კორსიკა საფრანგეთის მარგალიტი
ეგზოტიკის საპოვნელად ხანდახან შორს გამგზავრება სულაც არაა აუცილებელი. ძველ ევროპაში არსებობს კუნძულები, რომელთა შესახებ შესაძლოა ბევრი არაფერი ვიცოდეთ, სინამდვილეში კი იმაზე დიდ ეგზოტიკას გვთავაზობდეს, ვიდრე ზოგიერთი აზიური კურორტი. კორსიკა ხმელთაშუა ზღვის მაღალმთიანი კურორტია სარდინიის ჩრდილოეთით, რომელიც დამსვენებლებს ულამაზეს პლაჟებს, ხეობებს, მთებს და დიდებულ ტყეებში ბუდეებივით განთავსებულ სოფლებს სთავაზობს. იგი საფრანგეთის ავტონომიური რეგიონია, რომელიც 2 დეპარტამენტისგან − სამხრეთ კორსიკასგან და ჩრდილოეთ კორსიკასგან შედგება. კონტინენტური ევროპიდან კორსიკაზე ბასტიის აეროპორტში ჩამოფრენა შესაძლებელია ავიაკომპანიებით: Air France, Eurowings, Air Corsica, Easy Jet. აპრობირებულია კორსიკაზე საზღვაო ტრანსპორტით მოხვედრაც მარსელის, ნიცასა და ტულონის პორტებიდან.
კუნძულის ფართობი 8,68 ათას კვადრატულ მეტრს, მოსახლეობა კი 305 000 შეადგენს, მათგან ძირძველი კორსიკელების რაოდენობა 50%-ზე ნაკლებია და ისინი იტალიური ენის კორსიკულ დიალექტებზე მეტყველებენ.
კორსიკა საფრანგეთს 1768 წლიდან ეკუთვნის, მანამდე კი გენუის იტალიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ალჟირის გათავისუფლების შემდეგ, იქ მცხოვრები ფრანგები, ე.წ. Pieds-Noirs ძირითადად კორსიკაში დასახლდნენ, რამაც კორსიკელ ნაციონალისტებს საბაბი მისცა თავი საფრანგეთის კოლონიად მიეჩნიათ. შესაბამისად, ეს არის ადგილი, სადაც პირველივე სტუმრობისას საფრანგეთისა და იტალიის კულტურათა საოცარ შერწყმას იგრძნობთ. ამას ის ფაქტორიც განსაზღვრავს, რომ კორსიკა მშობლიური საფრანგეთისგან 170 კილომეტრით, ხოლო იტალიისგან 11 კილომეტრითაა დაშორებული. კორსიკაზე საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტთან დაკავშირებულ ისეთ ღირსშესანიშნაობებს იხილავთ, როგორიცაა სახლ-მუზეუმი და ეკლესია, სადაც მონათლეს. ასევე აუცილებლად უნდა მოინახულოთ სკანდოლას ნაკრძალი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობებს შორის საპატიოს ადგილს იკავებს; ბონიფაციოს ციტადელი, კანიონები და კიდევ უამრავი ისტორიული ძეგლი თუ არქიტექტურა, რომელიც ფეხის ყოველ ნაბიჯზე მიიქცევს თქვენს ყურადღებას.
კუნძული ცნობილია ულამაზესი ბილიკებით, რომლებიც აუცილებლად უნდა მოიაროთ ფეხით, რადგან ყოველი მოსახვევი თუ ხედი კიდევ უფრო დაუვიწყარ პეიზაჟს გიმზადებთ. გზად უამრავი რესტორანი შეგხვდებათ, რომლებიც მრავალფეროვან და მართლაც უნიკალურ კერძებს შემოგთავაზებთ. მოინახულეთ აჯიკოოსა, პორტო ვეჩიო, ბასტიის ისტორიული ცენტრი და ლავეზის კუნძულები; ასევე დაკავდით მედიტაციით აგრიის უდაბნოში და დააგემოვნეთ კორსიკული ღვინის სახეობები.
თუ გადაწყვეტთ და მოინახულებთ კორსიკას, ისე არ უნდა დაბრუნდეთ იქიდან, რომ არ ეწვიოთ ლავეცის კუნძულს. ეს ის ადგილია, სადაც სუფთა ბუნებისა და წარმოუდგენელი ადგილობრივი პეიზაჟების მოსანახულებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ლავეცი უჩვეულო კუნძულია, რომელსაც გრანიტის უზარმაზარი ფილები ქმნის, ხოლო Cala Acciarino მისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, რომელიც გარშემორტყმულია კრისტალურად სუფთა პლაჟით, წვრილი, რბილი ქვიშით და უზარმაზარი ლოდებით. ეს უნიკალური რელიეფი შესანიშნავ პირობებს ქმნის წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის განვითარებისთვის, ამიტომ პლაჟზე დასვენებისა და კუნძულზე გასეირნების შემდეგ, შეგიძლიათ წყალქვეშ აკვალანგით იცუროთ და ლავეცის წყალქვეშა სამყარო უფრო ახლოს შეისწავლოთ. ასევე აუცილებლად იმოგზაურეთ გემით, რათა კიდევ უფრო ღრმად შეიცნოთ კორსიკის მომაჯადოებელი ბუნება.
საოცარი კერალა
ღმერთების მიწა − ასე უწოდებენ კერალას, ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე, ქვეყნის სოციალურ-კულტურულად ყველაზე განვითარებულ შტატს მოსახლეობით 33 მილიონი ადამიანი, დედაქალაქით თირუვანანთაპურამი, ოფიციალური ენით − მალაიამ, რომლის ანბანიც 54 ასოსგან შედგება. კერალა დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად 1956 წელს გამოცხადდა, მისი ტერიტორია 38,863 კვ. კმ-ია და დასავლეთით, არაბეთის ზღვის 590 კმ-იანი სანაპირო ზოლი აკრავს.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლიდან კერალა სუნელების მთავარი ექსპორტიორი იყო ძველი ბაბილონის, ასურეთისა და ეგვიპტისათვის. აქ ჩამოვიდნენ ბაბილონიდან გამოქცეული პირველი იუდეველები, ხოლო პირველ საუკუნეში თომა მოციქულმა ქრისტიანობა იქადაგა და დღეს მოსახლეობის დაახლოებით 18% ქრისტიანია. არაბების, ჩინელების, ძველი ბერძნებისა და რომაელების კვალდაკვალ, ვასკო და გამას ნაოსნობის შემდეგ გამოჩნდნენ პორტუგალიელები, ჰოლანდიელები, ფრანგები და ინგლისელები. სხვადასხვა ხალხთა გავლენის მიუხედავად, კერალამ ღირსეულად შეინარჩუნა საკუთარი კულტურა და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა.
გეოგრაფიული თავისებურებების წყალობით, კერალა მრავალ ვიზიტორს იზიდავს.
Backwaters − ბუნებრივი მოვლენა, საერთო ჯამში 900 კმ სიგრძის მრავალი მდინარის, არხის, ტბისა და ლაგუნებისგან წარმოქმნილი ლაბირინთი, რომლის უნიკალურობა მის ეკოსისტემაში მდგომარეობს, თუ როგორ უერთდება დაახლოებით 40 მდინარის მტკნარი წყალი ზღვის მარილიან წყალს. Backwaters-ის არხები ერთგვარი ქუჩებია, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა, მდებარეობს ტაძრები და გაშენებულია ბრინჯის პლანტაციები. Alleppey საუკეთესო ადგილია აღნიშნული სანახაობისათვის. Houseboat-ზე, ეგრეთ წოდებულ მცურავ სახლში გატარებული მთელი დღე და ტრადიციული ზღვის პროდუქტების კერძების დაგემოვნება დაუვიწყარ ემოციას განგაცდევინებთ.
