დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოგიდგენთ პროექტს „იმოგზაურეთ ვისოლთან ერთად“. ვიდეობლოგის წამყვანი, ჯონი კაპანაძე დღეს მოგვიყვება მის ბოლო მოგზაურობაზე ჯავახეთის ეროვნულ პარკში.
ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის ეროვნული პარკი მადათაფის, წუნდის, ხანჩალის, კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. აქ წლის სხვადასხვა დროს 140 სახეობის მობუდარ და გადამფრენ ფრინველთა ნახვაა შესაძლებელი, ხოლო თევზით მდიდარი ტბები საუკეთესო ადგილია თევზაობისთვის.
ჯავახეთის ზეგანი საქართველოში დასახლებულ ადგილთა შორის ყველაზე ცივია. აქ მკაცრი ზამთარი და გრილი ზაფხულია. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი მაისიდან ოქტომბრამდეა. აქ თოვლიანი მთის მწვერვალების, ლურჯი ტბებისა და ალპური ყვავილებით დაფარული მწვანე ჰორიზონტების მონახულება შეგიძლიათ, შემოდგომით კი, მწვანეს ყვითელი ფერი შეცვლის.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი ახალქალაქში ახალციხე-წალკა-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მდებარეობს, სადაც ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტურისტული სერვისებისა და იმ საფეხმავლო მარშრუტების შესახებ, რომლებიც მრავლადაა ჯავახეთში.
თუ საფეხმავლო მარშრუტებზე ლაშქრობა გსურთ, ვეფხვების კანიონი, მადათაფას ტბისა და მთის მარშრუტები აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ასევე, მოლაშქრეებს შორის დიდი პოპულარობით გამოირჩევა აბულის ციხისა და მთა დიდი აბულის საფეხმავლო მარშრუტები. მთა დიდი აბული, რომლის სიმაღლეც 3301 მეტრია, ყველაზე მაღალი მწვერვალია სამხრეთ საქართველოში, რომლის ფერდებიც ქვის მდინარეებითა და ალპური მდელოებითაა შემოსილი.
ჯავახეთის ეროვნული პარკი გადამფრენი ფრინველებისთვის საიმიგრაციო დერეფანს წარმოადგენს და ამ მხრივ, საქართველოში მნიშვნელობით მეორე ადგილზეა.
ეკოტურისტული თვალსაზრისით კი, აქ შესაძლებელია დაგეგმოთ 7 სხვადასხვა ტიპის საფეხმავლო, საავტომობილო, ველო და საცხენოსნო ტურები.