რატომ უნდა ეწვიოთ კურორტ საირმეს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ ძალიან მარტივია, რადგან თუ ფოტოში ერთხელ მაინც გინახავთ კურორტზე განთავსებული სასტუმროები და ბუნება, მაშინვე დარწმუნდებით, რომ აუცილებლად უნდა ეწვიოთ და განიტვირთოთ დამღლელი სამუშაო დღეებისგან.
საირმე ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ბაღდათის რეგიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს. კურორტზე 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება, რომლითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. აქ ასევე შეხვდებით უნიკალური და შერეული ტიპის ტყეებს − როგორც წიწვოვანს, ასევე ფოთლოვანს.
კურორტზე 2011 წელს რეაბილიტაცია დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. მოეწყო მინერალური წყაროების კეთილმოწყობილი ბიუვეტები, განახლებული კვების ბლოკი, კაფე-ბარისა და მარკეტის შენობა, კურორტის ბაღი, ბაღდათი-საირმეს 20-კილომეტრიანი ახალი გზა, კურორტის განახლებული შიდა გზები, თანამედროვე საკურორტო მომსახურება და ა.შ.
განახლებულ კურორტ საირმეში წარმოდგენილია ორი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „საირმე“ და Best Western Sairme.
სასტუმრო „საირმე“ შედარებით მოზრდილი სეგმენტისთვისაა გათვლილი. აქ წარმოდგენილია 152 ნომერი და ერთდროულად 390 დამსვენებელს შეუძლია განთავსება. განახლებული Best Western Sairme კი 81 ნომრისგან შედგება და სპასთან ახლოს და გარე აუზთან მდებარეობს. ეს არის საერთაშორისო ბრენდი, რომელსაც საკუთარი სტანდარტები აქვს და საუკეთესო ადგილია ახალგაზრდებისთვის.
რა პროცედურებს გვთავაზობს კურორტი
კურორტზე წარმოდგენილია თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი თერმული სპა და ველნესი, მარილის ოთახი, სველი და მშრალი საუნა, ასევე სხვადასხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საპროცედურო კაბინეტები. ასევე არის ძალიან ბევრი როგორც სარელაქსაციო, ასევე სხვადასხვა სამკურნალო მასაჟი და ეს ყველაფერი გოგირდით მდიდარ თერმოწყალში ხდება.
კურორტზე წარმოდგენილია სამი აუზი, პირველი − ღია საცურაო აუზი, რომელიც მიწიდან ამოსული, 41-გრადუსიანი თერმული წყაროთი ივსება, მეორე − საბავშვო აუზი და მესამე − დახურული აუზი.
საკურორტო პოლიკლინიკა
კურორტზე წარმოდგენილია პოლიკლინიკა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს, ხოლო დამსვენებლების ჯანმრთელობაზე მაღალკვალიფიციური ექიმი-სპეციალისტები ზრუნავენ. თითოეულ პაციენტს ენიშნება მინერალური წყლების მიღების გრაფიკი და მათ ორგანიზმზე მორგებული პროცედურები. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით და ექოსკოპიური კაბინეტით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა პროცედურით სარგებლობა.
აქტივობები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კურორტზე მოზარდებსა და ბავშვებს გართობა ერთნაირად შეუძლიათ, რადგან აქ წარმოდგენილია გართობის სხვადასხვა საშუალება ასაკობრივი სხვაობის მიხედვით.
ერთ-ერთი მათგანია 800-მეტრიანი ზიპლაინი, რომელიც კურორტზე მთებიდან ეშვება და ულამაზესი ხედები იშლება. აქ ასევე შეხვდებით სასროლეთს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ბრიტანული აპარატურით და გაძლევთ საშუალებას 5 სხვადასხვა ლოკაციიდან 6 მიმართულებით ესროლოთ თეფშებს „ბერეტას“ ტიპის იარაღებიდან. ეს განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ნადირობა უყვარს. აქ ასევე შესაძლებელია მიზანში სროლის სწავლა, რაც ძალიან საინტერესო პროცესია. გართობის კიდევ ერთი საუკეთესო საშუალებაა „თოკების ქალაქი“, რომელიც საკმაოდ ექსტრემალური, ძალიან სახალისო გასართობია და იდეალურია კორპორაციული შეჯიბრებებისთვის.
გარდა სხვადასხვა აქტივობისა, კურორტზე ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ივენთები, რათა დამსვენებლების განწყობა მაქსიმალურად ამაღლდეს.
რესტორანი და საცხობი
კურორტზე წარმოდგენილია რესტორანი, რომელიც 250 ადამიანზეა გათვლილი და მზად არის საკუთარ თავზე აიღოს დიდი დაბადების დღეების, ქორწილებისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება. აქ ასევე მუშაობს საცხობი, სადაც სხვადასხვა ევროპული სტანდარტის პური და ფუნთუშეული ცხვება, ამ საცხობთან ახლოს კი მდებარეობს კაფე, სადაც დამსვენებელს შეუძლია დილა უგემრიელესი საუზმით დაიწყოს.
კურორტი გამოირჩევა იმით, რომ ყოველდღიურად ვითარდება და თითოეული ვიზიტის შემდეგ ცვლილებები და სიახლეები იგრძნობა. საირმე ორიენტირებულია თითოეული დამსვენებლის კომფორტზე და სრულ რელაქსაციაზე. ახლა კი სწორედ ის დროა, დაგეგმოთ თქვენი შვებულება და მთელი წლის დაღლილობა და სტრესი მოიხსნათ.
წამოგვყევით კურორტ საირმეში და დააგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები. ეს შანსი თქვენთვისაა.