Hill Stations in Kerala − სადგურებია მთიანი კერალას ფერდობებზე შეფენილი ჩაისა და ყავის პლანტაციებით, სანელებლების ბაღებითა და ნისლში გახვეული მთების პანორამული ხედებით. მთებზე გაშენებულ ჩაის პლანტაციებში ჩაფლული Munnar ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, საუკეთესო არჩევანია რომანტიკული ადამიანებისთვის.
კერალას მონახულების ერთ-ერთი პოპულარული მიზეზი მისი პლაჟებიცაა: ვარკალა, კოვალამი, კოლამი, ალეპი, პალაკადი.
თუმცა ის, რაც ყველაზე მეტად უკავშირდება კერალას, ეს აიურვედაა, რადგანაც კერალა ამ უძველესი მედიცინის სისტემის სამშობლოა. ინდოეთში მრავალი აიურვედული კოლეჯი და ჰოსპიტალია, სასტუმრო კომპლექსებში კი ფუნქციონირებს მინიკლინიკები, რომლებიც სახელწიფო სერტიფიცირებას გადის და სპეციალურ პროგრამებს სთავაზობს პაციენტ ტურისტებს.
კლინიკაში მოხვედრა იწყება ექიმთან კონსულტაციით. დგინდება პაციენტის დოშები, განისაზღვრება კვების (მხოლოდ ვეგანური) და სხვა აქტივობების რეჟიმი.
ერთი დღე აიურვედულ კლინიკაში ასეთია: დილით ადრე ადგომა, მედიტაცია, საუზმე, იოგა, სადილი, 2-3 საათიანი მასაჟი, ვახშამი, ძილი.
ყველაზე მოთხოვნადი პროგრამებია დეტოქსი, სტრესის მენეჯმენტი, გასახდომი, გამაახალგაზრდავებელი. დადგენილია აიურვედული მეთოდებით სისტემური დაავადებების მკურნალობისა და რემისიის დადებითი შედეგი.
ჩვენ მიერ ყველაზე რეკომენდებული აიურვედული სასტუმროებია: KALARI KOVILAKOM, KALARI RASAYANA, SOMATHEERAM AYURVEDA RESORT, MANALTHEERAM AYURVEDA BEACH VILLAGE, NATTIKA BEACH RESORT, CARNOUSTIE AYURVEDA & WELLNESS RESORT, TRAVANCORE HERITAGE, NIRAAMAYA SURYA SAMUDRA.
კუნძული ბალი დაუვიწყარი დასვენებისა და განტვირთვისთვის!
ბალი ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კუნძულია, რომელიც მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში, კუნძულ იავასა და ლომბოკს შორის მდებარეობს. ბალი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია თავისი ტურისტული ღირსშესანიშნაობებით, მაღალგანვითარებული ხელოვნებით, სკულპტურებით, მუსიკით და ა.შ. ტურისტებისთვის ბალი − ეს არის, უპირველესად, ეგზოტიკური პეიზაჟები, პლაჟები, უძველესი კულტურის მისტიკური ტაძრები, აზიური სამზარეულო და რა თქმა უნდა, საცურაოდ თბილი ზღვა და სერფინგი. მუდმივმა მომიქცევებმა სერფინგისტებისთვის კურორტი სამოთხედ აქცია.
აზიის სხვა ბევრი ეგზოტიკური კურორტისგან განსხვავებით, ბალიზე სამოგზაუროდ განსაკუთრებით საუკეთესო პერიოდი ზაფხულში და ადრეულ შემოდგომაზეა, კონკრეტულად კი ივნისიდან ოქტომბრამდე. ამ პერიოდში წვიმა იშვიათია და ჰაერიც ნაკლებ ნესტიანი, რაც აქ დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის დამსვენებლებისთვის.
