დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოგიდგენთ პროექტს „იმოგზაურეთ ვისოლთან ერთად“. ვიდეობლოგის წამყვანი სოფი აზარიაშვილი დღეს მოგვიყვება მის ბოლო მოგზაურობაზე ოკაცეს კანიონში.
სოფი აზარიაშვილი: საქართველოში პირველი ექსტრემალური კიდული ბილიკი, პირველი გამჭვირვალე საფარი და შენ ქვემოთ 140 მეტრი სიცარიელეში... ეს ოკაცეს კანიონია.
ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მდებარეობს და ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილად იქცა. თბილისიდან ოკაცეს კანიონამდე 343 კილომეტრია. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, კანიონში ვიზიტი შეგიძლიათ დაგეგმოთ, როგორც შაბათ-კვირას, ასევე შეიაროთ აჭარისკენ მგზავრობისას. ეს სულ რამდენიმე საათს წაგართმევთ, თუმცა დაუვიწყარ მოგონებებს შეგიქმნით.
კანიონზე შესასვლელი ბილეთების ყიდვას ვიზიტორთა ცენტრში შეძლებთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბილეთების შეძენა წინასწარ, ელექტრონულადაც შეგიძლიათ, ვებგვერდებზე: www.nationalparks.ge ან www.guru.ge, რაც ძალიან კომფორტულია და თავიდან აგაცილებთ ადგილზე რიგში დგომას. ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, სკოლის მოსწავლეებისთვის 5.50 ლარი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის 9.2 თეთრი, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის 17.25 ღირს.
ვიზიტორთა ცენტრიდან კანიონამდე გზა შეგიძლიათ ფეხით ან მაღალი გამავლობის მანქანით განაგრძოთ. თუ ფეხით სიარული გეზარებათ და მანქანაც არ გყავთ, შეგიძლიათ ტაქსის მომსახურების სერვისით ისარგებლოთ, რომელსაც ვიზიტორთა ცენტრთან დაიქირავებთ. მომსახურება დაახლოებით 10 ლარი დაგიჯდებათ.
ვიზიტორთა ცენტრიდან კანიონამდე გზის გაგრძელებას თუ ფეხით გადაწყვეტთ, დადიანების ისტორიულ ტყე-პარკს გაივლით, რომელიც მე-19 საუკუნეში მთავარმა დავით დადიანმა სასახლის აშენებასთან ერთად მოაწყო. ბაღი ავსტრიიდან მოწვეულმა დეკორატორმა ჟოზეფ ბაბინმა გააშენა. პარკის ტერიტორია ამჟამად 51 ჰა-ს შეადგენს. აქ ადგილობრივი სახეობის 89 და ეგზოტიკური სახეობის 59 ხე-მცენარეა გაშენებული.
ოკაცეს კანიონის კიდული ბილიკი 989 საფეხურისგან შედგება. გაითვალისწინეთ, რომ კანიონზე დაიშვებიან 120 სმ-ზე მეტი სიმაღლის ბავშვები და ოკაცეზე წამოსვლის წინ, აუცილებლად შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი, რადგან წვიმიან ამინდში, ვიზიტორთა უსაფრთხოების გამო, კიდული ბილიკი იკეტება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გეცვათ სპორტული ფეხსაცმელი და მოსახერხებელი სამოსი.
კანიონის ბილიკი 780 მ სიგრძისაა და მის გასავლელად დაახლოებით ნახევარი საათი დაგჭირდებათ. კანიონის სიღრმე 35-140 მ-ია, სიგანე − საშუალოდ 4 მ. ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები თითქმის უერთდება ერთმანეთს და ბუნებრივ ქვახიდებს წარმოქმნის.
ოკაცეს კანიონის კიდული ბილიკი პანორამული გადმოსახედით სრულდება, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ფოტოების გადასაღებად, ოკაცეს კანიონი არაჩვეულებრივი ადგილია.
იმოგზაურეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები!