17 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ და „ჩექ ინ ჯორჯია“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების საღამოს წარმოგიდგენთ. „ბლექ სი არენას“ მსმენელი კახიძეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციებს ორ განყოფილებად მოისმენს. კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები. ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის მოღვაწეობას კინოსა და თეატრისათვის, რომლისთვისაც მან არაერთი შესანიშნავი სიმღერა შექმნა. ჯანსუღ კახიძემ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ხალხურ ინტონაციას ესტრადისათვის მანამდე არნახული ფუნქცია მოუნახა, რაც ბრწყინვალედააა წარმოჩენილი იმ საკონცერტო პროგრამაში, რომელიც ვახტანგ კახიძემ თბილისის სიმფონიური ორკესტრისათვის განახლებული საორკესტრო არანჟირებებით წარმოადგინა. კონცერტის მეორე განყოფილებაში კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები აჟღერდება. ავტორი კი არა მხოლოდ დირიჟორობს კონცერტს, არამედ თავადაც ასრულებს თავის სიმღერებს, ახალგაზრდა სოლისტებთან ერთად.
კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის, ვახტანგ კახიძის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, წარმოდგენილ პროგრამაში სხვადასხვა წელს შექმნილი მისი ყველაზე პოპულარული მუსიკა სრულდება. მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე (ვოკალი, დირიჟორი, კლავიშებიანი ინსტრუმენტები), მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი. კონცერტის ქრონომეტრაჟი: 2 საათი ბილეთების გაყიდვა დაიწყება 4 ივლისიდან, tkt.ge-სა და biletebi.ge-ს საშუალებით. ფასი: 20-50 ლარი, ვიპზონა - 80 ლარი.
„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Vanesa Mae, CeeLo Green და Eric Benet-ს უმასპინძლა. ამის პარალელურად „ბლექ სი არენა“ სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს და ცდილობს ქართული კულტურული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. 30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს და მისი ტექნიკური მონაცემები სხავდასხვა ტიპის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა.ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. მოძრავი სცენა 638 კვადრატული მეტრია (36m X 18m) და დარბაზის ნებისმიერი წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.