რომელია თქვენი საყვარელი ადგილები იმერეთში?
იმერეთს ვეძახი მე ყველაზე ქართულ რეგიონს, რადგან ერთადერთი მხარეა, რომელსაც მხოლოდ საქართველო აკრავს გარშემო, საზღვარი არ აქვს სხვა ქვეყნებთან. ამიტომ ტურისტი აუცილებლად უნდა ეწვიოს ამ კუთხეს, რადგან აქ ყველაზე მეტად იგრძნობს საქართველოს.
იმერეთში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ხარაგაულია, სადაც არის რკინის ჯვარი, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელს უკავშირდება. 12 მაისს ანდრიაობა აღინიშნება და ამ დღეს უამრავი ახალგაზრდა იყრის თავს. მოდიან მანქანებით, ფეხით, ცხენებით, რადგან ის, რაც აქ ხდება, თითოეულმა ქართველმა თუ უცხოელმა უნდა ნახოს.
რომელი ადგილების მონახულებას ურჩევდით დამსვენებლებს?
ვურჩევდი, აუცილებლად მოინახულონ კაცხის სვეტი ჭიათურაში. ასევე ტყიბული, რომელიც უნიკალურია თავისი შაორის ტბითა და ცხრაჯვარით. აქედან საოცარი პანორამული ხედები იშლება. ულამაზესი სანახავია ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი.
რაც შეეხება ქუთაისს, აქაც უამრავი მოსანახულებელი ადგილია, მაგრამ გამოვარჩევდი წყალტუბოს, პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებით. წყალტუბო არის უნიკალური ადგილი ბალნეოლოგიური და სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე. ეს გახლავთ ყველაზე მწვანე ქალაქი საქართველოში. ფაქტობრივად, ტყეშია გაშენებული. აქ ასევე არის 22 სანატორიუმი და თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია.
რატომ უნდა ეწვიოს ტურისტი იმერეთს? თქვენი აზრით, რა არის მასში განსაკუთრებული?
იმიტომ უნდა ეწვიოს ტურისტი იმერეთს, რომ აქ ნახავთ ნამდვილ ქართულ, მრავალფეროვან და „გადაპრანჭულ“ სამზარეულოს. ასევე უნდა ეწვიოს იმ ისტორიის, წარსულისა და მოწესრიგებული ინსფრასტრუქტურის გამო, რომელიც აქ დაგხვდებათ.