თუ ოდესმე გინახავთ, რაჭველი რომ რაჭველს გაიცნობს, როგორი სიხარულია, როგორ იწყებენ საუბარს ამ კუთხეზე, იოლი მისახვედრია, რა დამოკიდებულება გვაქვს რაჭველებს საკუთარი კუთხის მიმართ.
დიახ, მე ვბედავ და OK!-ში ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი კუთხე არავის ვანდე.
რაჭველ წერეთლებს ერთი ფარული სიამაყე გვჭირს – ჩვენ ის ვართ, რაჭველებს რომ დავუბარეთ, დიახ! რა დავუბარეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, საიდან დავიწყებთ რაჭის ქებას, იმიტომ, რომ ყველა კუთხე-კუნჭული გველამაზება ამ პაწაწინა კუთხეში.
ქვემო რაჭა – ამბროლაურის რაიონი, იმერეთივით მსუბუქი და ხალისიანია. შაორი, ნიკორწმინდა, ხვანჭკარა – ეს ყველაფერი ძალიან ცნობილი და რა თქმა უნდა, აუცილებლად სანახავია.
სწორედ ქვემო რაჭაშია სოფელი ჯვარისა, რომელიც რაჭის ტურისტულ რუკაზე ალბათ არასდროს გაიბრწყინებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დღეს უკვე ხალხისგან დაცლილი სოფელია. სოფელი, სადაც ყოველ ზაფხულს ჩავყავდი ბებოს ხის სახლში, რომელიც მესამე საუკუნეს ითვლის და სადაც ძველი, ქრისტიანული კალენდრის ნარჩენები დღემდე კედელზეა ჩამოკიდებული, სადაც ყველა წვრილმანი მიამბობდა ისტორიას ჩემს წინაპრებზე. ბებოს, რომელსაც ყველა ქალბატონ არიადნას ეძახდა და ჩასვლისთანავე უამრავ ძღვენს უგზავნიდნენ, არასდროს ეზარებოდა, ჩვენთან ერთად კილომეტრები გაევლო და ტყეში უამრავი ნიყვი მოეგროვებინა, მაყვალი დაგვეკრიფა, ან უბრალოდ, დავმსხდარიყავით ასწლოვანი კაკლების ქვეშ და მოეთხრო სხვადასხვა ისტორია დაუსრულებლად.
აქ თამარ მეფის კულტია, ყველა ლეგენდა მასთანაა დაკავშირებული. „მინდა ციხე“ თავმომწონედ გადაჰყურებს რიონის ხეობას. თამარს ეს ადგილი რომ უნახავს, უთქვამს, აქ მინდა ციხეო. გვერდს ვერ აუვლით ბარაკონის ეკლესიას.
ზემო რაჭა საერთოდ განსხვავებულია. ონის რაიონში ბუნება მეტად მკაცრდება. შოდას მთა ის მწვერვალია, სადაც ასვლა დიდი გმირობის ტოლფასია. ზემო რაჭის ყველა სოფელში მინერალური წყლების საბადოებია. მათ „მჟავე წყლები“ ჰქვია. ძველი კურორტები – უწერა და შოვი, ალბათ ოდესმე ისევ დაიბრუნებენ წარსულ დიდებას.
ონში აუცილებლად უნდა ეწვიოთ საოჯახო სასტუმროს „მხატვრის სახლი“. მხატვარმა წყვილმა – ელენემ და თემურმა საკუთარი ხელით შექმნეს რაჭის მინიმოდელი, თავი მოუყარეს ოჯახებში დაგროვილ ძველებურ ნივთებს, საკუთარი ხელით აღადგინეს ძველი, ტრადიციული ხის სახლი, ააშენეს სასტუმრო, სადაც უმეტესად ხელნაკეთი ავეჯი და დეკორაციაა. აქ ნამდვილ რაჭულ სამზარეულოს ეზიარებით, მხოლოდ საუკეთესოს და მხოლოდ ბიოს. აქ მოგიწყობენ დაუვიწყარ ლაშქრობებს ბროლის მთაზე, უდაბნოში, ჩანჩქერებზე...
ბოლოს, ტრადიციულ რაჭულ დალოცვას მოვიშველიებ: „ყველას შეგეწიოთ ყოვლადწმინდა, სხიერი და ნიკორწმინდა, ჭელიაღელე, უყეში“.