მიაჩნია, რომ სწორედ იმ სფეროს წარმოადგენს, რომელიც აძლევს შესაძლებლობას საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს. ფიქრობს, რომ ტურიზმი ის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში უდიდესი როლი აკისრია. OK! ბათუმის სტუმარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თინათინ ზოიძეა. რა კეთდება აჭარაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებისთვის, რომელი ადგილების მონახულებას ურჩევს ადამიანებს, რომ მათ შეიგრძნონ ნამდვილი აჭარა და რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს მამაკაცი, რომელზეც არჩევანს შეაჩერებს − გაეცანით უფრო ახლოს OK! ბათუმის ფურცლებიდან.
პროფესია, გამოცდილება.
დავამთავრე ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაგისტრატურა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პარალელურად ვსწავლობდი ლატვიაში, ეკონომიკის ფაკულტუტზე. სტუდენტობის პერიოდიდან ვმუშაობ ტურიზმის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა პოზიციაზე.
რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი?
ჩემთვის, ვიყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიშნავს ვაკეთო საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს, ვიმუშავო პროფესიონალ გუნდთან ერთად, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ეს პოზიცია საშუალებას მაძლევს განვახორციელო მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით.
რა კეთდება აჭარაში ტურისტული სერვისების გასაუმჯობესებლად?
ტურიზმის სფეროში სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, ტურიზმის დეპარტამენტს აქვს სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მუდმივად ატარებს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებს და გადამზადების კურსებს გიდების, სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტებისა და ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ტურიზმის დეპარტამენტმა გადაამზადა ტურიზმის სფეროს 3000-ზე მეტი წარმომადგენელი. ასევე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვართ ჩართული როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან სერვისის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებში.
როგორია აჭარის ტურისტული პოტენციალი? რა განსაკუთრებული ნიშა გვაქვს აღნიშნულ ბაზარზე?
ბათუმი და მთლიანად აჭარის რეგიონი კონტრასტებით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ტურისტული თვალსაზრისით ჩვენი ძლიერი მხარეა. გვაქვს მთაც და ზღვაც. ბათუმი ჩვენი რეგიონის ტურისტული ცენტრია − მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით, სპორტული მოედნით, ძველი ბათუმითა და ბულვარით. მთიანი აჭარა კი ულამაზესი ტურისტული ბილიკებით ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე, სამთო-სათხილამურო კურორტებით, სათავგადასავლო და კულტურული მარშრუტებით, თაღოვანი ხიდებით, ციხეებით, ავთენტური სოფლებით, გამორჩეული სამზარეულოთი და ფოლკლორით, ყველა ტიპის მოგზაურისთვის საინტერესო და მიმზიდველია.
გადაწყვეტილება, რომლითაც ამაყი ხართ.
ტურიზმის სფერო ჩვენს რეგიონში საწყის ეტაპზეა და ახლა ვითარდება. სწორედ ახლა იგეგმება და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, ყალიბდება ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები. მე ვამაყობ ყველა იმ პროექტით, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს რეგიონში და ეკონომიკური სარგებელი მოაქვს მოსახლეობისა და ქვეყნისთვის.
უპირველესად, რის მონახულებას ურჩევდით აჭარის რეგიონში ჩამოსულ ვიზიტორებს?
აჭარის რეგიონი მდიდარი და მრავალფეროვანია ტურისტული პროდუქტებით, მაგრამ ვფიქრობ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა და ადგილი, რომელიც აუცილებად უნდა ნახოს სტუმარმა, რათა უკეთ გაიცნოს და შეიგრძნოს ჩვენი რეგიონი. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულება მაგნოლიებისა და კამელიების ყვავილობის დროს, დელფინების შოუზე დასწრება, მზის ჩასვლისა და მისი ანარეკლის ხილვა კვარიათის სანაპიროზე, ველოსიპედით ან ფეხით გასეირნება ბათუმურ წვიმაში ზღვის სანაპიროზე, თხილამურებით გასეირნება ისპანის ტორფნარზე, ლაშქრობა მტირალას ეროვნულ პარკში, კავკასიური ტრიტონის კადრის დაჭერა და ფოტოს გადაღება ტბიყელის ტბაში; ფრინველებზე დაკვირვება სოფელ სახალვაშოში, მაჭახელას თოფის ისტორიის მოსმენა ზედა ჩხუტუნეთის მუზეუმში, ფოტოს გადაღება მერისის ჩანჩქერთან, ჩხავერისა და ქედის ცოლიკაურის დაგემოვნება საოჯახო ღვინის მარნებში, ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდის ნახვა, ალპური ყვავილების დაკრეფა ჩირუხის მთაში, ბორანოს და ცხელი მჭადის დაგემოვნება ბეშუმში, სელფის გადაღება ხიხანის ციხეზე, თხილამურებით სრიალი გოდერძის უღელტეხილზე და ბერმუხას მიერ შესრულებული აჭარული ცეკვის ნახვა არის ის ძირითადი აქტივობები, რომლებიც ბათუმსა და აჭარას ხელახლა აღმოგაჩენინებთ.
თქვენი ძლიერი მხარე, რომელიც გეხმარებათ საქმიანობის უკეთ წარმართვაში...
ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები. შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და გუნდურობა კი მეხმარება, ვიყო წარმატებული და განვახორციელო მნიშვნელოვანი პროექტები.
იყო ქალი ლიდერი, ნიშნავს...
აკეთო ყოველდღიური საქმე გაორმაგებული პასუხისმგებლობით და იყო განსხვავებული.
იმისათვის, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი იყოს...
აჭარას აქვს პოტენციალი, იყოს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. გვაქვს მდიდარი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. სეზონურობა ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს, რომელზეც ვმუშაობთ. იმისათვის, რომ ჩვენი რეგიონი გახდეს მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველი მიმართულება, მნიშვნელოვანია დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტების შექმნა, საინტერესო და მრავალფეროვანი ფესტივალებითა და ღონისძიებებით რეგიონის დატვირთვა, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება, რომელზეც სახელმწიფო სწორედ ახლა მუშაობს.
რა დროს უთმობთ პირად ცხოვრებას? როგორია თქვენი განტვირთვის დრო?
თავისუფალი დრო ცოტა მაქვს. ძირითადად, ვსეირნობ ბათუმის სანაპიროზე ველოსიპედით, ვუყურებ ფილმებს ან ვატარებ დროს მეგობრებთან ერთად.
ქვეყანა, სადაც იმოგზაურეთ, აღგაფრთოვანათ იქაურმა ტურისტულმა სერვისებმა და ისურვებდით, რომ მსგავსი ბათუმშიც იყოს.
მომსახურების სფეროში სერვისის დონე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ალბათ ვისურვებდი ჩვენი რეგიონის განვითარებას ტურისტული სერვისების თვალსაზრისით ბელგიის მაგალითზე. ბელგიას სასტუმროების, კვების, ტურისტული ობიექტებისა და სერვისების კლასიფიკაციის ძალიან კარგი სისტემა აქვს − როგორც ქალაქში, ასევე სოფლის ტურიზმის მიმართულებით. სხვა კუთხით, ვფიქრობ ბათუმშიც და ზოგადად, აჭარის რეგიონშიც უნდა ვცადოთ და შევინარჩუნოთ ყველაფერი, რაც ჩვენთვის სახასიათო და ავთენტურია. სწორედ განსხვავებულობა გვაქცევს ტურისტებისთვის მიმზიდველ მიმართულებად.
ვინ და რა გენატრებათ ყველაზე ხშირად?
ყველაზე ხშირად მენატრება ჩემი ძმისშვილი − ანასტასია. ის თითქმის ერთი წლისაა და რაც ოჯახში შემოგვემატა, შეგვიცვალა ცხოვრების რიტმი.
აჭარული სამზარეულოდან რომელ კერძს გამოარჩევდით?
ზოგადად, აჭარული სამზარეულო ძალიან მიყვარს. ალბათ არ ვიქნები განსაკუთრებული, თუ აჭარული სამზარეულოდან ბორანოს და ცხელ მჭადს მივანიჭებ უპირატესობას.
რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ბათუმი?
ბათუმი ჩემთვის არის ზღვა, მზე, ბულვარი და წვიმა.
რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს თქვენი რჩეული მამაკაცი?
პასუხისმგებლობით, ერთგულებით და ალბათ, იუმორით.
მოვლენა, ღონისძიება, რომელიც მიგაჩნიათ, რომ ყველაზე მეტად უხდება ბათუმს...
ზოგადად, ბათუმს ძალიან უხდება ფესტივალები და ღონისძიებები, მაგრამ მგონია, რომ ჯაზფესტივალი განსაკუთრებით სახასიათოა მისთვის.
დიდი სიამოვნებით...
დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ანტარქტიდაზე და იაპონიაში. თუ მექნებოდა შესაძლებლობა, აუცილებლად გავემგზავრებოდი კოსმოსში ან გავხდებოდი კოსმონავტი.
როგორ წარმოგიდგენიათ თავი რამდენიმე წლის შემდეგ?
წლების შემდეგაც ალბათ ტურიზმის სფეროში ვიქნები, რადგან ეს ის საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს და სადაც შემიძლია უმნიშვნელოვანესი და საინტერესო პროექტები განვახორციელო. ვფიქრობ, ტურიზმი არის ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ჩვენს რეგიონს, ქვეყანას, მოსახლეობას ეკონომიკურად გააძლიერებს და ცხოვრების დონეს აამაღლებს.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე