ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ საავტორო გადაცემის გაკეთება სურდა. ბევრი არ უფიქრია, ტელევიზიაში მივიდა და უკვე 15 წელია გადაცემა „პროექციის“ ავტორია. უახლოეს მომავალში ფილმის გადაღებას აპირებს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ხმამაღალი განაცხადია, რომელიც გარკვეულ დროს და მომზადებას საჭიროებს. OK! ბათუმის სტუმარი ჟურნალისტი, არაერთი ვიდეორგოლის რეჟისორი, ზვიად სირაბიძეა. რას ნიშნავს მისთვის ბათუმი, ვისთან ჩაწერდა სიამოვნებით ინტერვიუს, რა თემატიკის იქნება ფილმი, რომლის გადაღებასაც აპირებს და როგორია ბედნიერების მისეული აღქმა − წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუში.
ბავშვობის წლები...
ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა. ეზოში, სადაც ვცხოვრობდი, ჩვენი მეზობლები იყვნენ მეგრელები, გურულები, იმერლები, აჭარლები − მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე ცხოვრობდნენ რუსები, ბელორუსები, სომხები. შესაბამისად, აღნიშნულმა გარემომ ძალიან იმოქმედა ჩემს შემდგომ ჩამოყალიბებაზე. ვერ ვიტყვი, იმდენად ძლიერი მუხტი ჰქონდა ბავშვობას, რომ დღემდე მომყვება-მეთქი ინფანტილიზმი, მაგრამ ფაქტი ერთია − ინერციამ, ბედნიერების განცდამ, იმ აბსოლუტურად სწორმა და მართალმა გარემომ, რომელშიც გავიზარდე, განაპირობა ჩემი მომავალი ცხოვრება და ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოსახული ის გარემო, რომელიც გაჩნდა ჩემში მაშინ. საინტერესო და მრავალფეროვანი ბავშვობის წლები გამოვიარე, ვძერწავდი და ძალიან სერიოზული პერსპექტივები მქონდა ამ კუთხით. ასევე იყო სხვა საინტერესო გატაცებები. ხშირად მენატრება ის გარემო, რომელშიც გავიზარდე. ადამიანები, რომლებიც ჩემს ბავშვობას ახლდა.
როგორ დაიწყო თქვენი კავშირი ტელევიზიასთან?
განათლებით იურისტი ვარ. მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს ძალიან პოპულარული პროფესია იყო, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე ტელევიზიაში მქონოდა გადაცემა და არასოდეს დამავიწყდება, როგორ მივედი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც ტელევიზიის დირექტორის იმჟამინდელი მოადგილე, ხათუნა თავდგირიძე შემხვდა. ვუთხარი, რომ მინდოდა შევხვედროდი ოფიციალურ პირს, რომელსაც გავესაუბრებოდი და ავუხსნიდი, რომ გადაცემის გაკეთება მსურდა. მაშინ არ ვიცოდი ხათუნას პოზიცია ტელევიზიაში. მან მითხრა, რომ დირექტორის მოადგილე იყო და შეეძლო მოესმინა. ავედი ტელევიზიაში და... უკვე 15 წელია საავტორო გადაცემა მაქვს. „პროექცია“ „უხუცესი“ გადაცემაა აჭარის ტელევიზიის შემოქმედებით სამსახურში.
რატომ „პროექცია“?
არასოდეს დამავიწყდება, როდესაც პირველი გადაცემა გავაკეთე, ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ნახა შინ ჩანაწერი, სადაც რამდენიმე წლით ადრე დამიწერია, რომ ოდესმე გავაკეთებდი გადაცემას, რომლის სახელი „პროექცია“ იქნებოდა. ამაყი ვარ, იმიტომ, რომ ამ გადაცემას აქვს ძალიან ზუსტი სახელი. სწორედ სახელი განსაზღვრავს გადაცემის შინაარს, რომ რეალურად, ჩვენი ცხოვრების ყველა კომპონენტი ჩვენივე პროექციაა. უბრალოდ, ეს არის ჩვენი წინაპრების პროექცია, შესაძლოა ჩვენი გეოპოლიტიკის პროექციაც, მაგრამ ის არის ნამდვილად პროექცია, ჩვენი ცხოვრება. ჩვენი მენტალობის, ჩვენი კულტურული ღირებულებების, ჩვენი შინაგანი „მე“-ს, ჩვენი ეგზისტენციური რეალობის პროექციაა, მთელი ჩვენი ცხოვრებაა. შესაბამისად, არასოდეს მომსვლია აზრად, რომ გადაცემაზე სათაური შემეცვალა. ძალიან ზუსტი სათაური აქვს ჩემს გადაცემას და არის მეორე მომენტიც − გადაცემაში მე შეგნებულად არ „ვწევ ტემპერატურას“. როგორი მშვიდიც უნდა ვჩანდე იქ, იმის საპირწონედ ვარ უფრო რთული რეალურ ცხოვრებაში. ანუ, გადაცემაში ვარ ძალიან მიმღები, გაწონასწორებული, შესაბამისად, ამ თვისებებმა განაპირობა ის, რომ გადაცემა კი არ დაბერდა, არამედ გაიზარდა, დღემდე განვითარების ეტაპზეა და მე ის ძალიან მიყვარს.
