ბათუმში სამი თვით ჩამოვიდა, თუმცა უკვე 10 წელია ამ ქალაქში ცხოვრობს და მიაჩნია, რომ ეს ის ქალაქია, რომელიც ყოველდღიურად გზრდის და დადებითი ენერგიით გმუხტავს. მისი აზრით ისე არაფერი უხდება ბათუმს, როგორც ზღვა. მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ზღვასთან ცხოვრობენ, უფრო მშვიდები და კეთილშობილები არიან. OK! ბათუმის სტუმარი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ „მწვანე ქალაქების“ ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძეა. რა ეტაპზეა პროექტი, რისი შესწავლის სურვილი აქვს ყველაზე მეტად, როგორი ქალი წარმოუდგენია მის გვერდით და რომელ ქალაქში იცხოვრებდა ბათუმის შემდეგ − წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუში.
გზა თბილისიდან ბათუმამდე...
დავიბადე და გავიზარდე თბილისში. მთელი ბავშვობა და სტუდენტობა იქ გავატარე. ეს იყო წლები, როცა ნარკომანია „ყვაოდა“, არსებობდა ე.წ. საძმოები, თუმცა ჩემი მშობლების დამსახურებით და მძიმე შრომით, შეიძლება ითქვას, რომ მე და ჩემს ძმას მტკივნეულად არ გვიგრძნია ამ პერიოდის უარყოფითი მხარეები და გაჭირვება. მშობლებს ძირითადი აქცენტი განათლებაზე ჰქონდათ გამახვილებული და ამ მიმართულებითაც წავედით, თუმცა ძალიან მაინტერესებდა ფეხბურთი, ვთამაშობდი დაახლოებით 7 წელი, მაგრამ ტრავმის გამო ჩამოვშორდი. შემდეგ 3 წელი ცურვაში ვვარჯიშობდი. რომ გითხრათ, ტიპიურად მინდოდა კოსმონავტი ვყოფილიყავი-მეთქი, ან რომელიღაც სხვა პროფესიის, ტყუილი გამომივა. განსაკუთრებული ინტერესი არ მქონია, ყველა საგანს ერთ დონეზე ვსწავლობდი. შემდეგ გამოცდები ჩავაბარე საბანკო სფეროს ფაკულტეტზე, რადგან მაშინ ეს მიმართულება ახლად ფეხადგმული იყო. ერთგვარად რომანტიკული სფერო გახლდათ, კარგი ანაზღაურებით და პრესტიჟული, მაგრამ გამოცდები ჩავაბარე თუ არა, მალევე მივხვდი, რომ ეს ის სფერო არ იყო, სადაც მინდოდა მუშაობა. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული განწყობისა, 6 წელი, მაგისტრატურის ჩათვლით, ვისწავლე. მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი აჭარაში. მთავრობის აპარატში იყო სტაჟირება გამოცხადებული. ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა საჯარო სამსახური ჩემთვის, თან რეზიუმესთვის დამატებით გამოცდილებას დავაგროვებდი. შესაბამისად, 2010 წელს ჩამოვედი 3 თვით და ეს სამი თვე გრძელდება აგერ უკვე 10 წელია. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პროფესიული ინტერესის მთავარ მიმართულებას ურბანული განვითარება წარმოადგენს. მამა წარმოშობით აჭარიდანაა, შესაბამისად ბავშვობის დიდი ნაწილი ქედაში და ბათუმში მაქვს გატარებული. შეიძლება ითქვას, რომ წლების შემდეგ დავუბრუნდი ჩემს ბავშვობას და ადგილს, რომელიც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მავსებს. დედა წარმოშობით გურიიდანაა, ამიტომ ბავშვობის გარკვეული ნაწილი გურიის სოფლებშიც მაქვს გატარებული. მახსოვს, ბავშვობაში ყოველთვის მებრალებოდნენ ჩემი ის თანატოლები, რომლებსაც სოფელი არ ჰქონდათ. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო.
მოგვიყევით გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ „მწვანე ქალაქებზე“, რომლის ხელმძღვანელიც ბრძანდებით.
ამ ეტაპზე ორ პროექტს ვხელმძღვანელობ. ერთ-ერთი არის „მწვანე ქალაქები“. მართალია სახელწოდება ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს, თუმცა ბათუმის შემთხვევაში ეს გულისხმობს ურბანული ტრანსპორტისა და საქალაქო ტრანსპორტის სისტემების მოწესრიგებას, ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ქვეითებისათვის ინფრასტრუქტურის, პარკირებისა და ველოსისტემების განვითარებას ქალაქში. აღნიშნული პროექტი 2015 წელს დავიწყეთ, თუმცა მანამდე ბათუმის მერიაში ვმუშაობდი, როდესაც ზოგადად პროექტის იდეაზე დაიწყო მსჯელობა. დაახლოებით 5-6 წლის წინ მივხვდით, რომ ქალაქის სატრანსპორტო სისტემა ცოტა ხანში დიდი პრობლემების წინაშე დადგებოდა. ასეთი ტერმინი არსებობს − „სუიციდური ქალაქები“, რაშიც იგულისხმება ის ქალაქები, რომლებშიც სატრანსპორტო სისტემა ცუდია, მოუწესრიგებელია და როგორც წესი, ასეთი ქალაქებიდან მოსახლეობა ცდილობს წავიდეს, რადგან მისთვის კომფორტული გადაადგილება მოუხერხებელია. ამ მნიშვნელოვან პრობლემას შევეჭიდეთ 2015 წელს. უპირველესად, სერიოზულად დავიწყეთ სისტემის ანალიზი, თუ რა სახის პრობლემები იყო. ძალიან ბევრი ისეთი რამ გავაკეთეთ ბათუმში, რაც საქართველოში არ გაკეთებულა: მოდელირებები, სატრანსპორტო სისტემების კვლევები, რომლის საფუძველზეც შევიმუშავეთ ნაბიჯები, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს საქალაქო ტრანსპორტის სხვადასხვა სფერო.
ამჟამად რა ეტაპზეა პროექტი?
გეგმა, რომელიც დავწერეთ, გრძელვადიანია. შესაბამისად, ერთ დღეში და წელიწადში ვერ მოგვარდება. ჩვენი მიზანია დავიწყოთ რამდენიმე საჩვენებელი პროექტი, რადგან როგორც ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე მოსახლეობაც დარწმუნდეს, რომ მიდგომები, რომლებიც პროექტის მიხედვით არის გაწერილი, ამართლებს. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ უნდა დავიწყოთ რამდენიმე საპილოტე პროექტი. ეს იქნება ავტობუსებისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლი, სადაც ავტობუსის გარდა სხვა ავტომობილები ვერ იმოძრავებენ, ასევე საათობრივი ფასიანი პარკირების დანერგვა ცენტრალურ ქუჩებზე, ველობილიკების გაგრძელება და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი პროექტის ყველაზე მტკივნეული ნაწილი. რთულია მოსახლეობას აუხსნა, თუ რატომ უნდა გადაიხადოს პარკირების ადგილზე საათობრივად, ვთქვათ, ერთი ლარი, თუმცა ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ეს პროექტი სჭირდება ქალაქს, რათა მოგვარდეს სატრანსპორტო კუთხით არსებული პრობლემები.
როგორ წარმოგიდგენიათ ბათუმი რამდენიმე წლის შემდეგ?
ბათუმი ჩემთვის ძალიან კომფორტული ქალაქია, რომელიც უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ის ქალაქი, სადაც დავიბადე. უპირველეს ყოვლისა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განასხვავებს დღეს ბათუმს სხვა დიდი ქალაქებისგან, არის ის, რომ მიუხედავად ქაოსური განაშენიანებისა და განვითარებისა, ქვეითად გადაადგილება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჯერ კიდევ თავისუფლადაა შესაძლებელი. ჩემთვის ბათუმი სამომავლოდ ასოცირდება სწორედ ასეთ კომფორტულ, კომპაქტურ ქალაქად, სადაც ადამიანები ძირითადად გადაადგილდებიან ქვეითად და სოციალური ინტერაქცია ძალიან მაღალია.
რას ნიშნავს ეს ქალაქი თქვენთვის და როგორია თქვენი წილი ბათუმი?
პირველი − ჩემთვის ბათუმი ასოცირდება ზღვასთან. ზღვის გარეშე ალბათ ჩემთვის ბათუმი იქნებოდა ჩვეულებრივი პატარა ქალაქი, სადაც შეიძლება არ ჩავსულიყავი, თუ რაღაც საქმე არ მექნებოდა. ჩემი აზრით და დაკვირვებით, ქალაქში, სადაც არის ზღვა, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ზღვასთან შეხება, გარკვეულწილად უფრო კეთილშობილები არიან, ანუ ზღვა აკეთილშობილებს. სხვა ქალაქის მცხოვრებლებთან შედარებით, უფრო მშვიდები და მოდუნებულები არიან ბათუმელები. მიმაჩნია, რომ ზღვა გარკვეულწილად მეოცნებეს ხდის ადამიანს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მეოცნებეობა არ არის კარგი, მაგრამ ჯანსაღად მეოცნებე ადამიანები ზოგადად ცვლიან სამყაროს და ეს ძალიან კარგი თვისებაა ადამიანში. ყოველდღე რომ ზღვას უყურებ, ეს რა თქმა უნდა შენს განწყობაზე, პიროვნებასა და მსოფლმხედველობაზე ძალიან მოქმედებს. ამ ყველაფერს დამატებული ის, რომ ბათუმს აქვს პორტი, რაც ნიშნავს, რომ ბათუმის მოსახლეობა და ბათუმელები უფრო მეტად ღია ხალხია სიახლის მიმართ, უცხოს მიმართ და ბევრად ტოლერანტული ყველაფრის მიმართ. შემდეგ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ბათუმს აქვს ადამიანური მასშტაბი. დღის განმავლობაში შეიძლება შეხვდე უამრავ ნაცნობს, რაც დიდ ქალაქებში ნამდვილად არ არის შესაძლებელი. ვინაიდან მამაჩემი აჭარიდანაა, კონკრეტულად ქედიდან, წელიწადში 3-4 თვეს ვატარებდი ქედაში, ბათუმში, ამიტომ ეს ქალაქი ჩემთვის ასოცირდება ძალიან სასიამოვნო ბავშვურ მოგონებებთან. ბავშვობის ძალიან ბევრი მეგობარი მყავს აქ და ბათუმში ისე ვგრძნობ თავს, როგორც შინ.
რის მონახულებას ურჩევთ ხოლმე აჭარაში სტუმრად მყოფ თქვენს უცხოელ მეგობრებს?
ბოტანიკური ბაღის. ძალიან ხშირად, როცა კარგი ამინდია, ბოტანიკურ ბაღში მეგობრებთან ერთად, ან მარტო ვსეირნობ ხოლმე. მიმაჩნია, რომ ხანდახან საჭიროა დარჩენა საკუთარ თავთან, ბოტანიკური ბაღი კი ამის იდეალურ საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა, მათ ვურჩევ მოინახულონ ძველი ბულვარი, სანაპირო ზოლი, საიდანაც დაიწყო ბათუმის განაშენიანება, ისტორიული შუქურა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიები, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბუნება უყვართ. მაგალითად, მაჭახელას ხეობა, სადაც ჩემთვისაც აღმოჩენა იყო არა მარტო იქაური ბუნება, ასევე მოსახლეობა და მათი დამოკიდებულება ბუნების მიმართ. მაჭახელას დაცული ტერიტორიის შექმნაში და განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბათუმელებისათვის კარგად ნაცნობმა ირაკლი გორაძემ, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში სწორედ ამ პროექტს ხელმძღვანელობს. ასევე საინტერესოა მტირალას ტყეპარკი. ყველას ვურჩევ აუცილებლად მოინახულონ მაღალმთიანი აჭარა, შუახევი, ხულო, ქედა. ისევე, როგორც ზღვა, მთებიც ადამიანის ბუნებას აყალიბებს და გარკვეული მიმათულებით ხელს უწყობს, რომ ფორმირდებოდეს. მრავალფეროვნება, რომელიც აჭარისთვის და თუნდაც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი, ყველაზე გასაფრთხილებელია. სტუმრებმა ასევე უნდა ნახონ და დააგემოვნონ აჭარული სამზარეულო, სადაც ჯერ კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი, აღსადგენი. გაეცნონ აჭარულ ფოლკლორს, რომელსაც ანსამბლ „ელესას“ ხელმძღვანელი, ირაკლი სირაბიძე ძალიან სიღრმისეულად იკვლევს და უზომოდ დიდი საქმეს აკეთებს. ვფიქრობ, ასეთი ადამიანების ხარჯზე და დამსახურებით ძალიან ბევრ და მივიწყებულ სიმდიდრეს აღმოვაჩენთ და განვაახლებთ მომავალში.
როგორია შეყვარებული ლაშა ნაკაშიძე და თუ გაქვთ ერთგვარი კრიტერიუმები, როგორი ადამიანი უნდა იყოს თქვენ გვერდით?
ზოგადად, ამ თემაზე საუბარი არ მჩვევია და არ მიყვარს. მიმაჩნია, რომ პირადი საკითხები არ არის საჯაროდ გამოსატანი. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ქალი აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული წარმატებული პროფესიული საქმიანობით. აუცილებელია იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს მრავალმხრივი ინტერესები, ანუ თვითრეალიზებული უნდა ერქვას. მოკლედ, ურთიერთობა საინტერესო უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
რომელი ჟანრის ფილმები გიყვართ?
ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, ასევე მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“, ხოლო ბოლო პერიოდში ვკითხულობ პორტუგალიელი მწერლის, ჟოზე სარამაგუს ნაწარმოებებს, რომლებიც გაჯერებულია მაგიური რეალიზმის ელემენტებით. შესაბამისად, ისეთი ტიპის ლიტერატურა და კინოფილმები მიზიდავს, რომელშიც ცოტა მაგიური ელემენტებიცაა, თუმცა ეს ყველაფერი დოზირებულად და დაბალანსებულადაა გადმოცემული.
ჰობი... საინტერესო საქმიანობა... გატაცებები...
ბევრია ასეთი. უპირველესად, არის რაღაც, რაც დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობასთან. ეს არის ცურვა, ასევე ე.წ. „ქუჩის ვარჯიშები“ (Street workout) რომელსაც ბოლო პერიოდში დიდ დროს ვუთმობ. კითხვა აუცილებლად არის მნიშვნელოვანი ჰობი, კითხვა მრავალმხრივი ლიტერატურის. მხატვრული ლიტერატურის პარალელურად, ორი ძირითადი მიმართულება მაქვს, რომელსაც ვკითხულობ. ეს არის აღმოსავლური ფილოსოფია, ეზოთერული ლიტერატურა და კვანტური ფიზიკა. ერთი შეხედვით განსხვავებული ჩანს, მაგრამ ძალიან ახლოა ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან და უზომოდ საინტერესოა. პლუს ფსიქოლოგია, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა. ხშირად მიფიქრია, რომ ერთ-ერთი პროფესია, რომელსაც ავირჩევდი, ალბათ შეიძლება იყოს ფსიქოლოგია, ოღონდ უფრო კვლევითი მიმართულებით. ახალ აღმოჩენებზე ვიმუშავებდი. ადამიანის ფსიქიკისა და ცნობიერების შესწავლა ზოგადად ძალიან საინტერესო მიმართულებაა ჩემთვის. კაცობრიობა ნელ-ნელა ითვისებს კოსმოსს, საოცარი მიღწევებია ტექნოლოგიებში თუმცა ძალიან ცოტა, ალბათ მდოგვის მარცვლისოდენა ვიცით ადამიანის ფსიქო-ემოციური და ცნობიერების ჭეშმარიტი ბუნების, ანუ ჩვენი შინაგანი ბუნებისა და არსის შესახებ. ჩემთვის ყველაზე მეტად, კარგი ფსიქოლოგი ასოცირდება მოსმენის უნართან განსჯის გარეშე. მთავარია მოსმენის უნარი და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიაში ის, რომ შენ ადამიანს ეხმარები არა პირდაპირ, ანუ მათ არ ეუბნები, რომ ასე უნდა მოიქცე, ან ისე უნდა გააკეთო. ის მიგყავს იქამდე, რომ თვითონ მივიდეს სწორ გზაზე. ასევე ძალიან მაინტერესებს კლინიკური ჰიპნოზი. რომ მქონდეს შესაძლებლობა, დიდი სიამოვნებით დავკავდებოდი ამ დარგის შესწავლით. ეს მნიშვნელოვანი თერაპიული მიმართულებაა, რომელიც ალბათ უფრო ფასეული გახდება ნელ-ნელა, იმიტომ, რომ ამ კუთხით ბევრი კვლევა ტარდება და ერთ-ერთი მზარდი სფეროა. ასევე ბილიარდია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰობი, განსაკუთრებით − ბრიტანული ბილიარდი სნუკერი, რომელიც შედარებით სხვაა, ვიდრე კლასიკური ბილიარდი. გარდა ამისა, ფეხბურთი. მოკლედ, მრავალი ჰობი და გატაცება მაქვს.
მუსიკა, რომელიც გათავისუფლებს...
ზოგადად, ერთ-ერთი საყვარელი მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც ყოველდღე ვუსმენ, არის გერმანული ჯგუფი „რამშტაინი“. ზოგადად, ყველა ჟანრს ვუსმენ, რაც მომწონს, თუმცა ნაკლები სიხშირით ვუსმენ ჯაზს და ბლუზს. ყველაზე რთულია ჩემთვის ჯაზის მოსმენა, როცა ჯაზმენები იმპროვიზაციას აკეთებენ და ეშხში შედიან. მაქვს მუდმივი მცდელობა ვისწავლო გიტარაზე დაკვრა. გარკვეულ დონეზე ვუკრავ კიდეც, ოღონდ მხოლოდ ჩემთვის, სხვების თანდასწრებით არა.
ქვეყანა, სადაც იცხოვრებდით?
ამ თემაზე ბევრი არ მიფიქრია. უცებ, რაც მომდის თავში, საქართველოს გარდა ალბათ ესპანეთში, რომლებიც ჩვენ, ქართველებს გვგვანან − ცოცხალი, მეგობრული ხალხია. სადაც ვიცხოვრებ, ზოგადად, ჩემთვის მნიშვნელოვანია კლიმატი. ჩემი საყვარელი ამინდი, მზიანი ამინდია, როცა დაახლოებით 40 გრადუსია გარეთ და სიცხისგან ცოტა ძალაგამოცლილი დავდივარ ქუჩებში.
ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი თვისება თქვენში.
დადებითი თვისება ალბათ ის არის, რომ ვარ ძალიან გაწონასწორებული, თუმცა ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ უემოციო ადამიანი ვარ. ურალოდ, შემიძლია ეს ემოციები საჭიროებიდან გამომდინარე ვაკონტროლო. ცუდი თვისება არის ის, რომ ხანდახან, თუ კონტროლი მოვადუნე საკუთარ თავზე, პირდაპირი გაგებით შემიძლია საერთოდ არაფერი ვაკეთო დიდი ხნის განმავლობაში.
რაზე ამბობთ ყველაზე ხშირად OK!-ის?
ყველაზე ხშირად არა, მაგრამ ოქეის ვამბობ ხოლმე, როდესაც ადამიანებს რაღაც წყინთ, როცა მარტივი რაღაცისგან უნდათ შექმნან მძაფრი სცენები. ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი არის ხოლმე: „კარგიი“, „ოქეიი“ და ვანებებ თავს. სხვათა შორის, ძალიან კარგად ჭრის, როდესაც იმ ემოციურ კავშირს ვეღარ პოულობენ, ხშირ შემთხვევაში უკან იხევენ და საკუთარ საქციელს უფიქრდებიან.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე