რომელია თქვენი საყვარელი ადგილები გურიაში?
გურიაში ყველა ადგილი და სოფელი მიყვარს. ბევრი ნათესავი მყავს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. მათ შორის, ჩემი ოჯახიც. არ არსებობს არცერთი ადგილი და თუნდაც ეზო, რომლის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები, სიყვარული და დიდი პატივისცემა არ მაკავშირებს. აქედან გამომდინარე, გურიაში ყველგან კარგად ვგრძნობ თავს − მთაში, ბარში თუ ზღვის სანაპიროზე.
რომელი ადგილების მონახულებას ურჩევდით დამსვენებლებს?
გურიაში ჩასულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მოინახულოს გომის მთა, ბახმარო და მთიანი აჭარის იალაღები, სათბურები. მთლიანობაში ძალიან ბევრი რამეა სანახავი. ზაფხულში, განსაკუთრებით გურიის მთიანეთი.
რატომ უნდა ეწვიოს ტურისტი გურიას? თქვენი აზრით, რა არის მასში განსაკუთრებული?
გურიაში არის ყველაზე განსხვავებული და განსაკუთრებული ემოცია. ქართველებს არსად არ გვაკლია სითბო, მაგრამ როგორც გურიაში მოგეფერებიან, მოგესიყვარულებიან და გიმასპინძლებენ, ისე არსად. ადამიანები განსაკუთრებულები არიან, რაც იქაურ ბუნებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.