ბალის, როგორც წარმატებული ტურისტული ადგილის, მთავარი ფაქტორი მისი პროდუქტის მრავალფეროვნება და მიმზიდველობაა, ამიტომ ტროპიკულ ტყეში დილით ადრე დაწყებული მოგზაურობა შუადღის შემდეგ პლაჟის კურორტზე გრძელდება. ბალიზე ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც პირდაპირი რეისებით დაკავშირებულია მსოფლიოს უამრავ წერტილთან.
თუ გადაწყვეტთ და ბალის ესტუმრებით, აუცილებლად უნდა მოინახულოთ უბუდი, რომელიც მდებარეობს მთიან ადგილზე და გარშემორტყმულია მწვანე გორაკებით, ბრინჯის მინდვრებით, ჯუნგლებით და მდინარეებით. ბალის ბრინჯის მინდვრები უბრალოდ ლამაზი კი არა, სუნთქვისშემკვრელი სანახაობაა. გორაკებზე გადაჭიმული მწვანე ზოლები მთების, ტერასების, პალმებისა და პლანტაციების გარშემო ირხევა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უბუდი ისეთი ადგილია, რომელიც თქვენ მიერ ნანახ არცერთ ადგილს არ ჰგავს.
ახალბედა სერფერებს კი, ბალიზე ყველაზე „სტუმართმოყვარე“ ტალღები ელოდებათ. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ გამოცდილი სერფერი ხართ თუ არა − ბალიზე სტუმრობისას აუცილებლად უნდა დაკავდეთ სერფინგით, რისთვისაც საუკეთესო ადგილები კუტა, სემინიაკი და ულუვატუა. კურორტი კუტა შედარებით ახალბედებისთვისაა შესაფერისი, რადგან უფრო მშვიდი სანაპირო და სერფინგის შემსწავლელი მრავალი სკოლაა. ულუვატუ კი მხოლოდ პროფესიონალებისთვისაა, რადგან ამ ადგილს მაღალი ტალღები ახასიათებს.
კუტა როგორც სერფინგისთვის, ასევე ღამის ცხოვრების მოყვარულთათვისაც ძალიან აქტუალურია, რადგან გამოირჩევა დაბალბიუჯეტიანი და ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით.
ბალიზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო ტერიტორია – ნუსა დუა თავისი ულამაზესი სანაპიროებით, რომლებიც მართლაც რომ საუცხოოა ულამაზესი ხედებით, მშვიდი ზღვით, მოვლილი პლაჟებით და მაღალი კლასის სასტუმროებით.
ისევე, როგორც აზიის სხვა ქვეყნების სამზარეულო, ბალიც ეგზოტიკურია იმ სანელებლებისა და პროდუქტების სიუხვის წყალობით, რომლებიც ჩვენთან არ მოიპოვება. ამიტომ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მათი კერძები.
ბალის SPA-ცენტრები განთქმულია თავისი სპეციალური პროგრამებით, რომლებიც მოიცავს სტრესისგან გათავისუფლებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ორგანიზმის ტონიზირებას.
ბალიზე ასევე ძალიან პოპულარულია დაივინგი. კუნძულის თითქმის ყველა კურორტზე დაივინგის სკოლები და ცენტრები არსებობს, რადგან კუნძულის ნაპირებთან შთამბეჭდავი წყალქვეშა სამყაროა: მარჯნის ბაღები, კუები, ვარსკვლავები, ზღვის ღრუბლები, ბაყაყები და თევზის სხვა იშვიათი სახეობები.
Batur Mount – ბალის ერთ-ერთი მოქმედი ვულკანია 1717 მეტრ სიმაღლეზე, რომლის მწვერვალზე ასვლის შემდეგ შეგიძლიათ თავად ვულკანის ხედითა და მიმდებარე ტერიტორიის სილამაზით დატკბეთ, იხილოთ კალდერაში წარმოქმნილი ტბა და კრატერებში ლავის დუღილს მოუსმინოთ.
ასევე წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბალის ღირსშესანიშნაობები. პურა ბესაკიჰის ტაძარი ბალის მთავარი სალოცავი და ინდონეზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტაძრის კომპლექსია, რომელიც 1000 წლის წინ ვულკან აგუნგის ფერდობზე აშენდა და სავსეა უამრავი მცენარით, ეგზოტიკური ყვავილით, ულამაზესი კიბეებით, პატარა და დიდი ქანდაკებებით. ტერიტორიაზე 22 ტაძარია განთავსებული და თითოეული მათგანიდან საოცარი ხედი იშლება, რადგან კომპლექსი 1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბალი ზღაპრული და ფანტასტიკური ადგილია, როგორც თაფლობისთვის გასატარებლად, ასევე მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად.
უზბეკეთი აბრეშუმის გზის გული
უზბეკეთი მრავალფეროვანი რესპუბლიკაა თავისი კულტურული მემკვიდრეობითა და ისტორიული წარსულით. ამ ქვეყნის არქიტექტურა კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მთელ მსოფლიოში. აქ შემორჩენილია მრავალი უძველესი შედევრი, მათ შორის სასახლეები, მავზოლეუმები, მეჩეთები და მინარეთები. ფერადი მოზაიკა, რელიგიური სიმბოლოები და აბსტრაქტული გეომეტრიული ნიმუშები ასევე ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია უზბეკეთის არქიტექტურისა. 2016 წლის მონაცემებით, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში უზბეკეთის 5 ძეგლია შეტანილი, რომელთა მონახულება კლასიკური მარშრუტია უზბეკეთის კულტურის უკეთ გასაცნობად. ესენია: იჩან-ყალა, ქალაქ ბუხარას ისტორიული ცენტრი, შაჰრისაბზის ისტორიული ცენტრი, სამარყანდი − კულტურების გზაჯვარედინი და დასავლეთი ტიანშანი.
იჩან-ყალა უზბეკეთის ქალაქ ხივაში მდებარე დღემდე შემონახული შიდა ქალაქის სახელწოდებაა, რომელიც ცნობილია თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. ქალაქში დაცული მეჩეთებიდან, მედრესეებიდან, მინარეთებიდან და მავზოლეუმებიდან ყველაზე ძველი ნაგებობა XVI საუკუნისაა. ქალაქი ძეგლად და ნაკრძალად 1968 წელს აღიარეს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში კი 1990 წლიდანაა შეტანილი. ხივა ხორეზმის არქიტექტურის ქალაქ-მუზეუმია.
რაც შეეხება ბუხარას, იგი სიდიდით მეხუთე ქალაქია უზბეკეთში, სადაც 140-მდე ძეგლია დაცული. სამარყანდთან ერთად, ბუხარა უზბეკეთის ტაჯიკური უმცირესობის ერთ-ერთი ცენტრთაგანია. არქეოლოგიური მონაცემებით, ბუხარა I საუკუნეში უნდა იყოს დაარსებული. როცა ქალაქი არაბებმა დაიპყრეს, იგი უკვე შუა აზიის მნიშვნელოვანი კულტურული და სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო. საუკუნეთა განმავლობაში, ქალაქი ევროპასა და აზიას შორის საქარავნო ვაჭრობის ცენტრად მიიჩნეოდა.
შაჰრისაბზი – ქალაქი უზბეკეთის კაშკადარინის ოლქში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქალაქს ძველად კეში ეწოდებოდა და წარმოადგენდა აქემენიდების იმპერიის პროვინცია სოგდიანის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი VII საუკუნეში დაიპყრეს არაბებმა. შაჰრისაბზი ცნობილია, როგორც თემურლენგის სამშობლო. იგი დაიბადა სოფელ ხოჯა-ილგარში, რომელიც მდებარეობს ქალაქის გარეუბანში და XIV–XV საუკუნეებში მის რეზიდენციას წარმოადგენდა.
სამარყანდი – უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქი და სამარყანდის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ისტორიულად ცნობილია მისი ცენტრალური პოზიციით აბრეშუმის გზაზე ჩინეთსა და დასავლეთს შორის, ასევე სამეცნიერო სწავლების ისლამური ცენტრით. ქალაქის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა ბიბი-ხანიმის მეჩეთია. 2001 წელს იუნესკომ 2750 წლის ქალაქი მსოფლიო კულტურული მეკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, როგორც „სამარყანდი − კულტურათა გზაჯვარედინი“.
დაბოლოს − ტიან-შანი, მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე. ტიან-შანის სისტემაში შედის 30-ზე მეტი მწვერვალი, რომელთაგან ყველაზე მაღალის, ჟენიშ-ჩოქუსუს სიმაღლე 7439 მეტრია.
უნდა აღინიშნოს, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წლის 16 ივლისიდან საჰაერო მიმოსვლა აღდგა ტაშკენტსა და თბილისს შორის. ავიარეისების შესრულება ავიაკომპანია „უზბეკეთის ავიახაზებმა“ კვირაში ორჯერ სიხშირით დაიწყო და ახლა უკვე თავისუფლად შეგიძლიათ ამ საოცარი ქვეყნის მონახულება. უზბეკეთში მოძრაობს ძალიან კომფორტული, სწრაფმავალი მატარებლები ტაშკენტიდან ბუხარა-სამარყანდის მიმართულებით. თუ გსურთ, ბოლომდე შეიცნოთ უზბეკეთის ისტორია და წარსული, აუცილებლად უნდა გაჩერდეთ ისეთ სასტუმროში, რომელიც გაჯერებულია აზიური არქიტექტურის დეტალებით და გნუსხავთ მისი მომაჯადოებელი კულტურით.
უზბეკეთზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ მისი დედაქალაქი ტაშკენტი, სადაც თქვენ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ერთ-ერთი ყველაზე გრძელი − შოთა რუსთაველის გამზირი და მისი ძეგლი.
ტაშკენტი სავაჭრო ქარავანთა მნიშვნელოვან გზის გასაყარსა და აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა. ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ვაჭრები უზბეკეთის ქალაქების გავლით გადიოდნენ აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა. დღეს უზბეკეთის ქსოვილების ბაზარზე ბამბის ნაწარმი ჭარბობს, სადაც ასევე შეხვდებით ულამაზეს ორნამენტებიან ბამბის, შალისა და აბრეშუმის ფარდაგებს.
თანამედროვე არქიტექტურას მართლაც რომ საუცხოოდ ერწყმის უძველესი ფერადი ნაგებობები, რომელთაც მოცისფრო-მოლურჯო ფილაქნებით გაწყობილი გუმბათები ამშვენებს. ბევრ ასეთ შენობაში დღეს სკოლებია განთავსებული.
რაც შეეხება უზბეკურ სამზარეულოს, მასზე გავლენა ადგილობრივმა სოფლის მეურნეობამ მოახდინა. უზბეკეთში დიდადაა გავრცელებული მემარცვლეობა, ასე რომ, პურსა და ატრიას უზბეკურ სამზარეულოში დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან უზბეკეთი გამოირჩევა ცხვრის სიჭარბით, ხორცის პოპულარული სახეობა სწორედ ცხვრის ხორცია. უზბეკეთის დამახასიათებელი კერძია ფლოვი, რომელიც მზადდება ბრინჯისგან, ხორცის ნაჭრებისგან, გახეხილი სტაფილოსა და ხახვისგან. აღსანიშნავი ეროვნული კერძებია შურპა, ნარინი და ლაღმანი, ჩუჩვარა და სომსა, ფარშირებული ცომი, მანთი, დიმლამა და სხვა.
ჩაი არის ის სასმელი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მიირთმევენ უზბეკები. მათი სადღესასწაულო სუფრა მთავრდება ხილით ან კომპოტით, რომელიც დამზადებულია ცოცხალი ხილით ან ჩირით, რასაც მოყვება კაკალი და ჰალვა, მწვანე ჩაით.