„დააკვირდით, რომ შემოდგომა უფრო მეტად სულის სეზონია, ვიდრე ბუნების“ − ფრაზა, რომელიც ფრიდრიხ ნიცშეს ეკუთვნის, შესაძლოა წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული სიცხადით მოგზაურობისას გვახსენებდეს თავს. მაშინ, როცა მსოფლიოს გარშემო სვლა ყველაზე ფერადია, სხეულს ბრიზი აგრილებს, სულს კი ხშირად უეცრად მოსული წვიმა ამშვიდებს, რომელიც რბილი ძალდატანებით შეგვახსენებს ზამთრის სიახლოვეს.
ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებისას, სამუშაო რეჟიმში კვლავაც ჩადგომისას, ზამთრის თანმხლები დასვენების მოლოდინში, შემოდგომის სეზონი ნაკლებად მოიაზრება მოგზაურობისთვის წელიწადის გამორჩეულად აქტიურ დროდ, თუმცა სასიამოვნო კლიმატი, საგრძნობლად ბიუჯეტური მოგზაურობა და ტურისტთა ძლიერი ნაკადის არარსებობა საკმარისი მიზეზებია იმისათვის, რომ შემოდგომა სხვადასხვა ქვეყნის მოსანახულებლად გამორჩეული სეზონი გახდეს.
კვების დაწესებულების საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“ საშემოდგომო მოგზაურობის მიმართულებებს გთავაზობთ და იქ დაუვიწყარი დროის გატარებას რამდენიმე განსაკუთრებული რჩევით გპირდებათ, რომელიც სამი პრინციპით ერთიანდება: „სად დარჩეთ“, „სად მიირთვათ“, „სად დალიოთ“.
სექტემბერი − პარიზი
სექტემბერში, როცა ტურისტული სეზონი პარიზში შედარებით ნელდება, თვითმფრინავისა და სასტუმროების ფასებიც ამ ტემპზე გადადის. ამინდი კი სასიამოვნოა, საზაფხულო ატმოსფეროს ნარჩენებით გაჯერებული; პარიზელები ქალაქს უბრუნდებიან, რაც სახალისო გარემოსა და ავთენტურობას ქმნის. სწორედ ამიტომ, სექტემბერი პარიზში სტუმრობის შესანიშნავი თარიღია.
„გასტრონავტის“ რჩევით:
where to stay: სად დარჩეთ
Hotel Particulier Montmartre (restaurant and bar Hotel Particulier Montmarte) 5-ნომრიანი, მაღალი კლასის სასტუმრო-ბუტიკია, რომელიც მონმარტრის მომხიბვლელ რაიონში მდებარეობს და იქაურ რესტორნებამდე ფეხითაც გაისეირნებთ. მე-19 საუკუნის შენობაში ფართო ოთახები ინდივიდუალური დიზაინით გამოირჩევა, ზოგიერთი მათგანის სიმყუდროვეს კი განსაკუთრებულად მუქი ტონები განსაზღვრავს. აქვეა ელეგანტური რესტორანი ტერასით, სადაც ბრანჩსა თუ სადილს შემოგთავაზებენ. სასტუმროს ბარი Le Tres Particulier კი სასმელების დასაგემოვნებლად გამორჩეული ადგილია, სადაც მუდმივი ხმაური სავიზიტო ბარათია.
Hotel providence paris
სასტუმრო, რომლის მეზობლად 1872 წლით დათარიღებული „რენესანსის თეატრი“ მდებარეობს, სან მარტინის არხთან შეფენილი კაფე-ბარებიდან 10 წუთის სავალზეა.
ინტერიერს თითოეული დეტალი გამოარჩევს. ნივთებით გამდიდრებული გარემო და ყველა ძვირფასი ქსოვილი კიდევ უფრო მეტად ქმნის შთამბეჭდავ სივრცეს.
სასტუმროს თვრამეტივე ნომერი დახვეწილი ფერებითა და ტექსტურით ხასიათდება. ხავერდის სავარძლები, ვინტაჟური ფირსაკრავი, შპალერი − განათამედროვებული სიძველეებია, რომლებთანაც სინთეზს მოდერნიზებული სამყაროს ყველა სიახლე ქმნის. მაგალითად, თქვენი სმარტფონის უკაბელო დამტენი.
სადილის წინ მიირთვით დაუვიწყარი გემოს მქონე კოქტეილი ბუხრის წინ, ვერანდაზე ან სასტუმროს ბარში. რესტორანი ბისტროს მაგიდების, ტყავის სავარძლების, მუქი ხავერდის, ყვავილების პრინტიანი კედლების ნაზავია. სადილისა და ვახშმის დაგემოვნება ამ გარემოში, Hotel providence paris-ში სტუმრობას მოგონებებში სამუდამოდ აღბეჭდავს. დესერტი La Patisserie des Reves-დან იგზავნება, ასე რომ, ყველა ნამცხვარი ნამდვილი ზღაპარია.
