რომელია თქვენი საყვარელი ადგილები სამეგრელოში?
სამეგრელოში ძალიან ბევრი ადგილია მოსანახულებელი, თუმცა ზუგდიდს გამოვარჩევდი, იმიტომ, რომ აქ მდებარეობს დადიანების სასახლე, რომელიც გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია მთელ ამიერკავკასიაში. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აქაურობას უკავშირდება საოცრად ლამაზი სიყვარულის ისტორია, რომელშიც ეკატერინე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით დადიანისა და ნინო ჭავჭავაძის სახელები ფიგურირებს, ყველაფერი კიდევ უფრო მომხიბვლელი ხდება. მუზეუმში არის ქართული და არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ძეგლები და ქრისტიანული რელიგიის ისეთი სიწმინდეები, როგორიცაა მაგალითად ღვთისმშობლის კვართი. მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის სავიზიტო ბარათი.
რომელი ადგილების მონახულებას ურჩევდით დამსვენებლებს?
როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ბევრი მოსანახულებელი ადგილია, თუნდაც ბოტანიკური ბაღი, რომლის მსგავსი მთელ ამიერკავკასიაში არ არსებობს, თავისი ხელოვნური ტბით, გედებით და ეგზოტიკური მცენარეებით. კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი რუხის ციხეა, საიდანაც ძალიან ახლოდან მოჩანს აფხაზეთი. ეს არის ადგილი, რომელიც ნებისმიერმა ქართველმა უნდა ნახოს.
სამეგრელო არ შემოიფარგლება მხოლოდ ისტორიული ძეგლებით, აქ არის გამორჩეული ბუნება თავისი კოლხეთის ეროვნული პარკით. ასევე აუცილებლად უნდა მოინახულოთ ჭურიის ნაკრძალი, რომელიც პალიასტომის ტბიდან ძალიან ლამაზი და ეგზოტიკური სანახავია.
რატომ უნდა ეწვიოს ტურისტი სამეგრელოს? თქვენი აზრით, რა არის მასში განსაკუთრებული?
სამეგრელოში დამსვენებელი უნდა ჩავიდეს არა მხოლოდ ისტორიული ძეგლების სანახავად, არამედ განსაკუთრებული კერძების დასაგემოვნებლად. მეგრული სუფრა განთქმულია. მხოლოდ სამეგრელოში აკეთებენ იმას, რასაც ნამდვილი ქართული ჰქვია.
გარდა კერძებისა, სამეგრელო ულამაზესი ბუნებითაც გამოირჩევა. საოცარი სანახავია მარტვილის კანიონი. სამეგრელო განსაკუთრებული რეგიონია თავისი ბუნებით, სტუმართმოყვარეობით, ისტორიული ძეგლებით და კერძებით.