რესპონდენტები, რომლებიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ.
საინტერესოა ის, რომ რეალურად „პროექცია“ იყო ჩემთვის იმ რეალობის მიღება, რომელიც საერთოდ არ მესიამოვნა. მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანას, ერს, ადამიანებს გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა პიროვნებების, იმიტომ, რომ ვართ განზოგადებული ერი, საკუთარ თავთან ინტერაქციის სერიოზული პრობლემით. ვერ გეტყვით, რომ ჩემს გადაცემაში მოხდა რაიმე ისეთი, რომელმაც მე გამზარდა. მე უფრო გამზარდა იმან, რომ მივხვდი − გვაქვს ისეთი ხარვეზები, როგორიცაა პიროვნული თვისებების პრობლემები, საკუთარ თავთან მეგობრობის, საკუთარ „უნდა“-ებთან და „მინდა“-ებთან. ამიტომ, როდესაც ქათინაურს მეუბნებიან გადაცემის თაობაზე, საერთოდ არ ვიღებ საკუთარ თავზე და მით უმეტეს, თუ მაკრიტიკებენ, საერთოდ არ ვიღებ. იმიტომ, რომ თითოეული გადაცემა არის ისეთი, როგორიც არის თავად სტუმარი. უზომოდ საინტერესო და პროდუქტიული გამოდის გადაცემა, როდესაც სტუმრად მყავს ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. მაგალითად, კარგად დამამახსოვრდა, როდესაც მყავდა 65 წლის საოცრად საინტერესო იხტიოლოგი ქალბატონი. ამ გადაცემას აქვს ერთი საოცარი თვისება − ვისთვის პროექციაა და ვისთვის ლუსტრაცია. 45 წუთის განმავლობაში შესაძლოა ძალიან კარგად „შეფუთო“ ადამიანი, მაგრამ პროექციის ნაცვლად მიიღო ადამიანის ლუსტრაცია.
თქვენი რეჟისორობით ბოლო პერიოდში არაერთი ვიდეორგოლი გამოჩნდა. ამ კუთხით, საზოგადოება რას უნდა ელოდოს უახლოეს მომავალში?
წინ არაერთი საინტერესო მიზანი მაქვს, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ ავისრულებ. დაახლოებით ერთ-ორ წელიწადში გადავიღებ ფილმს, თუმცა ჯერ ამისთვის უნდა მოვმწიფდე, რადგან მე არ ვარ პროფესიით კინორეჟისორი. ხმამაღალი განცხადება რომ გააკეთო და თქვა − ეს არის ჩემი კინო, ამისათვის უნდა გაიზარდო. რაც შეეხება ვიდეორგოლებს და სარეკლამო წარმოებას, 2007 წელს შევქმენი აიპ-ი „პარალელი“ და ამ ფონდის ფარგლებში წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ. ბოლო დროს გავაკეთეთ მაგალითად ბულვარის ადმინისტრაციის ვიდეორგოლი, ასევე ჩემი სარეკლამო წარმოების საიმიჯო რგოლი ბათუმზე, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ეს არის ჩემთვის უმაღლესი ესთეტიკის მქონე სამუშაო პროცესი, ამ მიმართულებით მაქვს ძალიან სერიოზული გეგმები და საერთოდ არ მაქვს განცდა, რომ დრო დავკარგე, პირიქით − ვფიქრობ ყველაფერი წინ არის და არაერთ საინტერესო ვიდეორგოლს ვიხილავთ მომავალშიც. სხვათა შორის, ზვიად ბოლქვაძის კლიპი გავაკეთეთ, სულ მალე იქნება პრეზენტაცია. ვფიქრობ, სექტემბრის თვეში. მართალია ძალიან ხმამაღალი განცხადებაა ჯერჯერობით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ვცხოვრობ კადრში, კადრზე ვარ ორიენტირებული და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
რა იქნება იმ ფილმის თემატიკა, რომლის გადაღებასაც აპირებთ?