Brach by philippe starck
Brach ურბანული კურორტია, არტისტულ-კოსმოპოლიტური სულით შთაბერილი. 22-მეტრიანი საცურაო აუზი, საუნა, თურქული აბანო, მარილის მღვიმეები − ამ მაღალი კლასის სასტუმროს თანმხლები სერვისებია. ნათელი და დიდი ოთახების ტერასებიდან პარიზის შთამბეჭდავი ხედები მოჩანს. რესტორანი ჯანსაღსა და დაბალანსებულ კერძებს გთავაზობთ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოთია შთაგონებული. სტუმრებს ასევე შეუძლიათ იან ბრაისის − ცნობილი კონდიტერის მიერ მომზადებული ფრანგული დელიკატესები დააგემოვნონ.
Where to eat (სად მიირთვათ)
Septime (lunch) − ეს არის ნეო-ბისტრო, ნეო-ბრასერია, რომელიც 50 საუკეთესო რესტორნების სიაში შედის. აქ მოსახვედრად ძალიან დიდ რიგში ჩადგომა მოგიწევთ, რადგან ჯავშანი წინასწარ არ მიიღება, მოცდა კი ნამდვილად ღირს. კერძების ინგრედიენტთა 99% საფრანგეთში მოიპოვება. რესტორანს პარიზთან ახლოს საკუთარი ფერმაც აქვს. მენიუში ფოკუსი ძირითადად ბოსტნეულზეა გამახვილებული − სხვაგან ვერსად დააგემოვნებთ ასეთ გემრიელ, შემწვარ ყვავილოვან კომბოსტოს კერძს თუ დამწნილებულ მსხალს. აქ შეხვდებით ნატურალურ ღვინოსაც. Septime lunch სენ ემილიონში 2 ჰექტრამდე ფართობის ვენახსაც პატრონობს.
LOULOU − თუ ლუვრთან მოხვდებით, ეს რესტორანი არ გამოტოვოთ! LOULOU მიჩნეულია ესთეტიკის მოყვარულთა სივრცედ, სადაც სასადილო დარბაზი სტუმრებს ჩვეული ელეგანტურობით მასპინძლობს. აქ ერთმანეთს სადილსა თუ ვახშამზე ხვდებიან, ბევრს საუბრობენ და შეექცევიან ფრანგული ელფერით გაფორმებულ ნამდვილ იტალიურ კერძებს.
Where to drink (სად დალიოთ)
Night flight bar at Hotel Bachaumont − ეს არის experimental group-ის, პარიზელი მიქსოლოგების კოლექტივის მორიგი პროექტი. ჯგუფის, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქში კოქტეილების შექმნის კუთხით რევოლუცია მოახდინა.
Night flight bar სასტუმრო Hotel Bachaumont-ის პირველ სართულზე მდებარეობს და რომანტიკული სივრცეა, სადაც ინოვაციურსა და ორიგინალური ფორმით მოწოდებულ სასმელს გთავაზობენ.
ოქტომბერი − ბარსელონა
ბარსელონაში სტუმრობისას წლის ნებისმიერ დროს უამრავ მოგონებას დააგროვებთ, თუმცა არსებობს თვეები, რომელთა განმავლობაში აქ ვიზიტი განსაკუთრებით კომფორტულ მოგზაურობას გპირდებათ.
ოქტომბერი ბარსელონაში ის დროა, როცა სასიამოვნო ამინდები განებივრებთ, ტურისტული ბუმი ქრება და მშვიდად სტუმრობთ მუზეუმებს, სადაც შემოდგომის დადგომისას გამოფენები უკვე განუახლებიათ. მეტი შესაძლებლობა ჩნდება, რომ დიდი რიგების გვერდის ავლით, ცნობილ რესტორნებში სადილობაც მოახერხოთ.
Where to stay (სად დარჩეთ)
Hotel Brummell სკანდინავიური და ხმელთაშუა ზღვის სტილისტური გავლენებით ხასიათდება. სასტუმროს 20 ნომერი აქვს და თითოეული მათგანი იმ სტუმრებს ელოდება, ვისაც სურს, ლოკალური ატმოსფერო ბოლომდე შეიგრძნოს. საცურაო აუზი, საუნა, უზარმაზარი ტერასა, შიდა ეზო და მაღალი კლასის რესტორანი ადგილობრივი კერძებით Hotel Brummell-ის უპირატესობებია.
ALMANAC Barcelona-ს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბარსელონას გულში ბინადრობს და სტუმრებს ქალაქის კულტურულ შარმთან აკავშირებს. Almanac-ის 100-მდე ოთახი თანამედროვე დიზაინის, სიმდიდრისა და ჰარმონიის სინთეზს წარმოადგენს. მოდერნისტული ავეჯი სპეციალურად სასტუმროსთვის დამზადდა. ველნესცენტრი, ფიტნესზონა და სპაპროცედურები თქვენს დასვენებას მეტ რელაქსაციას შემატებს.
Where to drink (სად დალიოთ)
Dry martini − არ მოგიწევთ ბევრი ფიქრი, თუ რა შეუკვეთოთ, ბარის სახელი ამას თავად გკარნახობთ. ეს ადგილი 1978 წლიდან ღიაა და მას შემდეგ კოქტეილების სამყაროში უცვლელ ლიდერობას ინარჩუნებს. სასმელების მენიუ კლასიკურ კოქტეილებსა და დამფუძნებელთა ძველ, საფირმო რეცეპტებს აერთიანებს. ხავიერ დე ლა მუელასის ბარი ადგილს მსოფლიოს 50 საუკეთესო ბარის სიაში იკავებს.
where to eat (სად მიირთვათ)
Cecconi’s at Soho Barcelona − ყველასთვის ღიაა! მათთვის, ვისაც სურს დრო შესანიშნავად გაატაროს, გაერთოს, ან მყუდრო კუთხეში იმუშაოს. ინტერიერში, სადაც ღია სამზარეულოა ინტეგრირებული, იტალიური კერძები მზადდება. მოსახერხებელი ლოკაცია, კარგი ატმოსფერო და გემრიელი კერძები − ის მიზეზებია, რის გამო აქ უამრავი ადამიანი იკრიბება და ასე ჩამოყალიბდა Cecconi’s at Soho Barcelona სოციალიზაციისთვის მათთვის საყვარელ ადგილად.
Bodega 1900 – ესპანური ტაპასების Must visit ბარია. ეს alber adria-ს პროექტია, რომლის შესახებაც ამბობს: „ჩვენ ვაკვირდებით წარსულს, ვამზადებთ ტრადიციული რეცეპტებით, რომელსაც აწმყოს პერსპექტივიდან ვხედავთ“. თეთრი ფილები, დიდი ზომის გარნიტურა ბარში სახლის ატმოსფეროს ქმნის. კლასიკურ ტაპასებსა და თეთრ ღვინოსთან ერთად, აქ გრილზე შემწვარ კერძებს, შებოლილ და დამწნილებულ პროდუქტებს მოგართმევენ.
Rocambolesc, Barcelona − ბარსელონას მთავარ ქუჩა La rambla-ზე ცნობილი სანაყინე მდებარეობს. Rocambolesc მსოფლიოს გამორჩეული კონდიტერის, შეფ ჯორდი როკას და მისი პარტნიორის მიერ შექმნილი ბრენდია. აქ ნაყინს, კანფეტებსა და საინტერესო დესერტს შეხვდებით, გოგრისა და მანდარინის თუ იისა და ქოქოსის სინთეზით.
ნოემბერი − მილანი
ლურჯი ცა, სასიამოვნო ამინდი, ოქროსფერი ფოთლები, ნათელი დილა მზის სუსტი მცხუნვარებით და ველოსიპედებით გასეირნება − მილანური დღის დასაწყისია.
ნოემბრის სითბო ტურისტებს იტალიურ მეტროპოლისში იზიდავს, სადაც უამრავ თავშესაქცევს პოულობენ.
where to eat (სად მიირთვათ)
Antica trattoria – 1930 წელს გაიხსნა და მას შემდეგ იტალიური კერძების გასასინჯად ერთ-ერთ გამორჩეულ რესტორნად რჩება. „ოსაბუკო“ ამ რეგიონის დამახასიათებელი კერძია, რომელთან ერთადაც აქ ასევე განსაკუთრებული რიზოტო მილანეზეს დაგემოვნებას შეძლებთ.
Where to stay (სად დარჩეთ)
10 Corso Como hotel − სასტუმროს ლოკაცია ერთ-ერთი მთავარი ხიბლია, რომელსაც ერთვის ფაქტი, რომ ის მილანში დიზაინის მთავარი ჰაბია. 10 Corso Como-ს შექმნა იტალიური „ვოგის“ რედაქტორს, კარლა სუზანის მიეწერება.
სასტუმროში მხოლოდ 3 მყუდრო ოთახია, რომელიც უმშვენიერეს ბაღს გადაჰყურებს. თითოეულ მათგანში თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.
Where to drink (სად დალიოთ)
Mandarin bar at Mandarin oriental hotel − როცა მილანში საღამო დგება, ეს ადგილი ყველაზე მნიშვნელოვან წერტილად იქცევა, რომელსაც საუკეთესო გართობისთვის სტუმრობენ. „სადილის შემდგომი“ პერიოდის გასატარებლად, აქ უამრავი ადამიანი იკრიბება და საღამოს 6 საათიდან, მაშინ, როცა განათება მქრქალი ხდება, მუსიკა ირთვება, მიქსოლოგები სტუმრებს იტალიური კოქტეილებით აკვირვებენ. მილანი აპერიტივების სამშობლოა, სადაც 6 საათიდან 9 საათამდე (განსაკუთრებულ თარიღებში − ღამის 12 საათამდეც) სასმელს წასახემსებლები უფასოდ მოყვება.