რომელია თქვენი საყვარელი ადგილები თბილისში?
განსაკუთრებით მიყვარს ბეთლემის უბანი, გუდიაშვილის მოედანი და ვერა. თბილისი მრავალპლასტიურია, მათ შორის არქიტექტურის თვალსაზრისით და ისტორიული კონტექსტის მიხედვით. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთ ტერიტორიებზეა შერჩენილი ამ ქალაქის ნამდვილობა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე ასე მძაფრად აღარ იგრძნობა.
რომელი ადგილების მონახულებას ურჩევდით ტურისტებს?
ვურჩევდი არა მარტო ტურისტებს, არამედ ადგილობრივებსაც, რომ იარონ დიდხანს, იარონ ფეხით და იარონ უმისამართოდ. ამ ქალაქს თვითონ შეჰყავხარ კონკრეტულ მისამართებზე და თვითონ აღმოგაჩენინებს საკუთრივ შენს თბილისს, რომელიც საძებარია. მთავარია დააკვირდე ყველა წვრილმანს, სადარბაზოს კარს, სახელურს, ალაყაფის ჭიშკრებს, დეკორატიულ ელემენტებს − იმიტომ, რომ ნამდვილი თბილისი დეტალებშია.
რატომ უნდა ეწვიოს ტურისტი თბილისს? თქვენი აზრით, რა არის მასში განსაკუთრებული?
ეს არის ქალაქი, რომლის ქებაშიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მარკო პოლო, ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი, ჯონ სტაინბეკი... სადაც შენობები ევროპული ფასადებით გხვდებიან და თბილისური აივნიანი ეზოებით გმასპინძლობენ.
რა თქმა უნდა, თბილისში ძალიან ბევრია სანახავი, ერთი ვიზიტით ყველაფერს ვერ მოიცავთ (სწორედ ეს იქნება მიზეზი, რის გამოც მას არაერთხელ დაუბრუნდებით), მაგრამ თუ ჩვენს რჩევას გაიზიარებთ და თბილისს ფეხით შემოივლით, ყველგან შეგხვდებათ ის, რისი გულისთვისაც ღირდა დაღლა და ამ ქალაქში ჩამოსვლაც.