგრამებით. ალბათ დარწმუნდით, რომ მართლაც საოცარი ადგილია იმისათვის, რათა თქვენს შვილებს მოუწყოთ დაუვიწყარი თავგადასავალი.
ადგილმდებარეობა: Sentosa Gateway 8, Sentosa Island, სინგაპური 098269
ღიაა: კვირა-ხუთშაბათი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, პარასკევი-შაბათი 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.
LEGOLAND MALAYSIA
პირველი ლეგოლენდი აზიაში ნამდვილად იდეალური ადგილია ოჯახური მოგზაურობისთვის. პარკი გთავაზობთ 70-ზე მეტ მომაჯადოებელ სანახაობას, მათ შორის წყალზე სრიალსა და ცოცხალ წარმოდგენებს. პარკი გაყოფილია 7 ნაწილად, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
LEGOLAND-ში განთავსებულია ბავშვების ზომის ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ ჩვენმა შვილებმა და განიცადონ ის ბედნიერება, რომელიც ამ ადგილის სტუმრობისას ელოდებათ. აქ ასევე არის სახელოსნო, სადაც მოზარდ ინჟინრებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი რობოტები.
ღამისთევა ლეგოლენდის თემატურ სასტუმროში ასევე იქნებოდა შესანიშნავი იდეა.
გაითვალისწინეთ, რომ LEGOLAND MALAYSIA მდებარეობს სინგაპურიდან 20 კილომეტრში და მის მოსანახულებლად მალაიზიის საზღვრის გადაკვეთა დაგჭირდებათ.
ადგილმდებარეობა: 7, Jalan Legoland, Medini, 79250 Nusajaya, Johor, მალაიზია
ღიაა: ყოველდღე, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
Kidzania
ინტერაქტიული ქალაქი Dubai Mall-ში, რომელსაც ბავშვები მართავენ. გარდა სხვადასხვა სახის თამაშისა, აქ დიდი ყურადღება ეთმობა განათლებას, თუმცა სულ სხვანაირი მეთოდებით. ეს არის ნამდვილი ქალაქი, რომელიც მდებარეობს 7000m2-ზე და მასპინძლობს 4-დან 16 წლამდე სხვადასხვა ინტერესის მქონე ბავშვებს. მათ საშუალება ეძლევათ, გასართობი პროგრამების მეშვეობით აღმოაჩინონ და უკეთ შეისწავლონ საკუთარი ინტერესები, შეეჩვიონ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას, გუნდურ მუშაობასა და კრეატიულობას.
Dubai Parks and Resorts
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალი და თანამედროვე კომპლექსი საყოველთაოდ ცნობილი 3 თემატური პარკის – LEGOLAND-ის, MOTIONGATE-ის და BOLLYWOOD-ის, ასევე RIVERLAND-ისა და LEGOLAND WATER PARK-ის ადგილსამყოფელი გახდა. პარკი ასევე ზრუნავს თქვენს კომფორტულ განთავსებაზე და გთავაზობთ სასტუმრო LAPITA-ს პოლინეზიური მოტივებით.
RIVERLAND
ეს არის კარიბჭე დუბაის პარკებისა და კურორტებისკენ. აქ თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ და დატკბეთ ულამაზესი გარემოთი, ასევე ისიამოვნოთ RIVERLAND-ის შესანიშნავი ბუნებით და გარშემორტყმული მდინარეებით. პარკი გთავაზობთ სხვადასხვა საინტერესო ფესტივალსა და კონცერტს.მისი პირველივე სტუმრობისას მოინუსხებით პარკის ჯადოსნური გარემოთი და აუცილებლად გადაწყვეტთ მის კიდევ ერთხელ მონახულებას.
ხოლო LEGOLAND და LEGOLAND WATER PARK-ი გთავაზობთ 40 ინტერაქტიულ ტურნეს, შოუს და ატრაქციონს. აქ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი LEGOLAND-ის მართვის მოწმობა, ნახოთ როგორ მზადდება აგურის LEGO-ები, ან თუნდაც ააწყოთ მანქანები და შექმნათ LEGO MINDSTORMS-ის რობოტები. ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც ეძებენ თავგადასავლებს, მას სწორედ ამ ქვეყანაში იპოვიან.
რაც შეეხება, BOLLYWOOD-ს, იგი მსოფლიოში პირველი პარკია, სადაც ყველაფერი ეძღვნება მხოლოდ ბოლივუდს. აქტივობები, თავგადასავლები, რომანტიკა, კომედია, მუსიკა, ცეკვა, არომატი და ემოცია – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ბოლივუდს განსაკუთრებულად ახასიათებს და ეს ადგილიც სწორედ ამ ყველაფრითაა გაჯერებული. პარკის 5 ზონა შთაგონებულია მუმბაის ლეგენდარული კინოინდუსტრიის ბლოკბასტერებით. ბოლივუდის პარკებში გატარებული თითოეული წუთი თავგადასავლებით აღსავსეა, რადგან აქ ტარდება 20-მდე შოუ ხუთ სხვადასხვა სცენაზე: Rock On!! Crossroads, Mumbai Express, Rangmanch და Stars Steps. თქვენი შვილები აქ პირველად შეიგრძნობენ მუმბაის ცნობილი კინოინდუსტრიის სამყაროს.
Motiongate
არის ჰოლივუდით შთაგონებული პარკი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საოცარ სანახაობებს და რა თქმა უნდა, ატრაქციონებს, რომელიც დაფუძნებულია DreamWorks-ის, Columbia Pictures-ის, Lionsgate-ისა და The Smurfs-ის ანიმაციებზე. პარკი 2016 წლის 16 დეკემბერს გაიხსნა და მაშინვე მონუსხა თითოეული ვიზიტორი. პარკში წარმოდგენილია უამრავი გასაოცარი ღირსშესანიშნაობა. აქ ბავშვებს საშუალება ეძლევათ ითამაშონ, მოირგონ საყვარელი გმირების როლები და თავი ნამდვილ საოცრებათა ქვეყანაში იგრძნონ.
IMG Worlds of Adventure
ეს არის ბავშვთა გასართობი ცენტრი, რომელიც ასევე მდებარეობს დუბაიში და დღეში 20,000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. პარკი დაყოფილია ხუთ „ეპიკურ ზონად“, ესენია: Cartoon Network, Marvel, IMG Boulvard, Lost Valley და Novo Cinema.
აქ თქვენს შვილებს დახვდებათ ატრაქციონები და მათი საყვარელი „მარველის“ სუპერგმირები: ადამიანი-ობობა, რკინის კაცი, ჰალკი, თორი, შავი ქვრივი, კაპიტანი ამერიკა; ასევე დინოზავრების სათავგადასავლო ზონა და Cartoon Network-ის პერსონაჟები. ფაქტობრივად, აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქოთ.
ადგილმდებარეობა: E311 - Sheikh Mohammed Bin Zayed Rd - Dubai - United Arab Emirates
ღიაა: 11:00 საათიდან 22:00 საათამდე.