რომელია თქვენი საყვარელი ადგილები ფშავ-ხევსურეთში?
ფშავში ჩემი საყვარელი ადგილი ჩარგალია. ხევსურეთში − შატილი. რაც შეეხება ფშავს, ვაჟა-ფშაველას სახლში (იქ, სადაც დაიბადა) ყველაზე კარგად იგრძნობა, თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანის დამოკიდებულება ბუნების მიმართ. სახლი საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ვაჟა ცხოვრობდა, არამედ იმიტომაც, რომ ეს ადგილი ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიასა და ფაქტს გვიყვება ფშავური ტრადიციების შესახებ. აქ ნახავთ სადიაცო და სამამაკაცო ოთახებს, საოჯახო ნივთებს, იარაღს.
რაც შეეხება ხევსურეთს, შატილი გამორჩეულია, თუმცა აქაც უამრავი ლამაზი ადგილია. არსებობს პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთი, რომელსაც ორად ყოფს დათვისჯვრის უღელტეხილი და ორივე მხარე ძალიან საინტერესოა.
რომელი ადგილების მონახულებას ურჩევდით დამსვენებლებს?
დამსვენებლებს ვურჩევ, ხევსურეთში აუცილებლად მოინახულონ სოფელი კორშა. აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო სასტუმრო, სადაც სახელოსნოცაა. ტრადიციული ნივთების ყიდვაც შეგეძლებათ. აქ დასვენების მთელი ხიბლი კი ის არის, რომ დილით, გაღვიძებისთანავე უყურებ არა მხოლოდ მთებს, არამედ ფუტკრების სკებს, შინაურ ცხოველებს, ბოსტანს. ანუ მიირთმევ ყველაფერ ნატურალურს და ჯანსაღს.
სწორედ აქედან ტარდება საცხენოსნო ტურები აბუდელაურის ტბებზე, რომელიც საოცრად ლამაზი სანახავია.
კორშადან გადადიხარ პირიქითა ხევსურეთში, სადაც მდებარეობს შატილი. რაც უფრო მიუვალია გზა შატილამდე, მით მომხიბვლელია. გზად წააწყდებით ჩანჩქერს. წყლის მიღმა ოთახივით სივრცეა. თან ჩანჩქერში ხართ და თანაც არ სველდებით. ერთი დიდი სიამოვნებაა ამ ყველაფრის ნახვა.
რატომ უნდა ეწვიოს ტურისტი ფშავ-ხევსურეთს? თქვენი აზრით, რა არის მასში განსაკუთრებული?
აქ ყველაფერი განსაკუთრებულია, თუმცა გამოვარჩევდი საცხოვრებელ სახლებს, ანუ კოშკებს, რომლებიც მტრის შემოსევების მოლოდინმა შექმნა. არქიტექტურაში განსაკუთრებით კარგად იგრძნობა, თუ როგორი თავდაცვის უნარი გვქონდა, როგორი სტრატეგები ვიყავით და როგორ იცავდნენ ხევსურები ქვეყანას შემოსევების დროს. აქ თუ არ ყოფილხართ, ჩათვალეთ რომ საქართველო არ გინახავთ.