დაცული ტერიტორიების სააგენტო „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად, საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად, საინფორმაციო კამპანიას იწყებს: „იმოგზაურე ვისოლ ჯგუფთან ერთად“
პროექტის ფარგლებში, მომზადდება ვიდეობლოგები საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას გააცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთო-საფეხმავლო ბილიკებს და დაეხმარებიან ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ მოგზაურობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ. უფრო დეტალურად პროექტის შესახებ, ვიდეობლოგების წამყვანები – ვლოგერი სოფი აზარიაშვილი და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი, ჯონი კაპანაძე მოგვიყვებიან.
სოფი აზარიაშვილი: „საქართველოში მოგზაურობის სამი მთავარი მიზეზი არსებობს – ბუნება, კულტურა და კულინარია. მე სწორედ მოგზაურობის შესახებ დავიწყე რამდენიმე თვის წინ ვლოგების ჩაწერა, რომლებიც უკვე პოპულარობით სარგებლობს. ჩემი მოკლე ვიდეოებით მაყურებლებს ვაცნობ საქართველოს ულამაზეს ეროვნულ პარკებს და ვაძლევ რჩევებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. ახლა მიხარია, რომ დიდი მხარდაჭერით და რა თქმა უნდა, გაზრდილი შესაძლებლობებით გავაგრძელებ ვლოგების კეთებას და მაყურებლებს უფრო საინტერესო კონტენტს შევთავაზებ. მე „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად შემოვივლი საქართველოს ეროვნული პარკების ყველაზე პოპულარულ ადგილებსა და მარტივ ტურისტულ მარშრუტებს“.
ყოველი ვლოგის ჩაწერისას, ვცდილობ მაყურებელს რაღაც განსხვავებული შევთავაზო. ხშირად ვცდი ექსტრემალურ გასართობებს. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავეშვი ოკაცეს ჩანჩქერზე თოკებით, ეს დაუვიწყარი მოგონება და ემოციაა. ასევე დავლაშქრე თოკების პარკები მტირალას და ალგეთის ეროვნულ პარკებში. სამომავლოდ ვგეგმავ, მაყურებლებს ყველა შესაძლო აქტივობა ვაჩვენო, რის გამოცდასაც საქართველოს ეროვნულ პარკებში შეძლებენ.
ჯონი კაპანაძე: „სოფისგან განსხვავებით, მაყურებლების მეგზური სამთო-საფეხმავლო ბილიკებზე ვიქნები, საიდანაც ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდი მათ, როგორც დაცული ტერიტორიების შექმნისა და მნიშვნელობის, ასევე ყველა ტიპის ტურისტული აქტივობისა და სერვისების შესახებ. გარდა ამისა, ჩემს ვლოგებში იქნება მარტივი რჩევები, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სალაშქრო ბილიკები, რა სახის ეკიპირება გვჭირდება ლაშქრობისთვის, როგორი ტანსაცმელია საჭირო სხვადასხვა სიტუაციისთვის და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროექტი ბევრ ადამიანს გაუჩენს საქართველოში მოგზაურობის სურვილს“.
ამ პერიოდისათვის საქართველოში სულ 87 სხვა და სხვა ტიპის დაცული ტერიტორიაა რომლთა ფართობიც 667 000 ჰექტარს შეადგენს რაც საქართველოს ტერიტორიის 9.5%-ია, შესაბამისად, ეს იძლევა შესაძლებლობას დაცული ტერიტორიებზე მოინახულოთ როგორც მიწისქვეშა სამყარო, ასევე კოლხეთის დაბლობზე მდებარე ჭარბტენიანი ნიადაგები, ხელუხლებელი ტყის მასივები, ალპური მდელოები და მარადიული მყინვარები ან სულაც ღრუბლებს ზემოთ მოექცეთ საქართველოს საიდანაც ახალი ჰორიზონტები იშლება .