პირველად ჭუბერში ორი წლის წინ გადაღებებზე ჩავედი. „ნენსკრა ჰესის“ პროექტზე რეპორტაჟი მქონდა გასაკეთებელი. მანამდე ეს ხეობა ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ იმ, 1993 წლის ცივი შემოდგომის კადრებით არსებობდა, აფხაზეთიდან დევნილთა ნაბიჯებით რომ მოძრაობენ ეკრანზე... ამ ისტორიამ პირველი ვიზიტისთვის განწყობები თავისთავად შექმნა და თბილისიდან ენგურის წყალსაცავის გამოჩენამდე ჩავლილმა საათებმა სადღაც გააქრო... და ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სვანეთი, კოშკების გარეშე.
ჭუბერის თემი მდინარე ნენსკრას ხეობაშია გაშლილი, 13 სოფლით. ეს სოფლებია: ყარი, ქვედა მარღი, ზედა მარღი, ტობარი, ტიტა, ლეწფერი, ლეკულმახე, ჭუბერი, ლუხი, დევრა, სგურიში, ლახამი, ლარი-ლარი. აქ დღეს 321 კომლი ცხოვრობს. დასახლება მაქსიმუმ 150-წლიან ისტორიას ითვლის, თუმცა ადგილობრივების ცნობით, აქ ცხოვრების კვალი წარსულში ორჯერ წაიშალა. რაც დრომ დამალა, მას არქეოლოგები დღემდე პოულობენ, ერთ-ერთი მოსახლის, გოგა ჩხეტიანის ეზოში კი ნამარხებზე სამუშაოდ პერიოდულად ჩადიან.
ზუსტად სად არის ჭუბერი? − მარტივად რომ წარმოიდგინოთ, მესტიის გადასახვევს მიახლოებულმა მოპირდაპირე მხარე უნდა აირჩიოთ და კლდის ნაპირებზე გზას გაუყვეთ. მანქანით ალაგ-ალაგ დრომოჭმული, ან გაფუჭებული, უკვე თემის ცენტრის მისადგომებთან კი ახალდაგებული გზა შეგხვდებათ. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდიდან ჭუბერამდე მანქანით 1.5 საათის სავალია. აქ გასულ წელს გზაც და ხიდებიც სტიქიამ წაიღო და მას შემდეგ აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტიქიის წყალობით ჭუბერი ბევრმა გაიცნო − ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის ცენტრში თავმოყრილი ამდენი ჟურნალისტი ერთად არ ახსოვს...
სტიქიის შედეგების გასაცნობად მეც მომიწია ადგილზე გამგზავრება, თუმცა ჩემი პროფილიდან გამომდინარე (რეპორტაჟებს ძირითადად ეკონომიკურ თემებზე ვამზადებ), ადგილობრივებს მათი მცირე ბიზნესინტერესების გასარკვევად შემოვრჩი... და ასე მოხდა რამდენჯერმე.
გასულ კვირას კი უკვე ნამდვილი ტურისტივით ვეწვიე ნაცნობ მთებს, მისიით, ჩემი თანამოქალაქეების თუ უცხოელი მეგობრებისთვის სვანეთის ამ ნაკლებად პოპულარული ადგილიდან გამევრცელებინა გზავნილი − „გაატარე ზაფხული საქართველოში“. ამ აქტიური სოციალური კამპანიისთვის მე ჭუბერისა და ნაკრას (ჭუბერის მეზობელი − მდინარე ნაკრას ხეობა, 11 სოფლით) ელჩი ვარ.
თემის ერთ-ერთ სოფელში ცენტრიდან მანქანით მაქსიმუმ 10 წუთის სავალზე მდებარე „ტიტაში“ – ადგილობრივი მცხოვრებლის, გია ვიბლიანის სასტუმროში დავბინავდი. წარმოიდგინეთ ასეთი კადრი: დილის 07:00 საათია. მთებში ხართ მოქცეული. ხის კოტეჯიდან გამოდიხართ, ნისლებს ან თვალთან გაფანტავთ, ან შორს, მწვერვალებზე დაეწევით... სამზარეულოდან ცხელი ყავით ღია ვერანდაზე გადაინაცვლებთ, ნელ-ნელა მთებზე აქა-იქ შემორჩენილი თოვლი შეფერადდება, მზე ხეობაში ჩამოვა და თქვენ დაგეგმავთ, როგორ გაატაროთ დღე.
ცხადია, „ტიტა“ დასარჩენად ერთადერთი ადგილი არ არის. ამ სასტუმროში ფასები 55 ლარიდან იწყება და მოთხოვნების შესაბამისად იზრდება. საერთო ჯამში, ჭუბერში 12 საოჯახო სასტუმროა. მაგალითად, სოფელ ყარში, თემურ ვიბლიანის სასტუმროში, 50-60 ლარის ფარგლებში, კვების უზრუნველყოფით დაისვენებთ. ოჯახის უფროსმა ბოლო სამი წელია სახლის რამდენიმე ოთახი სტუმრებისთვის საგანგებოდ მოაწესრიგა და დღეს ტურისტების ნაკლებობის გამო, პასიური, მაგრამ ტურიზმის დარგის წარმომადგენელთა რიგებშია, პარალელურად კი ადგილობრივ სკოლაში მათემატიკას ასწავლის. მისი ოჯახი ტურისტებს, განთავსებასთან ერთად, ირგვლივ მთებში ცხენებით გასეირნებას, ასევე მესტიისა და უშგულის მონახულების მსურველებს ტრანსპორტირებას სთავაზობს.
ჭუბერის მთებში ტბები, ჭიუხები, ჯიხვები და თავისუფლებაა. ეს უკვე მარიამ ვიბლიანისგან ვიცი. მარიამი მე-11 კლასში სწავლობს და ზუსტად იცის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ აქტიურად ჩაერთვება მშობლიური ადგილის ტურისტებით დატვირთვაში. მანამდე კი ერთი თხოვნა აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან − ჭუბერი ტურისტულ რუკაზე დაიტანონ.
იგივე პრობლემაა ჭუბერის მეზობელ ნაკრას თემში, რომელიც დღეს 11 სოფლით (სოფლები: ანილი, თავრალი, კვიცანი, კიჩხულდაში, ლაშხრაში, ლაწომბა, ლენკვაში, ნაკრა, ჩუბარი, ცალერი, ხერხვაში) არის წარმოდგენილი, სადაც დაახლოებით 128 კომლი ცხოვრობს. ამ სახით ნაკრას ხეობამ ჩამოყალიბება მე-19 საუკუნეში დაიწყო, თუმცა ადამიანის ცხოვრების პირველი კვალი თითქმის 3000 წლით თარიღდება. ნაკრასკენ გზად მჟავე წყალთან შევჩერდი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჭუბერსა და ნაკრაში უხვად მომდინარე მჟავე წყლები კუჭ-ნაწლავის სისტემის გამართული მუშაობისთვის სასარგებლოა, თუმცა დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, ამიტომ არ უნდა დავხარბდეთ.
ხეობაში შესვლისთანავე, ადგილობრივი მოსახლე უნდა ნახოთ, რომელსაც ან თავად ექნება საოჯახო სასტუმრო, ან ვინმესთან მიგასწავლით. მაგალითად, ნინო ვიბლიანის ოჯახში. ზოგადად, ნაკრას თემში 5 საოჯახო სასტუმრო მუშაობს. ნაკრას ისტორიულ ნაწილს რაც შეეხება, თუ გაგიმართლათ და სოფელში როდამ გვარმიანი შეგხვდათ, დეტალურად მოგიყვებათ ფაქტებსაც და ლეგენდებსაც.
„სიძველის გამოქვაბული“ − ამ სახელით იცნობს ნაკრას მოსახლეობა მთაში გამოჭრილ, ლეგენდებით სავსე ადგილს. როგორც სოფელში წინაპრების გადმოცემებზე დაყრდნობით ამბობენ, გამოქვაბულის სიგრძე რამდენიმე კილომეტრს აღწევს, თუმცა სიღრმეებში შესვლა შეუძლებელია, რადგან ალაგ-ალაგ ჩამონგრეულია.
„ერთ-ერთი ვერსიით, ომიანობის დროს ეს შესაძლოა განძსაცავი ყოფილიყო. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ აქ ბერების საცხოვრებელი კელია იყო. როგორც ვიცით, ამ გამოქვაბულში ბევრი ოთახია, სადაც წინაპრები ჩადიოდნენ და ერთ-ერთ ოთახში ქვის მრგვალი მაგიდა იყო, სხვადასხვა ამოუცნობი იეროგლიფით“, − მიამბო როდამ გვარმიანმა. მისი აზრით, არქეოლოგებს და ისტორიკოსებს ამ სოფელში ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.
ამ ეტაპზე კი საფეხმავლო ტურიზმით დაინტერესებულებს შეუძლიათ ბილიკებს ქვემო სვანეთიდან − ხაიშიდან გაუყვნენ და მესტიამდე ავიდნენ. გზად ნაკრასაც გაივლიან, შეხვდებათ მთა უთვირი, საიდანაც ლუთვნარის ტბამდე დაახლოებით ნახევარი საათის სავალია. ლუთვნარის უღელტეხილით სოფელ ჭუბერშია გადასასვლელი. იქვე, ახლოს კამკამა ლატასის ტბაა, სადაც ბინძური ნივთის ჩაგდება, ამბობენ, რომ გაავდრებას იწვევს…
მისტიკურად გაავდრების თუ გეშინიათ, აუცილებლად ადით ნაკრას თემის ყველაზე მაღალ ადგილზე დასახლებულ სოფელ კიჩხულდაში, სადაც მუდმივად მაცხოვრებელი მხოლოდ ერთი ოჯახია. მარო ჯაჭვლიანი და ვალერი ვიბლიანი სტუმრებს საგულდაგულოდ მასპინძლობენ. სწორედ იქ გავსინჯე პირველად სვანური ყველი ნარჩვი, რომელსაც დამზადების რთული და საინტერესო ტექნოლოგია აქვს. იქ თუ დაგიღამდებათ, დარჩით. მათ საოჯახო სასტუმრო აქვთ, სადაც ვიზიტი ბევრმა უცხოელმა და მეც დაგასწარით...
ყველაფერს, რაც წაიკითხეთ, თქვენ გითმობთ, ჩემმა მოთხოვნებმა კი ახალ საფეხურზე გადაინაცვლა და აი, რას ვგულისხმობ: ნაკრაში ერთ-ერთი ვიზიტისას, ადგილობრივი სკოლის პედაგოგი ზიზი წეწიანიძე გავიცანი... მე და ჩემი ოპერატორი ეზოში შეგვიპატიჟა, თვალთან ხელი მოიჩრდილა და პირდაპირ წამომართულ მთას გახედა − ჩვენ იმ მთებში მიტოვებული ნასხლარები გვაქვს, სადაც ზაფხულობით საქონელი იალაღებზე დაგვყავსო. ზიზი მთაში კი ცხოვრობს, მაგრამ უფრო მაღალი მთები არ ეთმობა. იქ უნდა დაბრუნება, ჯერ კიდევ შემორჩენილი ტაძრის მახლობლად, სადაც ყოველ ზამთარს, ნაკრას მცხოვრებლები შობის დღესასწაულთან შესაგებებლად, ღამით, თოვლიან გზებს მიუყვებიან...