ევროპასა და აზიაში მოქცეულმა ჩვენმა პატარა, თუმცა მრავალფეროვანმა ქვეყანამ იმდენი მოახერხა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში Georgia-ს ხსენებისას არა ამერიკის შტატი, არამედ ქვეყნის სახელწოდება ახსენდებათ. ბოლო დროს, ინტერნეტსივრცეში უამრავი სტატია მიეძღვნა იმას, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა იმოგზაურო და სჯობს აღარ გადადო − მისკენ ახლავე, ამ ზაფხულის დასრულებამდე უნდა გაეშურო! კავკასიის ქედის ქვეშ მოქცეული, დაახლოებით 4 მილიონი მცხოვრებით დასახლებული ქვეყანა ბევრი მოგზაურისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და იდუმალებით მოცულია. ბევრი ადგილი ჯერ ქართველთა ნაწილისთვისაც კი უცხოა და ჯერჯერობით მხოლოდ შორიდან იწვევს აღტაცებას. საქართველოში დასვენების დაგეგმვისას ბევრი ვარიანტი გვიზიდავს და საბოლოო მიმართულების განსაზღვრა მხოლოდ თქვენს ხასიათსა და სურვილებზე დამოკიდებული ხდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთი
• ზუგდიდი
დადიანების საოცარი სასახლე სამეგრელოს გულშია განთავსებული. დროში მოგზაურობის შემდეგ, თამამად შეგიძლიათ მარტვილის კანიონისკენ გაეშუროთ და ნავში მოთავსებული, კლდეების მდუმარებაში ჩაიძიროთ. აქვე არის ზღვაც. თუ სანაპირო დასვენებისთვის უპირატესობას სიწყნარეს ანიჭებთ, ანაკლია საუკეთესო არჩევანია.
სვანეთში მოგზაურობა ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. აეროპორტის წყალობით, გზებზე არსებული შეფერხება პრობლემას არ წარმოადგენს. სვანეთში მოხვედრისთანავე მიხვდებით, რომ საერთოდ სხვა სამყაროში გადაინაცვლეთ. მთებით გარშემორტყმული კუთხე ისტორიულ წარსულსა და კულტურულ ტრადიციებშია გამოწვრთნილი. ჰაწვალზე საბაგიროთი ასვლის შემთხვევაში, თვალწინ საოცარი ხედი გადაგეშლებათ.
გურია
• გომის მთა
საქართველო არა მხოლოდ ღრუბლებქვეშ დასვენებას, არამედ მათზე ამაღლებასაც გვთავაზობს და გურიის ოაზისისკენ მიგვითითებს. გომის მთაზე თუნდაც ერთი ღამის გატარებით, შეძლებთ დააკვირდეთ ღრუბელთა მიმოცვლას ზუსტად თქვენ ქვევით.
• ბახმარო
ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ეს პატარა დასახლება ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმას ეფექტურად ახდენს. ნაძვნარითა და ფიჭვნარით გარშემორტყმული კოტეჯები თითქოს მთებშია ჩაძირული. ბახმაროში დასვენება ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც ექიმები აქ დასვენების რეკომენდაციას ხშირად იძლევიან.
აჭარა
• შავი ზღვის სანაპირო ზოლი
თუ მთაში დასვენება ამ ეტაპზე არ გსურთ, შავი ზღვის სანაპირო ბევრ მიმზიდველ ლოკაციას გთავაზობთ. არჩევანი უპირველესად სასურველი სანაპიროს ტიპის მიხედვით უნდა გააკეთოთ, რადგანაც აჭარის ტერიტორია მოიცავს როგორც ქვიშიან, ისე ქვიან რივიერას. ტურისტებს განსაკუთრებით ბათუმი შეუყვარდათ, რომელიც თავისი სიმსუბუქით ყველას ხიბლავს. ამასთან, ბათუმში ბევრი თავშესაქცევია: დელფინარიუმი, აკვარიუმი, აკვაპარკი და ა.შ.
რაჭა-ლეჩხუმი / ქვემო სვანეთი
• ლაილაში
რაჭა-ლეჩხუმში ფანტასტიკური ბუნებით ტკბობა დაუსრულებლად შეიძლება. განსაკუთრებით მთაზე გამოკიდული აუზიდან, საიდანაც საოცარი ხედი იშლება. დიდი ისტორიული წარსულის მქონე სოფელი კიდევ ბევრ საგანძურს ინახავს, რომელთა აღმოჩენასაც რაჭა-ლეჩხუმში დასვენების შემდეგ შეძლებთ.
იმერეთი
• ქუთაისი − კულტურული და ისტორიული ცენტრი
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი − ქუთაისი კულტურული ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევა. მაგალითად, გამოქვაბულები, მონასტერები, კანიონები, მუზეუმები, შადრევნები, კაფეები და ა.შ.
დასასვენებლად იმერეთის არჩევის შემთხვევაში, საქართველოს ბევრ საგანძურს მიაგნებთ და აქტიურ დასვენებას შეძლებთ.
სამცხე-ჯავახეთი
• ბორჯომი − რელაქსაციისთვის საუკეთესო საშუალება
საუცხოო სპაქალაქი მინერალური წყლებითაა ცნობილი. აქ გასაჯანსაღებლად და სრული რელაქსაციისთვის საუკეთესო დასვენებას მოიწყობთ. ბორჯომის პარკში თავს მრავალმხრივი ატრაქციონებით განიტვირთავთ, შორიახლოს დაბებში კი ბევრ საინტერესო ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას აღმოაჩენთ.
შიდა ქართლი
• მანგლისი
თბილისიდან ერთი საათის გზაზე კლიმატი რადიკალურად იცვლება. მდინარე ალგეთი, ტყის ნაირსახეობანი, ტბა... გარშემო უამრავი ადგილია, სადაც განტვირთვა და დასვენებაა შესაძლებელი. მანგლისში ყველანაირი ფასის შესაბამის დასასვენებელ ინფრასტრუქტურას ვხვდებით. მთავარი უნიკალური კლიმატია, რომელიც აქ დაგხვდებათ.
მცხეთა-მთიანეთი
• სტეფანწმინდა, ყაზბეგი
გერგეტის სამების ტაძარი ორთოდოქსული არქიტექტურის საგანძურია. მე-14 საუკუნეში აგებული ეკლესია თბილისის ჩრდილოეთით, 4 საათის მანძილზე მდებარეობს. ყაზბეგში დასვენება ბუნების მრავალფეროვნებას, სუფთა ჰაერს და სიმშვიდეს გვპირდება.
• ხევსურეთი
ჭაუხების მეორე მხარეს მშვიდი ძილით ხევსურეთს სძინავს, რომელიც დროდადრო აბობოქრდება და აბუდელაურების ფერად ტბებს სეტყვით აჯილდოვებს. დათვისჯვრის უღელტეხილით მორიგ სამოთხეში − შატილში გადაინაცვლებთ, სადაც დრო თითქოს მთებს მიღმა ქრება.
კახეთი
• დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი კლდეში
ეს მასიური სამონასტრო კომპლექსი თითქოს მთაშია გამოკვეთილი და ექსკურსია დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ნებისმიერი ეროვნების ადამიანზე.
• ისტორიული სიღნაღი
ნარიყალას მსგავსად, სიღნაღიც თავიდან ბოლომდე აღადგინეს. აქ დასვენებით, თავს ჯადოსნურ სამყაროში იგრძნობთ, მთებით გარშემორტყმულ ერთ დიდ სასახლეში. დაათვალიერებთ ახლომდებარე ტურისტულ ატრაქციონებსა და უძველეს მარნებს.