ფილმი აუცილებლად იქნება იმ მენტალური კორექციის პროცესზე, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობს. ფილმს აუცილებლად ეყოლება თავისი გმირი და მერწმუნეთ, თუ ეს ფილმი მართლა გადავიღე და მე ამ ფილმს გადავიღებ, ის აბსოლუტურად შორს იქნება ქართული კინოსთვის დამახასიათებელი სიყალბისგან.
როგორია თქვენეული ბათუმი? რას ნიშნავს ის თქვენთვის?
ვფიქრობ, მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ბათუმში ძალიან სწორად ცხოვრობს, სწორი მოლოდინით და რეალობას მაქსიმალურად ადეკვატურად აფასებს. ბათუმში თუ ჩამოდიხარ ადამიანი და ფიქრობ, რომ აქ შეიძლება წარმართო საკუთარი ცხოვრება აშკარად ეპატაჟურად და სნობური ცხოვრებით, ეს ის ქალაქი ნამდვილად არ არის. ბათუმი არის აბსოლუტურად რეალური სივრცე − ბუნებრივი შეგრძნებებით, ადამიანური ურთიერთობებით და მიუხედავად უხეში ურბანიზაციისა, ის მაინც არის ქალაქი-პარკი, რომელსაც არ სჭირდება არანაირი სნობური ტენდენციები, იმიტომ, რომ მას აქვს ზღვა, შესანიშნავი ბულვარი და არსებობს ბათუმური ყავა, რომელიც იდეალური საშუალებაა კომუნიკაციისთვის. ვფიქრობ, ბათუმი მთელ საქართველოში ერთადერთი ევროპული სივრცეა, სადაც შეიძლება ტრენდული იყოს არა ეპატაჟური, არამედ გარემოსთან ინტერაქციული ცხოვრება. არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც სადღეგრძელოებით გამოხატავს ამ გრძნობებს და ოთახიდან არ გადის. მე უკვე 5 წელია ველოსიპედით გადავაადგილდები, ბოლო დროს კი ამაზეც უარი ვთქვი და დღეში დაახლოებით 15 კილომეტრს ფეხით დავდივარ. მე, ბათუმი და ზღვა, ვფიქრობ ვართ იდეალურ თანხვედრაში. ის ჩემი ქალაქია. ადამიანებს, რომლებიც ჩემთან კავშირში ჩამოდიან ბათუმში, და თუნდაც მანამდე არაერთხელ იყვნენ ნამყოფი, სხვაგვარად უყვარდებათ ბათუმი, იმიტომ, რომ იწყებენ ჩემთან ერთად ცხოვრებას. ხშირად ვამბობ, რომ სხვა, წარმატებულ ქვეყნებში იბადებიან, სწავლობენ, შრომობენ ძალიან ბევრს, მდიდრდებიან, ხდებიან მილიონერები და იწყებენ ისე ცხოვრებას, როგორც ვცხოვრობთ ბათუმში.
რა არის ბედნიერება?
ფსიქოემოციური ბალანსი. ეს არის ბედნიერება, როდესაც რეალობას გრძნობ, როდესაც ამ რეალობის აღქმაში არ გიშლის ხელს გარკვეული ტიპის იდენტობები ან ინფანტილიზმი; როდესაც გრძნობ აი, ამ წუთს და არა ხვალ, არა გუშინ, ცხოვრობ ამ დროში. ბედნიერებაა, როდესაც საკუთარ სურვილებთან, საკუთარ თავთან და გარემოსთან გარკვეული კრიზისებით, მაგრამ ახერხებ ჰარმონიულ თანხვედრას და ურთიერთობას.
ყველაფერი ხელახლა რომ იწყებოდეს...
ალბათ უფრო ყურადღებიანი ვიქნებოდი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ, და უფრო მეტს ვივლიდი ზღვაზე.
რას მოაქვს სიმშვიდე თქვენში?
ურთიერთობებს, რომელიც არის საოცრად პერსონალური და ამავე დროს, ძალიან განზოგადებული. საუბრებს, რომლებიც უკიდურესად კონკრეტულია და ამავე დროს არ ეხება არავის. მე მუდამ ვამბობ, რომ ადამიანებში ძალიან მიმართლებს. ეს ალბათ ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ბედნიერი ვარ ამით. გაქვს აბსოლუტური სიახლოვის განცდა ამ ადამიანებთან, ეხები თემებს, რომლებიც საერთოდ არ ჰგავს არც ჭორს, არც არავის განკითხვას, ის უბრალოდ არის აზროვნების ნაწილი. როდესაც წაიკითხავენ ამ ინტერვიუს ადამიანები, რომლებთანაც მე მსგავსი ტიპის ინტერაქცია მაქვს, ალბათ მიხვდებიან, რას ვგულისხმობ.
რომელია ყველაზე მკაფიოდ გამოხატული აჭარული კერძი?
ვფიქრობ, ბორანო და ფხალობიოა ყველაზე აჭარული კერძი.
სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ...
ალბათ ეს არის რამდენიმე სიტყვა, რომელიც გამოიყენება ადამიანთან კომუნიკაციაში კულტურული კონტექსტით, იმისათვის, რომ რასაც ეუბნები, უფრო იოლად გააგებინო.
პრინციპი, რომელსაც არასოდეს ღალატობთ?
არ მიყვარს დასმენა. საერთოდ, არაპრაგმატულ საქციელად მიმაჩნია.
რას გააკეთებდით, ბევრი ფული რომ გქონდეთ?
გავაკეთებდი ყველაფერს, რომ აღარ მქონოდა ბევრი ფული.
ვისთან ჩაწერდით ინტერვიუს სიამოვნებით?
ვინაიდან 15 წელია გადაცემა მაქვს და თითქმის ყველა ტიპისა და პროფესიის ადამიანი ჩამიწერია, რაც უფრო წინ მივდივარ, მით ნაკლებად მრჩება საოცნებო რესპონდენტი. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანების შესაძლებლობების პროცესი ძალიან მკაფიო გახდა. შესაბამისად, ეს ილუზიები ქრება. თუმცა, თუ ცნობილებს ვგულისხმობთ, დიდი სიამოვნებით ჩავწერდი ჯულია რობერტსს და ენტონი ჰოპკინსს.
სიყვარული არის?..
უპირველეს ყოვლისა, სიყვარული ალბათ ბუნებრივი მოთმინებაა, შეითავსო სხვა ადამიანი ისე, რომ ეს შეთავსება მოხდეს ძალზე თავისთავად. სიყვარული არის თანაცხოვრება სიმშვიდეში, სიყვარული არის დადებითი ენერგიისა და სიმშვიდის თანხვედრა, რომელიც ძალიან ალბათ იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი ოჯახების გულწრფელად მწამს, მჯერა დედაჩემისა და მამაჩემის, ჩემი მეგობრების, რომლებსაც ოჯახი აქვთ, ჩემი დების, ჩემი ძმის, ჩემი უახლოესი ძმაკაცების და დაქალების, ჩემი მეზობლების, რომლებიც სიყვარულით ცხოვრობენ და ზრდიან არაჩვეულებრივ შვილებს, მჯერა ამ ყველაფრის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მივხვდი, რომ ყოველ ჯერზე, როცა მეგონა მიყვარდა, არ მყვარებია.
კადრი, რომელსაც დახუჭული თვალებით ყველაზე ხშირად ხედავთ...
ახლა მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მეტი კადრი, რომელიც დახუჭული თვალებით მინახავს, არის მზე. არა მგონია, ზღვაში რომ ჩადის მზე, ამ კადრის ხილვამ რომელიღაც ნარკოტიკით მიღებული თრობის სიამოვნებას არ აჯობოს. ტრივიალურია, მაგრამ ასეა.
დაბოლოს...
იქნება განვითარების, ზრდის პროცესი, იმ რეალობის მიღების, რომელშიც ჩვენ ვიქნებით. სუფთა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანის სიძლიერე განპირობებულია მისი სტრესგამძლეობით. ნებისმიერ შემთხვევაში გვიწევს ცხოვრებაში ბრძოლა, რაღაცების გადალახვა, შემდეგ ნათელ წერტილებთან მისვლა, უამრავი სიხარულის მიღება. ვფიქრობ, მე კიდევ უფრო მეტად ვისწავლი, დავტკბე ცხოვრებით.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე