ზაფხულის ცხელ დღეებში, ჟურნალი OK! დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, საინტერესო მოგზაურობას გპირდებათ! თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალ მანძილზე, მანგლისში, ალგეთის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი ეკოტურისტული ატრაქცია − „თოკების პარკი“ მოაწყო, რომელიც ვიზიტორებს დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს.
ალგეთის ეროვნული პარკი საუკეთესო ტერიტორიაა მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.
მდინარე ალგეთის ხეობისა და შერეული ტყით დაფარული მთების ხედების ნახვასთან ერთად, მოინახულებთ დაშბაშის, ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს, ესტუმრებით კლდეკარის ციხესიმაგრეს.
ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1965 წელს აღმოსავლეთის ნაძვისა და კავკასიური სოჭის გავრცელების სამხრეთ-აღმოსავლეთით არეალის საზღვრის დაცვის მიზნით შეიქმნა.
ალგეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა ვიზიტორთა ცენტრიდან უნდა დაიწყოთ, რომელიც დაბა მანგლისში მდებარეობს. ვიზიტორთა ცენტრში ამომწურავ ინფორმაციას და რჩევებს მიიღებთ დაცული ტერიტორიების შესახებ. სწორედ ვიზიტორთა ცენტრის ეზოშია განლაგებული „თოკების პარკი“, რომელიც ბუნებაში არსებული შემეცნებით-გასართობი ადგილია. მოწყობილია 2 ზონა − საოჯახო და მოზარდთათვის, რომლებიც შესაბამისად 10 და 14 სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს. შესაბამისად, ვიზიტორთა ცენტრიდან გაუსვლელადაც კი შეგიძლიათ, ბუნებაში დროის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარება.
ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ უხვადაა უძველესი და შუა საუკუნეების ისტორიულ-კულტურული ძეგლები. განსაკუთრებულად მიმზიდველია:
• დაშბაშის კანიონი
• სამშვილდის კანიონი
• ბირთვისის კანიონი
ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ამჟამად ხუთი ეკოტურისტული მარშრუტია, საცხენოსნო და საფეხმავლო. მათგან მხოლოდ ერთი ტურისტული ბილიკია მარკირებული, ხოლო დანარჩენი ბილიკი − ტრადიციული სარგებლობის.
„სამეფო ქედი“. საშუალო სირთულის, 16 კმ-იანი წრიული მარშრუტი იწყება დაბა მანგლისიდან და სოფ. დიდ ნამტვრიანამდე გრძელდება. ბილიკზე არსებული გადმოსახედი ადგილებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები. ბილიკზე გავლისას შესაძლოა შეგვხვდეს შველი, კურდღელი, გარეული ღორი და რამდენიმე სახეობის გარეული ფრინველი.
ეროვნული პარკის ტერიტორია მდებარეობს ზღვის დონიდან 1100-1950 მ-ზე და გამოირჩევა ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. ალგეთის ეროვნულ პარკში გვხვდება 900-წლოვანი მაღალი მთის მუხა, ეგრეთ წოდებული „პატრიარქი მუხა“.