ამბობს, რომ წერის პროცესი ყველაზე სასიამოვნოა მისთვის, რადგან ამ დროს ათავისუფლებს წყვდიადს, სათქმელს, რომელიც დაუგროვდა და უფორიაქებს სულს. მისი ლექსები ჰყვებიან ამბებს, რომელიც მიდის ადამიანების გულამდე, ფიქრამდე და გრძნობ, რომ თითქოს სწორედ ის თქვა, რაც დიდი ხანია გინდოდა გეთქვა. OK! ბათუმის სტუმარი არაერთი პრემიის ლაურეატი, პოეტი როინ აბუსელიძეა. რომელ ქალთან ერთად იცეკვებდა ბათუმის წვიმაში ტანგოს. რომელია ნამდვილი პოეზია, რომელ ეპოქაში იცხოვრებდა დიდი სიამოვნებით და რას მიიჩნევს კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევად − წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუში.
ბავშვობა... ინტერესები... პროფესია...
ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა... თავდაპირველად, მორცხვი ბავშვი ვიყავი. იმდენად მორცხვი, რომ ბაღში როცა დააშავებდნენ, ბავშვები მე მაბრალებდნენ და იმის თქმაც კი მრცხვენოდა, რომ ეს ტყუილი იყო, თუმცა სკოლის პერიოდში რადიკალური ევოლუცია განვიცადე და ჩემს ნაცელქარს უკვე სხვას ვაბრალებდი, თანაც ისე ოსტატურად, რომ ეჭვი არავის უჩნდებოდა. ეს რაც ჩემს ხასიათს ეხება. ზოგადად, ჩვენი ბავშვობა შავ-ბნელი 1990-იანების მიუხედავად, ძალიან ფერადი იყო − არც შუქი, არც ტელევიზორი, არც ინტერნეტი, მაგრამ საოცარი ფანტაზიის უნარი და წარმოსახვითი ბედნიერება, ხმის ჩახლეჩამდე მეგობრების სახელის ძახილი მათ ფანჯრებთან თუ აივნებთან, გადაყვლეფილი მუხლები, „იუპის“ უგემრიელესი წვენი, „სურიკი“ და „ბრონზა“, „მამალო“ კანფეტები, „ტურბოს“ სერიები და ათასი ბრწყინვალე წვრილმანი. რაც შეეხება პროფესიას, ერთ-ერთი დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში, კარიერაში, ჩემი პროფესიაა (ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული, თუმცა ჟურნალისტად საათიც კი არ მიმუშავია). დღემდე მიმაჩნია, რომ არასწორი სფერო ავირჩიე და გული მწყდება. ნურავინ მიწყენს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს საქართველოში სულაც არ არის აუცილებელი ჟურნალისტიკა გქონდეს დამთავრებული, ჟურნალისტად მუშაობა რომ შეძლო. თავიდან რომ მქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება და დრო უკან დაბრუნდეს, აუცილებლად კინოხელოვნებას ავირჩევდი, რადგან ფილმები, კინემატოგრაფია ძალიან მომწონს და ამ კუთხით ბოლო ხუთ წელიწადში იმდენი რამ ავითვისე და შევიძინე, არაა გამორიცხული ერთი მოკლემეტრაჟიანი კარგი ფილმის გადაღებაც რომ შევძლო, დასაწყისისთვის.
იყო პოეტი, ნიშნავს?..
პოეტის გაგებაც და რაობაც, ჩემი აზრით, ყველა დროში სხვადასხვანაირია. იცვლება არსი, მნიშვნელობა პოეტისა და ასევე, იცვლება ადამიანების დამოკიდებულებაც პოეტების მიმართ. უწინ პოეტობა თითქოს პროფესია იყო, ისინი ასოცირდებოდნენ საზოგადოებისგან გამორჩეულ, განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებად, რომლებსაც თითქოს ყველა უსმენდა, აფასებდა, აღმერთებდა კიდეც... ისინი საუბრობდნენ ტელეეკრანიდან, ტრიბუნიდან, სცენიდან და მოძღვრავდნენ ერს, იძლეოდნენ მაგალითს, წერდნენ სამოტივაციო ლექსებს სამშობლოზე, სიყვარულზე, და რჩებოდნენ ხალხის გულებში, წიგნებში, ისტორიაში... დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა − პოეტს შეიძლება ყველგან შეხვდე და ის იყოს სუპერმარკეტის მენეჯერი, ბარმენი, პოლიტიკოსი, ტაქსის მძღოლი, ჟურნალისტი, მშენებელი, IT-მენეჯერი, ბიზნესმენი, სასულიერო პირი და ა.შ. მათ ნაკლებად უსმენენ, უჯერებენ, კითხულობენ, თუმცა რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის იარსებებს პოეზია და სანამ ერთი მკითხველი მაინც იქნება, პოეტებიც იქნებიან ცოცხლები. იყო პოეტი, ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ რაც უნდა დიდი ტვირთის ტარება გიწევდეს, საკუთარ თავზე მაღლა მაინც უნდა შეძლო ახტომა.
პირველი ლექსი...
პირველ ლექსს ვერავინ წერს შედევრის დონეზე. ჩემ შემთხვევაში უარესად იყო − სასაცილო ლექსი გამომივიდა და სტუდენტობისას მსკ-შიც კი გამოვიყენეთ, რამაც იმ ეტაპზე დამარწმუნა, რომ მე ლექსი სერიოზულად უნდა დამეწერა, შემდეგ გაგვეტანა რომელიღაც ხუმრობად მსკ-ში და იქ წარმატებებისთვის მიგვეღწია, მაგრამ დროდადრო ეს ლექსები სერიოზული გახდა, აღარც ხალხს ამხიარულებდა მათი მოსმენა და აღარც მე მასვენებდა ფორიაქი წერაატანილს... ასე, ეტაპობრივად დაიხვეწა და გასევდიანდა ჩემი ლირიკაც, რომლის გარეშე რთულია საკუთარი თავი მოვიაზრო. პოეზია − ეს არის ყოველდღიური, ყოველწამიერი გზა, რომელსაც გავდივარ, გზა გულიდან გონებამდე და პირიქით, სევდის ეტლი, ფიქრის ბილიკი.
რა გაძლევთ ლექსის წერის პროცესში ინსპირაციის წყაროს?
წერის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამ არის ჩემთვის, რადგან ამ დროს ვათავისუფლებ იმ წყვდიადს, რომელიც დაგროვდა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიდეს ორგანიზმიდან, რათა სამომავლოდ თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომეცეს. თვითონ ცხოვრებაა შთაგონების წყარო, უამრავი ფაქტი, ამბავი, მოვლენა, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ვითარდება. ასევე სულიერი განწყობა, სევდა და სიხარული... ეს ყველაფერი ილექება და გამოსასვლელს ეძებს, რომ დაიტოვო. გული შეიძლება გაგისკდეს, იმდენად მძიმე სატარებელია.
ხართ არაერთი პრემიის ლაურეატი. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
სიტყვა „პრემია“ ძალიან მეხამუშება. როცა პრემიებზე მეკითხებიან, თითქოს მრცხვენია კიდეც, რაღაცნაირად ვგრძნობ თავს ამ დროს, ვერ გადმოვცემ... მუდამ ვფიქრობ, რომ მიმართლებს და არ ვიმსახურებდი. ამას არ ვამბობ თავმდაბლობის გამო და ფამილარობა საერთოდ არ მჩვევია, მაგრამ მართლა ასეა, თუმცა ძალიან მახარებს ის წარმატება, რომელსაც შენი ქვეყნის, შენი კუთხის სახელით მოიპოვებ ადამიანი და მხოლოდ შენ არ გეკუთვნის − ის შენი ოჯახის წევრებისაცაა, შენი მეგობრებისაც, ქალაქისაც, კუთხისაც... სწორედ ასეთი შეგრძნება მქონდა წინანდლის პრემია როცა ავიღე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ამ კონკურსის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, ლიტერატურის (პოეზიის) დარგში, როცა პირველი ადგილი აჭარაში წამოვიდა.
ბოლო დროს წაკითხული წიგნი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე...
ყოველთვის მინდოდა ვახტანგ ჯავახაძის წიგნის, „უცნობის“ წაკითხვა და რამდენიმე დღის წინ ავისრულე ეს სურვილი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. კიდევ ორი წიგნი მახსენდება, ბოლოს რაც წავიკითხე − თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“ და დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“.
მხოლოდ ერთი ლექსი რომ იყოს თქვენი პოეზია, რომელი იქნებოდა ის და რატომ?
მე ბოლოს დაწერილი ლექსი მომწონს ყოველთვის. უფრო სწორად, როცა „ცხელ-ცხელია“, სხვა გემო აქვს, მაგრამ ეს ეიფორია როცა გადადის, მერე ჩანს ხოლმე, რომელ ლექსს რა ადგილი უჭირავს. ისინი გულისგულითაა ნაწერი, შვილებივითო, რომ იტყვიან, მართლა ასეა. შენ აჩენ, ზრდი, საზოგადოებას აცნობ და მერე თავისით იკვლევენ გზას. ზოგი შორს მიდის, ზოგი ვერა, თუმცა ყველა ერთნაირად გიყვარს. ამიტომ არ შემიძლია კონკრეტული ერთი ლექსი ამ კუთხით გამოვარჩიო. ახლა უცებ რაც გამახსენდა, ეს ლექსია:
ბათუმს
ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი
და მხიარული ულტიმატუმი,
შესძლებს რომ გულის გულთან კავშირი
შესწყვიტოს... ისე მიყვარს ბათუმი.
თვით ბათუმია ამის მიზეზი,
ბათუმი ჩვენი ქვეყნის კელია
და ამ ქალაქში ხშირად ისე წვიმს
რწმუნდები წვიმაც ბათუმელია.
ლამპიონებზე ღრუბლებს აბამენ
ქუჩები, დღეა შარმის მორგება
როცა ამინდი რძისფერ საღამოს
მოიქარგავს და მოიქოლგება.
და ერთ ქოლგაში მყოფი წყვილები,
მრავლდება თითო-თითო ტირაჟით,
ერთმანეთი რომ უყვართ, წვიმაში −
მიხვდები კაცი დანამდვილებით.
სხედან ჩიტებიც სარეცხ თოკებზე,
სხედან და კენკენ ქალაქს ვნებიანს,
ჩერდება წვიმა ხოლო ქოლგები
სოკოებივით იკრიფებიან.
ლექსი კი რჩება როგორც ბარაქა,
მთვარეს რომ ეტრფის, ღამის ბაირაღს
და მთელს ქალაქში მთელი ქალაქი
ბედნიერია რაღაცნაირად.
ბათუმი და ბათუმელობა...
ბათუმი ერთი დიდი სახლია. ამ სახლში ცხოვრობენ ბათუმელები, ამ სახლის კარი მუდამ ღიაა და ისეთი შემთხვევა არ არსებობს, მასპინძელი შინ არ იყოს. ბათუმელები დაუძინებელი მასპინძლები არიან და ადრეც უთქვამთ, ნამდვილი ბათუმელი სწორედ ის არის, ზაფხულში დასასვენებლად რომ არ მიდის და ქალაქს არ ტოვებსო. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთი დიდი სახლია ბათუმი, დიდი ოჯახი.
რომ შეიგრძნო ნამდვილი აჭარა, ამ კუთხის ხასიათი, უნდა მოინახულო და დააგემოვნო...
აჭარის ღირსშესანიშნაობებს რა გამოლევს, ფეხის ყოველ ნაბიჯზე ისტორიაა, წარსულის სევდაა, საოცარი ბუნებაა, მთებია, მონასტრებია, მდინარეებია, ციხეები. დაგემოვნებას რაც შეეხება, უპირველესად, ყურძნის − „ჩხავერის“ ღვინოდქცეული ნაჟური უნდა დააგემოვნო, რომელიც მხოლოდ ქედაში, კერძოდ, მერისში ხარობს, ხოლო ვისაც ნუგბარი უყვარს, აჭარაში „ბაქლავა“ რომ არ გასინჯოს, ალბათ დანაშაული იქნება.
რომელია კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა...
კაცობრიობა არსებობას აგრძელებს და ვფიქრობ, მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ წინაა. იმდენად მიყვარს ფენტეზის ჟანრი და ზოგადად ოცნება, რომ დღეს რაც ხდება იგივე მედიცინაში და ტექნიკაში, დიდად არაფერი მაკვირვებს, მაგრამ ჩემი აზრით, ერთხელაც, ადამიანები ტელეპორტაციას შეძლებენ... 25 საუკუნეში კი ვიღაც „აიფონ 178“-ით ამ ინტერვიუს წაიკითხავს და გაკვირვებული დარჩება − როინ აბუსელიძე თურმე როდის ამბობდა ამის შესახებო.
ახლა, ამ წუთას უცებ რაც გამახსენდა, გეტყვით: მეხსიერების ჩიპი ძალიან დიდი მიღწევაა, ე.წ. „ფლეშკა“, რომელშიც მსოფლიოს ყველაზე დიდი არქივები და ბიბლიოთეკები ჩაეტია.
ფეისბუქზე გაქვთ გვერდი, რომელსაც ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს. „ვურჩიოთ ერთმანეთს ფილმები“ − გვირჩიეთ სამი ფილმი.
ფილმებზე მანამდეც ვისაუბრე. ფილმი წიგნივითაა, წიგნის ვიზუალური ვერსიაა, რომელიც გეხმარება აღიქვა სამყარო სხვა კუთხით, სხვა თვალით დაინახო. ძალიან ბევრი ფილმი წიგნის ეკრანიზაციაა. რეჟისორი ცდილობს, რაც წავიკითხეთ, ის კადრებად დაგვილაგოს თვალწინ. ალბათ მოგისმენიათ, რომ ფილმებზე ხშირად ამბობენ − კარგია, მაგრამ წიგნთან ახლოსაც ვერ მივაო, ეს ალბათ იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს წიგნს, პერსონაჟს, ამბავს, და კონკრეტულ ერთ ხედვას არ ეთანხმება, თუმცა არსებობს გამონაკლისი, სადაც მკითხველიც და მაყურებელიც ერთსა და იმავე აზრზეა და კმაყოფილია. მე პირადად ძალიან ბევრი საყვარელი ფილმი დამიგროვდა, თუმცა ახლა დიდი სიამოვნებით გადავიდოდი საცხოვრებლად ტიმ ბარტონის ფილმში „დიდი თევზი“. აქვე, ქართველებისთვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ რეჟისორს გირჩევთ, ძალიან კარგი ფილმები აქვთ − ნური ჯეილანი, ნადინ ლაბაკი, ალფონსო კუარონი, ჯუნ-ჰო-ბონი, ფატიჰ აკინი, დემიენ შეზელი...
ჰობი, თავისუფალი დრო...
თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, ძირითადად ლუდის თანხლებით, ვუსმენ მუსიკას, ვუყურებ ფილმებს. ასევე, ჩემი ჰობია კომპიუტერული თამაშები, განსაკუთრებით ვირტუალური ფეხბურთი, რომელიც არცთუ ურიგოდ გამომდის. ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ 2013 წელს 12 მილიონ მოთამაშეში ორჯერ ვიყავი პირველ ადგილზე.
ეპოქა, რომელშიც იცხოვრებდით და ადამიანები, ვისი მეგობარიც დიდი სიამოვნებით იქნებოდით?
ვიცხოვრებდი XIX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების ძველ დასავლეთში, ე.წ. ვესტერნის ეპოქაში. ვიქნებოდი კოვბოი, შერიფი ან სულაც ბანდიტი, ვივლიდი ცილინდრით, პლედით, „კოლტით“, მექნებოდა მიწები, მამულები, მეყოლებოდა ცოლი და ბევრი შვილი, სანამ მეუღლე ოქროსფერთმიან გოგონას ქარგვაში ამეცადინებდა, მე ბიჭებს ცხენზე ჯირითს, მიზანში სროლას ვასწავლიდი. საღამოს, აივანზე მოვწრუპავდი „ჯეკ დენიელსს“, დავღეჭავდი თუთუნს, სტვენა-სტვენით გავძარცვავდი ბანკებს, მატარებლებს და ვიცხოვრებდი ასე, ვიდრე ვიღაც კლინტ ისტვუდისნაირი დუელში შუბლს არ გამიხვრეტდა.
ხუმრობა იქით იყოს და სიამოვნებით ვიქნებოდი მაჰათმა განდის, იანუშ კორჩაკის მეგობარი.
რას ნიშნავს თქვენთვის ბედნიერება?
ბედნიერება წამია, რომელიც ყურთან ტყვიასავით გაიზუზუნებს და სანამ დაგემოვნებას დაუპირებ, უკვე გაფრენილი და ჩავლილია თურმე...
შვილი...
ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. საბას გაჩენის დღიდან, სიკვდილის აღარ მეშინია. ჩვენ სიკვდილი მოვკალით.
დაკარგულია დღე, რომელშიც არ არსებობს?..
არ შემიძლია მარკ ტვენს არ დავეთანხმო − ყოველი დღე, იუმორის გარეშე, დაკარგული დღეაო, − ამბობდა. მეც ასე ვფიქრობ. დავძენ: თუ ადამიანს არ აქვს იუმორი, მიჭირს მასთან ურთიერთობა. იუმორი არის პირველი და უმარტივესი საკომუნიკაციო საშუალება ორ ახალგაცნობილ ინდივიდს შორის.
ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ...
სულის, ოჯახის, ახლობელი ადამიანების, კუთხის, ქვეყნის და დედამიწის სიმშვიდე. მშვიდობა მინდა იყოს ყველაზე მეტად. მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა!
ქალი, ვისთან ერთადაც წვიმიან ბათუმში იცეკვებდით ტანგოს?
მინდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან ცუდად ვცეკვავ, მაგრამ ამის მიუხედავად, იშვიათად, მაგრამ მაინც მიწევს. „რაღაც მდიდრობისა და ძარცვის ბადალია ქალთან სიცოცხლე და ქალთან სიახლოვე“. ქალის გარეშე სამყარო ვერ წარმომიდგენია, წვიმიან ბათუმში ქალთან ცეკვა ცალკე დღესასწაულია ალბათ და იცით, აი, ძალიან ბევრ ქალთან ვიცეკვებდი, თითქმის ყველასთან, ვინაიდან და რადგანაც ერთ კონკრეტულს, რომელიც ჩემთან იცეკვებს, არა მგონია ხელმეორედ გაუჩნდეს ამის სურვილი, ჩემი „პროფესიონალიზმიდან“ გამომდინარე.
ისე, ბეჯითი მოსწავლე ვიქნები, თუ ვინმე ცეკვის სწავლას შემომთავაზებს, ოღონდ მასწავლებელი აუცილებლად ქალი უნდა იყოს.
ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
ჩაცმის სტილს ხშირად ვცვლი ხოლმე, მოდასაც ნაწილობრივ მივსდევ, უფრო სწორად, მოდის გავლენის ქცეშ ვექცევი ნაწილობრივ. ალბათ უფრო თავისუფალი სტილი. ისე უნდა გეცვას, რომ საკუთარ თავს გრძნობდე ტანისამოსში. ასე ვფიქრობ.
აქამდე არავისთვის მითქვამს, მაგრამ OK!-ის გავუმხელ, რომ...
გაგიმხელთ: წიგნის გამოცემას ვაპირებ ძალიან მალე. ახალი წიგნის, სადაც 45-50 ლექსი იქნება შესული. სათაურიც მოფიქრებული მაქვს − „მიწის პოეტის მსხვერპლი“, და აქტიურ ფაზაშია ეს პროცესი. კრებულში ძირითადად ახალი და პოსტმოდერნისტული ლექსები იქნება შესული. ვნახოთ, როგორ შეხვდება მკითხველი ამ გამოწვევას.
სევდა, რომელიც არასოდეს გტოვებს...
„მხოლოდ იმიტომ ვცოცხლობთ, რომ სიკვდილის შემდეგ გადავრჩეთ“... მონატრების სევდა იმ ადამიანებისა, რომლებიც მიყვარდა, მიყვარს, გულში მყვანან, თუმცაღა, დღეს ფიზიკურად აღარ არსებობენ... მუდამ მეფიქრება მათზე − ნეტავ როგორ, რანაირად, სად არიან, და თუ შევხვდები მათ ოდესმე?..
როგორია ნამდვილი პოეზია?
ნამდვილი პოეზია გადარჩენილი პოეზიაა. დღეს, თითქოს მოდაში შემოვიდა წერა და ბევრი შეეჭიდა კალამს. ალბათ ხედავთ, რომ სავსეა სოციალური ქსელები და საიტები ამა თუ იმ ლექსებით. ამაში არაფერია ცუდი, მაგრამ ზღვარი ყოველთვის არსებობს, ნამდვილი პოეზია რჩება და დრო ყველაზე კარგი შემფასებელია. საქართველოში როგორც ხდება, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, სიცოცხლეში ნაკლებად მოდის ის დიდება და აღიარება, რომელსაც იმსახურებ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ასე რომ, ნამდვილი პოეზია − გადარჩენილი პოეზიაა.
რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდით სიამოვნებით და რას მოინახულებდით?
ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურებდი. მიყვარს სხვადასხვა კულტურის მატარებელი ქვეყნები. ძალიან მინდა ასევე ვნახო ერთ-ერთი ოკეანე, კუნძული. მაგალითად, ახალი გვინეა... ბრაზილიაში წავიდოდი სიამოვნებით, კარნავალზე ან რომელიღაც საფეხბურთო მატჩს დავესწრებოდი ლეგენდარულ „მარაკანაზე“. ვიმოგზაურებდი ინდოეთში, ირლანდიაში, მექსიკაში...
წლების შემდეგ მინდა, რომ ჩემს პოეზიაზე თქვან...
ჩემს პოეზიაზე წლების შემდეგ თუ რამეს იტყვიან, საკმარისი იქნება. არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რას... ე.ი. ხომ ვიყავი, ვარსებობდი, ვწერდი, მტკიოდა, მიყვარდა და...გამიხსენეს... როგორც ტიციან ტაბიძე იტყოდა:
„აქედან ვიცი მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს მეყოფა გამოსარჩლებად“.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე